ჩელსიში რაღაც ხდება

AutoSharing Option


„ჩელსიმ“ „ნიუკასლს“ ვერ მოუგო (1:1), პრემიერლიგის ცხრილში პირველი პოზიცია დათმო და, შედეგად, მის მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის კიდევ უფრო დიდი კრიტიკა და ზეწოლა დაატყდა თავს. თამაშის წინ, ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმები, რომ „ლურჯების“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი იტალიელს სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ ახლანდელი თავკაცით პეპ გვარდიოლათი უპირებს შეცვლას. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე კლუბმა პრესაში გავრცელებული ხმები მყისვე უარყო, მაგრამ „ჩელსიმ“ ისევ ვერ მოიგო, რამაც საზოგადოებას გაუძლიერა ეჭვი, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ რაღაც აირია.
ნიუკასლში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - „კაჭკაჭთა“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა ენდი ქეროლმა თამაშის

დასაწყისშივე მიაღწია წარმატებას. სტუმრები სალომონ კალუმ იხსნა, მაგრამ ამაზე მეტს დასავლეთ ლონდონელებმა ვეღარაფერს მიაღწიეს. მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ თქვა:

„ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში ცუდად დავიწყეთ, მეტოქეს გოლი მეტისმეტად იოლად გავატანინეთ, შემდეგ, გონს მოსაგებად დრო დიდი დრო დაგვჭირდა და სახიფათო მომენტებიც ვერ შევქმენით იმდენი, რამდენიც ამ მდგომარეობაში ჩავარდნილმა გუნდმა უნდა შექმნას“.

„ჩელსი“, სხვათაშორის, ბუნებამაც დაჩაგრა: ინგლისში დიდთოვლობაა, რის გამოც ნიუკასლიდან ლონდონის მიმართულებით ფრენები გადაიდო და გუნდი იძულებული გახდა 397 კილომეტრი ავტობუსით გაევლო.

მაგრამ, მთავარი, რასაკვირველია, იმის გარკვევაა თუ რა ხდება დასავლეთ ლონდონის კლუბში. ზემოთ ვახსენეთ, რომ ნიუკასლში თამაშის წინ მას-მედიაში ანჩელოტის შეცვლასთან დაკავშირებული ცნობები გამოჩნდა. დაიწერა, რომ გასულ სეზონში დუბლის შემოქმედი იტალიელი მწვრთნელი „სტემფორდ ბრიჯზე“ მთლად მარტო რჩება, რადგან სეზონის ბოლოს კონტრაქტი უთავდება საფეხბურთო საქმეთა დირექტორს, დანიელ ფრენკი არნესენს, რომელმაც აბრამოვიჩს განუცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებას აღარ გაუფორმებს. შეგახსენებთ, რომ არნესენის მოვალეობა გუნდში ახლგაზრდა ფეხბურთელების მოზიდვა იყო, რასაც ის წარმატებით ართმევდა თავს – ანჩელოტი დიდ გუნდში სწორედ ყოფილი დანიელი ვარსკვლავის მიყვანის მოთამაშეებს ამკვიდრებდა. ახლა, 54 წლის არნესენის ნიჭი და უნარი „იყიდება“ და მისი „ყიდვა“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილას“ სურთ.
ერთი სიტყვით, „ჩელსიში“ უცნაური ამბები გრძელდება. ჯერ იყო და ანჩელოტის დაუკითხავად მისი ასისტენტი, გუნდში ფრიად პოპულარული ადამიანი რეი უილკინსი გააგდეს, ახლა არნესენი გარბის... არნესენში „ჩელსიმ“ 2005 წელს „ტოტენჰემს“ 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ის, რომ დასავლეთ ლონდონელებმა გასულ სეზონში ფეხბურთის ასოციაციის ყმაწვილთა თასი მოიგეს – 49 წელიწადში პირველად – რასაკვირველია, სწორედ დანიელის დამსახურება გახლდათ...
თუმცა, ანჩელოტი პრესკონფერენციებზე ჯერ საქმის გამწვავებას არ აპირებს და ცდილობს ოპტიმისტად გამოჩნდეს. ის ამბობს, რომ
„ლურჯებს“ სულ მალე ფრენკ ლემპარდი და ჯონ ტერი დაუბრუნდებიან, რის მერეც გუნდი სულ სხვანაირად ათამაშდება:
„შემდეგ კვირაში ლემპარდი და ტერი უკვე გუნდთან ერთად დაიწყებენ ვარჯიშს. მე მათ ექვსი-შვიდი დღე დავაკვირდები და გადავწყვეტ ვათამაშებ თუ არა „ევერტონთან“. ვფიქრობ, „ევერტონთან“ თამაშის შანსი უფრო ტერის აქვს ვიდრე ლემპარდს. ეს ორი კაცი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ კი არ არის, რომ კარგი ფეხბურთელები არიან, არამედ მათ მტკიცე ხასიათი აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული