მწვრთნელი მწვრთნელის ტყავს არ დახევს

AutoSharing Option

ეს რა უიღბლო კაცი გამოვდექიო, - დაახლოებით ასე აღმოხდა „ლივერპულის“ მწვრთნელს როი ჰოჯსონს მას მერე, რაც „ტოტენჰემთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე ჯეიმი კარაგერი სერიოზულად დაუშავდა, აარონ ლენონმა კი გადამწყვეტი გოლი გაუტანა და სამივე ქულა მოწინააღმდეგემ წაიღო. ვეტერანმა მცველმა „უათ ჰართ ლეინზე“ გამართული მატჩის (ეს იყო მისი 450-ე თამაში პრემიერლიგაში) ბოლო მიწურულს მხარი ამოიგდო, რის მკურნალობასაც უკეთეს შემთხვევაში ერთი თვე დასჭირდება. ამრიგად, კარაგერი „წითლების პალატაში“ სტივენ ჯერარდს, დანიელ აგერს და ჯო კოულს შეუერთდა.

ამ მომენტისთვის ანგარიში 1:1 იყო - მარტინ შკრტელმა გოლის

გატანა ორივე კარში მოახერხა - კარაგერის გასვლის შემდეგ კი „სფურზმა“, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გოლიც შეაგდო. და ამას რა დაემატა თუ იცით? გაირკვა, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ლივერპული“ სტუმრად უნდა შეხვდეს „მანჩესტერ იუნაიტედს“.

ჰოჯსონმა თქვა: „ძალიან ძნელია შეეგუო, რომ თილისმას, სახელოვან ცენტრალურ მცველს კარგავ, რის მერეც უბრალო ჩაკიდებას ვეღარაფერს უხერხებ და მარცხდები. დამარცხება კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ცხრილში სამი ქულა დაგაკლდა - „უაით ჰართ ლეინიდან“ ხელმოცარული ვბრუნდებით“.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ჯეიმი კარაგერის მკურნალობას შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელება შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია გარდუვალია, შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა სამ თვემდეც გაგრძელდეს. ჰოჯსონმა დასძინა:

„კარაგერის ტრავმა სერიოზულია. მისი არყოფნით ჩვენ მოედანზე ლიდერი დაგვაკლდება. თან, დანიელ აგერი ჯერ კიდევ დაშავებული გვყავს და საერთოდაც, ცენტრალური მცველების პრობლემა გვაქვს. სტივენ ჯერარდიც უდროო დროს დაგვიშავდა... მაგრამ, ჯერარდი გამოჯანმრთელების გზაზეა, აგერის საქმე ასე კარგად არ მიდის. ახლა ჯეიმიც დაემატა...
მართალია, შესაძლოა სხვა გუნდებს დაშავებული მეტი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ერთი და იმავე პოზიციის ხალხი დაგვიშავდა“.

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში ფერნანდო ტორესმა, რომელმაც ვერა და ვერ აღიდგინა ოდინდელი ფორმა, ორი საუცხოო მომენტი გაუშვა ხელიდან, მაგრამ ჰოჯსონმა წაგებაში ბრალი მას არ დასდო:

„ფერნანდო ტორესით კმაყოფილი ვარ. ის თანდათანობით აუმჯობესებს თამაშს. სწორედ მისი კარგი თამაშის გამო შეიქმნა ლონდონელთა კართან დღეს ორი სახიფათო მომენტი და გოლი რომ ვერ გავიდა, დარწმუნებული ვარ ამას თავად ფერნანდო განიცდის ყველაზე მეტად“.

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ კაპიტანს უილიამ გალასს კი ამ დღეს თავისი გუნდის საბრძოლო სულისკვეთება მოეწონა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე ჰარი რედნაპის გუნდმა „არსენალთანაც“ განსაკუთრებული თვისებები გამოამჟღავნა - 2:0-ს აგებდა და 3:2 მოიგო. თან, „ლივერპულთან“ შეხვედრაში ჯერმაინ დეფომ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ „დეზები“ ამის გამო არ გატყდნენ.

გალასმა თქვა: „ძნელი თამაში იყო, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი მაინც გააკეთეთ. „ლივერპულთან“ გამარჯვებას დიდი ბრძოლა სჭირდებოდა. ეს, პრემიერლიგაა, სადაც იოლად არაფერი მოდის. ჩვენ დავამტკიცეთ რისი შემძლენიც ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

მე „სფურზში“ კარგი ფეხბურთის სათამაშოდ გადმოვედი. ძალიან მიხარია, რომ ვიმარჯვებთ. ჩვენ საუცხოო საბრძოლო სულისკვეთება გვაქვს და დიდებული მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებული. ახლა მთავარია ვირწმუნოთ, რომ ბევრის მიღწევა შეგვიძლია და ასე თამაში გავნაგრძოთ“.

ჰარი რედნაპიც ძალიან კმაყოფილი დარჩა, თუმცა უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩენილიყო? მან თქვა:

„ფანტასტიკური თამაში იყო. ჩვენ თავიდანვე საუცხოოდ დავიწყეთ. „ლივერპულმაც“ დიდებულად ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ხიფათს ქმნიდა ჩვენს კართან. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ჩვენ სიმწყობრე დაგვერღვა, მაგრამ, შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ“.

დაბოლოს, როი ჰოჯსონმა ჰარი რედნაპს წარმატებული სვლის გაგრძელება და ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელობა უსურვა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ერთერთი უმთავრესი კანდიდატი ჰარი იქნება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან, ინგლისში ნაკრების თავკაცობა უმაღლესი ამბიციაა. დღეს მას კარგი შედეგები აქვს, მაგრამ მთავარი იქნება ის, თუ როგორ შედეგებს აჩვენებს იმ დროს, როდესაც ნაკრების თავკაცის შერჩევას დაიწყებენ“.

რედნაპმა ჰოჯსონს საპასუხო ქათინაური უთხრა: „როის კარიერაში წარმატებები ჰქონია და ხალხიც მისგან ყოველწამს იგივეს ითხოვს. ახალა, ის კვლავ მუშაობის ეშხში შედის და „ლივერპულში“ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. მის ხელში მერსისაიდელები ნამდვილ ძალად იქცევიან“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული