თუ პუტინი არ ჩავა

AutoSharing Option

ინგლისელთა შანსი მოიპოვონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უეცრად კვლავ გაიზარდა - გეხსომებათ, BBC-მ გადაცემა „პანორამაში“ გაშვებული ჟურნალისტური გამოძიებით საკუთარ ქვეყანას საქმე კინაღამ გაუფუჭა. „პანორამამ“ ფიფას აღმასკომის ორ მოქმედ წევრს, ჯეკ უორნერსა და ისა ჰაიატუს ბრალი მექრთამეობაში დასდო. გადაცემამ, თითქოს, კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა, მაგრამ... ამ დღეს ინგლისელთათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამხილეს თუ არა ფულის აღებაში საერთაშორისო ორგანიზაციის ორი დიდმოხელე. მათთვის მთავარი ის იყო, რომ გადაცემიდან ორიოდ დღეში, ციურიხში, ამ ორგანიზაციას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნ

და დაესახელებინა და კენჭისყრაში მონაწილეობას უორნერი და ჰაიატუც იღებდნენ. ერთი სიტყვით, როდესაც კაცისგან რაღაც გინდა - ხსენებული ჩინოვნიკები კი, როგორც ირკვევა, კენჭისყრაზე ინგლისს ჰპირდებოდნენ მხადაჭერას - იგი არ უნდა გალანძღო, მით უფრო, მნიშვნელოვან თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე. ინგლისელთათვის სამწუხაროდ კი მათ, თავიანთი ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიის შეფებს ეს ვერ გააგებინეს და... როგორც ირკვევა არც არაფერი წააგეს.

ინგლისიდან შვეიცარიაში გამგზავრებულ ოფიციალურ დელეგაციას სამი კაცი ხელმძღვანელობს: ბრიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, პრინცი უილიამი და დევიდ ბექჰემი, რომელთაც, როგორც ირკვევა, ჯეკ უორნერისა და ისა ჰაიატუსგან მიიღეს გარანტია, რომ ისინი „პანორამაში“ ნათქვამს ყურადღებას არ მიქცევენ და ხმას კვლავ ინგლისის პროექტს დაუჭერენ. თან, არ არის გამორიცხული, რომ ფიფაზე ინგლისელთა დელეგაციის მაღალი დონეც მოქმედებს. კულუარებიდან გამოვიდა ხმა, რომ ბრიტანელთა მთავარი კონკურენტი, რუსეთი, სწორედ დელეგაციით აგებს. დევიდ ქემერონის რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი ხომ კენჭისყრაზე ჩასვლას არ აპირებს, რაც მისი სახელმწიფოსგან მსოფლიოს ჩემპიონატისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კრემლშიც კი გადარეკეს და იქაური პრეს-მდივნისგან გაიგეს, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ამ კვირაში სხვა (სავარაუდოდ უფრო მნიშვნელოვანი) საქმეები ჰქონია - კალინინგრადში ყოფილა წასასვლელი.

თუმცა, დავუბრუნდეთ ინგლისელთა დელეგაციასა და ჰაიატუს, რომელიც BBC-ს სასამართლოში უჩივის. მასზე „პანორამაში“ ითქვა, რომ აწ გაკოტრებული კომპანია ISL-გან 10 ათასი ფუნტი ქრთამად მიიღო, რასაც აფრიკის კონფედერაცისს პრეზიდენტი აპროტესტებს, თუმცა ამბობს:

„ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემს „პანორამასადმი“ და ინგლისის პროექტისადმი დამოკიდებულებას შორის. მსოფლიოს ჩემპიონატის საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია მაქვს. რაც შეეხება თანხას, რომელიც BBC-ს გადაცემაში დაასახელეს, ის ჩემთვის არ იყო. განკუთვნილი. ეს გახლდათ ფული, რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ერთ-ერთმა სპონსორმა კომპანიამ კონფედერაციის 40 წლისთავზე გადმოგვირიცხა. დიახ, 16 წლის წინ IშL-მა ეს თანხა მე კი არა, კონფედერაციას მისცა და ამის დამტკიცება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“.

რაც შეეხება უორნერს, მასზე „პანორამამ“ თქვა, რომ ეს კაცი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ბილეთების „შავ ბაზარზე“ გატანას ხელმძღვანელობდა. იგი პრემიერ-მინისტრ ქემერონს ნახევარი საათით შეხვდა და შეხვედრიდან გამოსულმა თქვა:

„საუბრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბატონი ქემერონი ძალიან კონსტრუქციული ადამიანი ბრძანებულა. ის აშკარად ერკვევა ფეხბურთში... განა მხოლოდ პროექტსა და მსოფლიოს ჩემპიონობის მნიშვნელოვნებაში, არამედ ზოგადად ფეხბურთში. ის გულშემატკივარია. რაც შეეხება „პანორამას“, ამ გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი მაინტერესებს“.

დევიდ ქემერონმა დღე ფიფას პრეზიდენტთან ზეპ ბლატერთან შეხვედრით დაიწყო, სადაც „პანორამას“ ამბავი, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ. საბოლოოდ ბრიტანეთის პრემიერმა ყველა მოლაპარაკებაში წარმატებას მიაღწია და ინგლისელთა პროექტი ლიდერის პოზიციაზე დააბრუნა.

დაბოლოს, არ შეიძლება საგანგებოდ არ აღვნიშნოთ ის, რაც ინგლისურმა მას-მედიამ შეამჩნია: ციურიხში, ინგლისის დელეგაციისა და მათი ხელმძღვანელების თათბირი გაიმართა არცთუ მდიდრულ სასტუმრო „შტაიგენბერგერში“ - სხვა სიტყვებით, პრემიერმა და პრინცმა საკუთარ გუნდთან სალაპარაკოდ მათთან მისვლა არ ითაკილეს. ეს ჩვენი ერთსულოვნების ნიმუშიაო, წერენ გაზეთები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული