მანჩესტერი დაარბიეს

AutoSharing Option

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ქარლინგის თასზე“ შეურაცხყვეს - აი, ასეთი წინადადება ამოვიკითხეთ ერთ-ერთ ინგლისურ ტაბლოიდში, სადაც აღწერილი იყო როგორ მოუგო „ვესტ ჰემმა“  პრემიერლიგის ლიდერს 4:0 და ხაზგასმით ეწერა, რომ ოთხიდან ორი გოლის ავტორი, 24 წლის ამერიკელი ჯონათან სპექტორი, ოთხი წლის წინ სერ ალექს ფერგიუსონმა „იუნაიტედიდან“ გააგდო, დაიწუნა. სპექტორის მსგავსად ორი გოლი გაიტანა კარლტონ კოულმაც. მატჩის შემდეგ ასეთი მარცხით გაწბილებულმა ფერგიუსონმა თქვა:

„ასეთ დამარცხებას, რასაკვირველია, არ ველოდი. ჩვენს კარში მეტისმეტად უბრალო გოლები გავიდა. მოწინააღმდეგეს ასე არ უნდა გაუხსნა ხელ-ფეხი. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელები

ვათამაშე და იმედი მაქვს, რომ მწარე წაგება კარგ გაკვეთილად გამოადგებათ. მეორე მხრივ კი საწყენია მეოთხედფინალიდან რომ გამოვვარდით - გამარჯვების შემთხვევაში მიზანთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით. შეგვეძლო „ქარლინგის თასი“ კვლავ მოგვეგო“.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა შეჯიბრებაში ერთად 29 თამაში არ წაეგო და პრემიერლიგის აუტსაიდერთან მარცხს ნამდვილად არ ელოდა. თან, სპექტორი, რომელმაც მანჩესტერელებს პირველი ორი გოლი გაუტანა, მცველია, რომელიც „ვესტ ჰემის“ თავკაცმა ავრამ გრანტმა ამ სეზონში სულ მეორედ ათამაშა ძირითად შემადგენლობაში. იმ დღეს გრანტს იგი ნახევარდაცვაში დასჭირდა. როგორც ხედავთ, ამ ტაქტიკურმა გადაადგილებამ გაამართლა. მატჩის შემდეგ „ჩაქუჩთა“ თავკაცმა თქვა:

„დაუჯერებელ შედეგს მივაღწიეთ. ქვეყნის საუკეთესო გუნდთან ასე თამაშსა და ოთხი უპასუხო გოლის გატანას ბიჭებს ვერც დავავალებდი. ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. გამარჯვებას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი“.

საინტერესოა, რომ რაც ამერიკიდან ინგლისში გადაბარგდა, სპექტორს 128 შეხვედრაში ერთი გოლიც კი არ გაეტანა. „იუნაიტედთან“ გაბრწყინების შემდეგ მან თქვა:

„არც კი მჯერა, აქამდე გოლი რომ ვერ გამქონდა. ამ მხრივ, დღეს, ჩემთვის პოზიციის შეცვლამ ძალიან კარგი როლი ითამაშა. ნახევარდაცვაში გადასვლამ მოწინააღმდეგის კარს მიმაახლოვა. პირველ გოლში დიდი წვლილი ვიქტორ ობინამ შეიტანა, მან შესანიშნავი პასი მომაწოდა. მეორეც ვიქტორის დახმარებით გავიტანე, უბრალოდ, იმ ეპიზოდში თავად ვიქტორს არ გაუმართლა, დარტყმა ვერ მოახერხა და მისი დაკარგული ბურთი მე ვიხელთე. ამ შეხვედრაში ფავორიტად, რასაკვირველია,  „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითვლებოდა, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ ერთსულოვნება გამოგვეჩინა და, როგორც ხედავთ, შედეგსაც მივაღწიეთ“.

სხვათაშორის, გოლების სიუხვით ვერც კოული დაიკვეხნიდა. წინა 18 შეხვედრაში მას მხოლოდ ერთი ჰქონდა გატანილი.

„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი წარმატება უკეთ თამაშისკენ მიბიძგებს“ - თქვა 27 წლის თავდამსხელმა.

„ქარლინგის თასზე“ ამ დღეს კიდევ ერთი თამაში ჩატარდა - „არსენალმა“ „უიგანს“ 2:0 მოუგო. აქ, უპირატესობა თავიდანვე „მეთოფეთა“ მხარეს იყო და სანამ ანტონინ ალკარასი საკუთარ კარში შეაგდებდა მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მეორე ტაიმში ნიკლას ბენდტნერმა ერთიც გაიტანა.

„ხომ ხედავთ, როგორი სეზონია" - თქვა მატჩის შემდეგ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა - "პრემიერლიგაში ეს უკვე ბევრჯერ გამოჩნდა და აი, „ქარლინგის თასმა“ კიდევ ერთი მაგალითი გვაჩვენა. ის, რაც დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემართა, ყველას შეიძლება შეემთხვას, „ჩელსისაც“ და ჩვენც. ძალიან კარგია ნახევარფინალში რომ გავედით, მაგრამ თასის მოგების არანაირი გარანტია არ გვაქვს. თუ წარმატება გვინდა ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში თავდადებით უნდა ვითამაშოთ“.

რასაკვირველია, „ქარლინგის თასზე“ ვენგერმაც შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. გუნდში გამოჩნდნენ რობინ ვან პერსი, თეო უოლკოტი და ზემოხსენებული ბენდტნერი. ვან პერსისთვის ეს აგვისტოს მერე პირველი გამოჩენა იყო მოედანზე.

„რობინმა ჩვეულებისამებრ მაღალი კლასი გამოავლინა, თუმცა ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია და პრაქტიკა სჭირდება. დღეს მან მოედანზე 70 წუთი დაჰყო. იმედი მაქვს ეს დატვირთვა მტკივნეულ ადგილს არ გაუღიზიანებს. თუ დავინახავთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, დატვირთვებს მოვუმატებთ“.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული