"არსენალი"-"იუნაიტედი": დაცვას არა უშავდა [VIDEO]

AutoSharing Option
"ემირეიტსზე" ნათამაშები ფრის შემდეგ დევიდ მოიესის გასაკრიტიკებლად ენა არავის უნდა მოუბრუნდეს. "იუნაიტედმა" ცხრილის მეორეადგილოსანს ცხარე ბრძოლა გაუმართა და ალალად დაიმსახურა ქულა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა, მანჩესტერელთა დაცვა საკუთარ მოვალეობებს, ძირითადად, მშვიდად ასრულებდა. მან გააფთრებულ "მეთოფეებს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. არ ვამტკიცებთ, რომ შეცდომები არ იყო.

იყო და მერე როგორი. ყველაზე სუსტად კაპიტანი ნემანია ვიდიჩი გამოიყურებოდა. სერბმა ოლივიე ჟირუსთან თითქმის ყველა ორთაბრძოლა წააგო, მაგრამ ფრანგს ამ საღამოს, უბრალოდ, არ უმართლებდა. ვიდიჩის შეცდომის შემდეგ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი ლორენ კოშელნისაც. ბოლო 4.5 თვის
განმავლობაში მეორედ გამოჩნდა პრემიერლიგაში რიო ფერდინანდი, ვისაც ხანგრძლივი პაუზა, პრაქტიკულად, არ ეტყობოდა.

შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა აუღელვებლად ითამაშა. საუკეთესო შანსი გასატანად რობინ ვან პერსის შესვენების შემდეგ მიეცა, თუმცა ვოიცეხ შჩესნიმ ახლო კუთხეში თავურით დარტყმული აკრობატულ ნახტომში ცალი ხელით მოიგერია. ოსტატობის დემონსტრირება დასჭირდა დავიდ დე ხეასაც. ესპანელმა ორჯერ გაანეიტრალა სანტი კასორლას დარტყმები.

არსენ ვენგერი (არსენალი): "იმის გათვალისწინებით, რამხელა უპირატესობასაც ვფლობდით, თამამად ვიტყვი, რომ დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბევრი საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია, თუმცა რაც მოვახერხეთ, ისიც ვერ გამოვიყენეთ. "იუნაიტედი", ტრადიციულად, სახიფათო იყო კონტრშეტევებზე. ეს არც არის გასაკვირი, როცა შემადგენლობაში მატა, ვან პერსი და იანუზაი გყავს.

კარგი იყო, რომ ლივერპულში განცდილი შოკის შემდეგ ჩვენმა უკანა ხაზმა მაქსიმალურად კონცენტრირებულმა ითამაშა. გული მწყდება, რომ ორი ქულა გავანიავეთ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დავკარგეთ. ეს ერთი ქულა კი ჯერ კიდევ გვიტოვებს შანსს, რომ საჩემპიონო რბოლაში დავრჩეთ. ორი უმძიმესი შეხვედრის შემდეგ მომდევნო ტურებიდანვე შევეცდებით, რომ წარმატებული სვლა განვაგრძოთ".


დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ურთულესი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. ჩემი აზრით, დღეს საკმაოდ კომპაქტურად ვითამაშეთ. მეტოქის მრისხანე შეტევების ფონზე განსაკუთრებით კონცენტრირებული მომეჩვენა დაცვა. შემიძლია ვთქვა, რომ, საერთო ჯამში, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ "იუნაიტედი" მოედანზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გადიოდეს-მეთქი. დღეს ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და მიზნისთვის რომ მიგვეღწია, ბედნიერი ვიქნებოდი, თუმცა უკმაყოფილების საფუძველიც არ მაქვს. ჩემპიონატში "არსენალთან" ოთხი ქულა ავიღეთ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ახლა რამდენიმე დღით დუბაიში გავემგზავრებით, სადაც ვარჯიშითაც ვივარჯიშებთ და დავისვენებთ კიდეც".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული