როი კინის ბევრი სიხარული

AutoSharing Option

ოთხშაბათს, „ქარლინგის თასზე“ კიდევ ორი თამაში გაიმართა. ბირმინგემული დერბი ქალაქის სეხნია გუნდის გამარჯვებით დასრულდა, „იფსვიჩმა“ კი 1:0 დაამარცხა „ვესტ ბრომვიჩი“. მეორე შეხვედრის ანგარიში ყურადსაღები იმიტომაა, რომ „ჩემპიონატის“ გუნდმა პრემიერლიგისას მოუგო, თუმცა მანამდე, მოდი ბირმინგემულ დერბიზე ვთქვათ, სადაც, მოგეხსენებათ, თამაშის ბოლოს დიდი აყალ-მაყალი ატყდა, რასაც დღევანდელ „ლელოში“ სხვა წერილით ვეხმიანებით.

ამრიგად, „ბირმინგემმა“ ნიკოლა ჟიგიჩის მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით „ასტონ ვილას“ სძლია და ბოლო ცხრა წელიწადში პირველად გავიდა „ქარლინგის თასის“ ნახევრფინალში. ანგარიში მასპინძლებმა მე-12 წუთზე პენალტით გახსნეს: ქემერონ ჯერომმა ბურთი ლი

ბოიერს გადააწოდა, ის კი „ვილას“ კაპიტანმა რიჩარდ დანიმ წააქცია, რისთვისაც პენალტი დაინიშნა. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის ნიშნულიდან შვედმა ნახევარმცველმა სებასტიან ლარსონმა შეაგდო. სხვათაშორის, „ბირმინგემს“ ანგარიშის გაზრდა მალევე, 23-ე წუთზე შეეძლო – ლარსონმა სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვებულ ჟიგიჩს დაბალი პასი მიაწოდა, მაგრამ სერბმა ბურთი ოსტატურად ვერ გააჩერა და შანსი ხელიდან გაუშვა. აი, ამის შემდეგ, მასპინძლებმა თითქოს მართლა გაიტანეს – გამეორებეზეც გამოჩნდა, რომ უკვე რამდენჯერმე ხსენებული ჟიგიჩის დარტყმულმა კარის ხაზი უფრო გადაკვეთა ვიდრე არა, მაგრამ ერთ-ერთმა თანამსაჯმა გოლის ჩათვლა იუარა. „ვილასთვის“ ასე იღბლიანი ათწუთიანი მინაკვეთი კი ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა. გებრიელ აგბონლაჰორმა დაბალი დარტყმა-პასით გაქვითა.

შემდეგ, ისევ „ბირმინგემს“ უნდა გაეტანა: ჯერომი მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ შორეულ ძელთან ააცილა მიზანს. თამაშის ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, თუმცა, როგორც გითხარით, გამარჯვების გოლი ჟიგიჩმა შეაგდო – საგოლე პასი კვლავ ჯერომმა ჩააწოდა.

ახლა კი, ორი სიტყვით, „იფსვიჩ“-„ვესტ ბრომვიჩის“ ამბავიც ვთქვათ. კრიტიკის წნეხქვეშ მყოფმა როი კინმა „ჩემპიონატის“ ცხრილში მე-17 ადგილზე მყოფი გუნდი „ქარლინგის“ თასის ნახევარფინალში გაიყვანა. მატჩის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა:

„მე დღეს ყველაზე გახარებული ვარ, რადგან ვიზიარებ როგორც ფეხბურთელების ასევე ფანების სიხარულს. პირადად ჩემს ემოციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - მე მწვრთნელი ვარ, მწვრთნელის ცხოვრება კი აღმასვლისა და ჩავარდნის მონაცვლეობაა. მთავარი ის არის, რომ აქამდე გულშემატკივრის იმედს ვერ ვამართლებდით, დღეს კი ჩვენი მხარდამჭერები ტრიბუნიდან მხიარულად ხმაურობდნენ და გვამხნევებდნენ. დიახ, ამწუთას მირჩევნია იმ 11-12 ათას ადამინაზე ვილაპარაკო, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ. იმედი მაქვს, ნახევარფინალში უფრო მეტი ადამიანი დაგვიჭერს მხარს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შემთხვევით კი არ გავიმარჯვეთ, არამედ სწრაფი, მაღალი ხარისხის ფეხბურთის წყალობით“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული