ჯონ ტერი ბოლო პერიოდში „ჩელსის“ თამაშებს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. მის გარეშე კი გუნდი ცუდად გამოდიოდა და პრემიერლიგის ცხრილში ლიდერის პოზიციაც დაკარგა. კაპიტნისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბარძაყის ნერვს მკურნალობდა, ეს ძნელი გადასატანი გამოდგა და აი, იგი „ევერტონთან“ შეხვედრაში მოედანს უბრუნდება. არადა, თავიდან, თურმე ეგონა, რომ ტრავმის გამო თვეების გაცდენა მოუხდებოდა - ეს ყველაფერი „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ითქვა.
„ჩელსის“ მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გასახარად, ტერის ქიროპრაქტიკის (ალტერნატიული მედიცინის ნაირსახეობაა) დოქტორმა ჟან-პიერ მერსემანმა საოცრად მოკლე დროში უშველა. თუმცა, მეორეცაა: შესაძლოა მერსემანს ასეთი
„ბოლო ტურებში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ პრემიერლიგას შთამბეჭდავად ვლიდერობდით. გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდებაც შთამბეჭდავი გვქონდა. დღეს, მდგომარეობა ჩვენს საზიანოდ არის შეცვლილი. ასეა, ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც ბედი არ გწყალობს და ის მუხლჩაუხრელი შრომით უნდა უნდა დაიბრუნო. „ჩელსი“ რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს წარმატების გზას. ბოლო თამაშებს თვალს ტრიბუნიდან ვადევნებდი და ვხედავდი, რომ სუსტად ვთამაშობდით როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ჩვენ სეზონი ისე ძლიერად დავიწყეთ და ისეთი მაღალი სტანდარტები დავსახეთ, რომ ამ სტანდარტებთან ნებისმიერი ჩამორჩენა ჩავარდნად აღიქმება“ - თქვა ტერიმ.
გარდა კაპიტნისა დასავლეთ ლონდონელებს მიკაელ ესიენიც უბრუნდებათ. განელ ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა ფეხის თითიც აწუხებდა და მოიშუშა. რაც შეეხება ნახევარდაცვის ლიდერსა და ვარსკვლავს ფრენკ ლემპარდს იგი 19 დეკემბერს პირდაპირ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სეზონის დაპირისპირებაში აპირებს ჩაბმას. „დეილი მეილთან“ ინტერვიუში ტერიმ თქვა:
„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ორ ან სამ ფეხბურთელს დავიბრუნებთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვივარჯიშე და არც ფრენკია ასეთი დატვირთვებისგან შორს. მიკაელს ამ ტურშივე ველით მოედანზე“.
ტერის დაბრუნება „ჩელსისთვის“ კიდევ იმიტომ არის დროული, რომ დაცვაში ფეხბურთელების მწვავე ნაკლებობა აღარ იქნება: ბრაზილიელ მცველს ალექსს ამ კვირაში, სამშობლოში მუხლის ოპერაცია გაუკეთეს და დაახლოებით ორთვიანი უქმობა ელის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში „სტემფორდ ბრიჯზე“ მოედანსმიღმა ამბებიც დატრიალდა. სამსახურიდან ანჩელოტის დაუკითხავად, მოულოდნელად გაუშვეს მისი ასისტენტი რეი უილკინსი, რასაც მოჰყვა ჭორები, რომ ცუდი შედეგების ფონზე თავად იტალიელ მწვრთნელსაც წყალი შეუდგა. ასახელებენ ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელსაც – რომან აბრამოვიჩს, თურმე, „ბარსელონას“ თავკაცის პეპ გვარდიოლას გადაბირება მოსდომებია. რასაკვირველია, ეს ამბავი ბარსელონაშიც შეიტყვეს და კატალონიელთა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა თავისი მწვრთნელისთვის ახალი ხელშეკრულების მომზადება დაიწყო. ამბობენ, როსელი გვარდიოლასთვის ხუთწლიანი თანამშრომლობის შეთავაზებას ფიქრობს, მაგრამ მწვრთნელი სამწლიანზე მეტს ხელს არ მოაწერსო.