ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჰარი რედნაპი ნაკრების ახლანდელი თავკაცის ფაბიო კაპელოს შემცვლელად დაიგულა და ეს ამბავი გამოაცხადა კიდეც, ოღონდ... მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ უცხოელ კონკურენტზე ძლიერი იქნება. კაპელო თანამდებობიდან 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის მერე მიდის. იტალიელის შემდეგ ასოციაციის შეფებს ეროვნული გუნდის სათავეში ინგლისელი კაცის ნახვა სურთ, ხოლო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ალექს ჰორნმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ „ინგლისელ კაცთაგან“ ყველაზე სასურველი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ დღევანდელი მენეჯერია. თუმცა, ამ ნათქვამს ჰორნმა ისეთი სიტყვებიც დაამატა, ინგლისელებს ძალიან რომ მოხვდათ ყურში – ჩვენი ამოცანა საუკეთესო კანდიდატის
კერძოდ, გენერალურმა მდივანმა ბრძანა: „ჰარი რედნაპი დიდი მწვრთნელია. „ტოტენჰემი“ ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში („ინტერი“, „ტვენტე“, „ვერდერი“ და „სფურზი“) გუნდი აუტსაიდერად ითვლებოდა, ის კი პლეიოფში გავიდა, ყველაფერი ნათელია. ვფიქრობ, ჰარი ჩვენს კანდიდატთა სიაში მოხვდება და ეს სია სულაც არ იქნება გრძელი“.
ინტერვიუში, რომელიც ჰორნმა რადიო BBჩ-ს მისცა, იგი ამბობს, რომ კაპელოს შემცვლელის ძებნა მომავალი წლიდან უკვე დაიწყება:
„ფაბიო თანამდებობაზე 2012 წლამდე რჩება, რაც საფუძვლიანი არჩევანის გასაკეთებლად 18-19 თვეს მაძლევს. არ იფიქროთ, რომ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკას მივსდევთ და გვნდა შემდეგი მწვრთნელი მაინდამაინც ინგლისელებიდან ავირჩიოთ. არა, მე არჩევანს პიროვნებებს შორის გავაკეთებ. მეტსაც გეტყვით, ეს ჯგუფის გადასაწყვეტიც კი არ არის.
როდესაც ფაბიო მოგვყავდა, დიდანს და საფუძვლიანად ვფიქრობდით, რის შედეგადაც სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ. რა კრიტერიუმებით შევარჩევთ კანდიდატებს, ამას შემდგომი წლის დასაწყისში შევიმუშავებთ. კრიტერიუმების განსაზღვრისას ყველას აზრს გავითვალისწინებთ“.
შემდეგ კი ჰორნი ინგლისელთა ახალი მწვრთნელის თემას გასცდა და ფიფა-ზე დაიწყო ლაპარაკი – გენერალური მდივანი წინა კვირას ციურიხში გახლდათ, სადაც ინგლისის დელეგაციის მწარე მარცხს დაესწრო. ფიფას აღმასკომმა ხომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს მისცა. ჰორნი მიიჩნევს, რომ დროა ფიფაში რეფორმები ჩატარდეს და მზადაა ამ საქმეში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა.
„ვფიქრობ, ცვლილებები მგრძნობიარე საკითხებს უნდა შეეხოს. შესაცვლელია კენჭისყრის სისტემა. უნდა შეიძლებოდეს შემოწმება ვინ ვის მისცა ხმა. მე ვაპირებ ფეხბურთში დასაქმებულ ავტორიტეტულ ხალხს ველაპარაკო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.
შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ ცხრავე კანდიდატი ციურიხის გადამწყვეტ კენჭისყრამდე ვერ მივიდეს. საამისოდ შესარჩევი რაუნდები იქნება შემოსაღები. შეიძლება, აგრეთვე, პროექტები მაინცდამაინც ერთ რომელიმე წელიწადზე არ აცხადებდნენ პრეტენზიას. ყოველ შემთხვევაში, იმით, რაც ჩემი თვალით ვნახე, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. რეფორმების საკითხს ფიფაში აუცილებლად წამოვჭრი“.