ვითომ, ყველაფერი იოლია?

AutoSharing Option

უცნაური ხმა დაირხა: „ნიუკასლის“ ახალი მწვრთნელი ჰოლანდიელი მარტინ იოლი იქნებაო. შეგახსენებთ, რომ იოლს ინგლისში უმუშავია – თავის დროზე „ტოტენჰემს“ ედგა სათავეში. სანამ ჰოლანდიელის კანდიდატურას დაასახელებნენ ამბობდნენ, რომ „კაჭკათა“ შეფობას ალან პერდიუს ჩააბარებდნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ „ნიუკასლის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს კრის ჰიუტონი, რის შემდეგაც გუნდი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

ფეხბურთელებს და ფანებს ჰიუტონის მოხსნა არ ესიამოვნათ, მათ პროტესტი გამოხატეს, კლუბის მეპატრონემ მაიკ ეშლიმ კი გადაწყვიტა, ყური არავის დაუგდოს და ახალი მწვრთნელის გამალებულ ძიებას შეუდგა. რატომ მოსწონდა ხალხს ასე ძალიან

ჰიუტონი? იმიტომ, რომ ამ სპეციალისტმა „კაჭკაჭები“ პრემიერლიგაში დააბრუნა, ხოლო ექვსი ტურის წინ მთავარი გამღიზიანებელი, „სანდერლენდი“ 5:1 გაანადგურა.

თავიდან, როდესაც ჰიუტონის მოხსნის ამბავი ქვეყანას მოედო, ტოტალიზატორებმა მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტად პერდიუ დაასახელეს, მაგრამ, მერე უცნაური ამბავი მოხდა - თითქოს განზრახო, ინგლისში ჰიუტონის გათავისუფლებას ჰოლანდიაში, „აიაქსიდან“ იოლის წამოსვლა მოჰყვა. მერე რა? დასაეჭვებელი ამბავია, რადგან ჰიუტონი „ტოტენჰემში“ იოლის ასისტენტი გახლდათ...

და მაინც, ვითომ, ეს ორი მოვლენა მართლა ურთიერთკავშირშია? ჰოლანდიელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ იოლს ყოველთვის სურდა პრემიერლიგაში დაბრუნება და თუ „ნიუკასლი“ სამსახურს შესთავაზებს სიამოვნებით დათანხმდება, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ „აიაქსის“ აწ უკვე ყოფილ თავკაცს გერმანული „ჰამბურგი“ ეპატიჟება. ცნობისთვის: „ჰამბურგი“ ის კლუბი გახლავთ, სადაც მარტინ იოლი 2008-2009 წლებში მუშაობდა, სწორედ ამსტერდამში გადასვლის წინ.
მაგრამ, ვინც არ უნდა შეიგულოს ეშლიმ, ფანების კრიტიკას ვერ აცდება. თვით ნიუკასლელთა ლეგენდის პიტერ ბერდსლის დანიშვნის იდეამაც კი ვერ მოალბო მათი გული. თან, ბერდსლის დანიშვნა აშკარად ხრიკი იყო, რადგან მასზე ამბობდნენ გუნდს დროებით გაუძღვებაო. ინტერნეტში კი მატულობს და მატულობს „ჯორდების“ (ასე ეძახიან ინგლისში იმ რეგიონის მაცხოვრებლებს სადაც ქალაქი ნიუკასლი მდებარეობს) რისხვა.

უკმაყოფილება ვერც 36 წლის მცველმა, საქვეყნოდ ცნობილმა სოლ კემპბელმა დამალა. ვეტერანმა, რომელიც ჰიუტონმა გასულ ზაფხულს შეიძინა, თქვა:

„რაღაც უაზრობა ხდება. ამ კაცმა გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა, ასეთი შედეგისთვის კი ნებისმიერ მწვრთნელს ახალი კონტრაქტით დააჯილდოვებდნენ, კრისს კი ჯეროვანი მადლობა ვერ გადაუხადეს. იმ დღეს, დილის ვარჯიშზე არც ერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა რა ჰქონდათ კლუბის ხელმძღვანელებს ჩაფიქრებული. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ამბავი ფეხბურთელებზე და მათ თამაშზე ცუდად იმოქმედებს. ფეხბურთელები მას ეთაყვანებოდნენ. ჰიუტონის სამსახურიდან გაშვება ყველას ეწყინა“.

თავად კრის ჰიუტონმა კი ასე თქვა: „მე ვამაყობ იმ შედეგებით, რომელთაც „ნიუკასლ იუნაიტედში“ მივაღწიე. საოცარი ურთერთობა მქონდა  ფეხბურთელებთან, კლუბის თანამშრომლებთან და ფანებთან. მინდა ამ ხალხს ჩემს გარეშეც დიდი წარმატებები ჰქონდეს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული