ტორესის არყოფნაში

AutoSharing Option

„ლივერპულის“ სათადარიგო თავდამსხმელებმა ფერნანდო ტორესის არყოფნაში მერსისაიდის გუნდს ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანეს და მის ოდინდელ მწვრთნელს, ფრანგ ჟერარ ულიეს „ენფილდ როუდზე“ დაბრუნება ჩაუმწარეს. ულიე, მოგეხსენებათ, ახლა „ასტონ ვილას“ თავკაცობს. ტორესი სადღა იყო? ესპანელი ფორვარდის მეუღლე ოლალა სამშობიაროში გააქცუნეს და მას ამხნევებდა.

ლივერპულელი თავდამსხმელები, რომლებმაც გოლები გაიტანეს დავიდ ნგოგი და რაიან ბაბელი გახლდნენ. მესამე არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსი როდრიგესმა შეაგდო. ამ გამარჯვების შემდეგ „წითლებს“ „ენფილდზე“ ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდათ.

პირდაპირ უნდა ითქვას: „ასტონ ვილამ“ მასპინძლები ვერაფრით შეაწუხა, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას,

რომ „ლივერპულმა“ არ ითამაშა კარგად. განსაკუთრებით რაულ მეირელეში გამოირჩეოდა, რომელიც დაშავებული სტივენ ჯერარდის არყოფნაში მოედნის ცენტრში თავი ყოჩად იგრძნო და მასში გადახდილ 11 მილიონ ფუნტს ამართლებს. საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცდებოდათ ზემოხსენებულ ნგოგსა და ბაბელსაც, თუმცა, მათ „კარგი ბიჭობა“, რასაკვირველია უფრო ძლიერ მეტოქეებთან უნდა დაამტკიცონ. თუმცა, შეტევაზე ლაპარაკში არაფრით უნდა დაგვავიწყდეს მეკარე პეპე რეინა, რომლისთვისაც „ასტონ ვილასთან“ შეხვედრა „საიუბილეო“ გამოდგა: „ლივერპულში“ ნათამაშები 198 მატჩიდან მან 100-ში გოლი არ გაუშვა. ცნობისთვის: რეკორდი ეკუთვნის რეი კლემენსს რომელმაც მერსისადელთა გუნდში ჩატარებული 665 თამაშიდან 217 უგოლოდ დაასრულა.

და ორი სიტყვაც ულიეს შესახებ: ფრანგი „ენფილდ როუდზე“ გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა – მათგან ოთხი 2001 წელს მოკრიბა – და კლუბის ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. სწორედ ამიტომ დახვდნენ ლივერპულელი ფანები მას ოვაციითა და მადლიერების პლაკატებით.

მასპინძელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა მატჩის შემდეგ უპირველეს ყოვლისა პეპე რეინაზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა:
„ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი მეკარე მყავს, რომელიც, იმავდროულად, ძალიან კარგი ადამიანიც არის. რაც შეეხება გუნდის თამაშს, ჩვენ ჯერ კიდევ ვკოჭლობთ, მაგრამ კოჭლობა თანდათან კლებულობს“.

თავად რეინამ თანაგუნდელებს გადაუხადა მადლობა: „დიდი მადლობა ბიჭებს. მე რომ გოლი უკვე 100 შეხვედრაში არ გავუშვი, მათი დამსახურებაა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. განა მხოლოდ ფერნანდო ტორესი, სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი განაპირობებენ ჩვენს წარმატებებს, თავისი წვლილი ოცდაოთხივე მოთამაშეს შეაქვს“.

დავიდ ნგოგმა კი თქვა, რომ ფერნანდო ტორესის არყოფნაში მას მხრებზე ორაგი პასუხისმგებლობა აწვა, რადგან მისგან ჩვეულებრივზე მეტს ელოდნენ:

„როდესაც მწვრთნელი შანსს მაძლევს ვალდებული ვარ პასუხისმგებლობა ვიკისრო. ასეთ დროს გოლის გატანას არაფერი სჯობს და საბედნიეროდ დღეს სწორედ ეს მოხდა. გოლი კარგა ხანი არ მქონდა გატანილი“.

დამარცხებულთა თავკაცმა ულიემ კი ასე თქვა: „არ გაგვიმართლა, რადგან პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გავუშვით. ამას მალევე მოჰყვა მეორე გოლიც, რომელიც, მე თუ მკითხავთ, „ლივერპულმა“ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა... მოკლედ, ბიჭებს არაფერში ვადანაშაულებ. მათ ყველა ღონე იხმარეს.

როდესაც „ენფილდ როუდზე“ მე-12 ან მე-13 წუთზე გოლს უშვებ, მერე მდგომარეობის გამოსწორება ძნელია. ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. ახლა, „ვილას“ ხელმძღვანელებმა მოვლენათა სადავეები ხელიდან არ უნდა გავუშვათ“.


თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32       
2. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31        
3. ჩელსი 16 9 3 4 30:11 30        
4. სიტი 16 8 5 3 21:12 29       
5. ტოტენჰემი 16 7 5 4 24:21 26        
6. ბოლტონი 16 5 8 3 28:23 23
7. სანდერლენდი 16 5 8 3 20:18 23
8. ლივერპული 16 6 4 6 20:19 22        
9. ვესტ ბრომვიჩი 16 6 4 6 23:27 22        
10. სტოკი 16 6 3 7 21:21 21        
11. ბლექბრნი 16 6 3 7 21:25 21        
12. ნიუკასლი 16 5 4 7 24:25 19               
13. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19          
14. ბირმინგემი 16 3 9 4 17:19 18        
15. ევერტონი 16 3 8 5 18:20 17        
16. ასტონ ვილა 16 4 5 7 17:27 17        
17. ფულჰემი 16 2 9 5 16:20 15        
18. უიგანი 16 3 6 7 13:28 15        
19. ვესტ ჰემი 16 2 6 8 14:27 12        
20. ვულვზი 16 3 3 10 17:30 12

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული