ნიუკასლი საშიში ცხოველის კლანჭებში

AutoSharing Option

გუშინ მარტინ იოლი ვახსენეთ, მაგრამ, არა... „ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელად სასწრაფოდ ალან პერდიუს ნიშნავენ. ყოველ შემთხვევაში, ინგლისური ტაბლოიდების აზრით, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. „კაჭკაჭთა“ მეპატრონე მაიკ ეშლი ჩქარობს, კრის ჰიუტონის შემცვლელის შერჩევაში დროის ხარჯვას არ აპირებს.

როგორც იცით, ჰიუტონმა „ნიუკასლ იუნაიტედი“ ქვედა დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა და არც იქ გამოდგა ჯაბანი - გუნდი მე-12 ადგილზეა, მაგრამ, რატომღაც, „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ ეს განსაკუთრებულ დამსახურებად არ ჩაუთვალეს - ხსენებულმა ეშლიმ და დირექტორმა დერეკ ლემბაიასმა ორშაბათს სამსახურიდან გაუშვეს, ახლა კი მის ნაცვლად პედრიუ შეუგულებიათ.

რასაკვირველია,

„კაჭკაჭთა“ შეფებმა სხვა კანდიდატებზეც იფიქრეს. აკი მოგახსენეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი თავკაცი მარტინ იოლი გახლდათ, რომელმაც იმავე ორშაბათს „აიაქსის“ მწვრთნელის თანამდებობა დატოვა (ეს ბევრმა მრავალმნიშვნელოვან ფაქტად მიიღო), მაგრამ ჰოლანდიელმა ინგლისელებს შეუთვალა რომ ამსტერდამში მეტისმეტად დაიღალა და დასვენება სჭირდება. აქ, ერთხელაც შეგახსენებთ, რომ იოლი „ტოტენჰემიდან“ წასვლის დღიდანვე ოცნებობს პრემიერლიგაში დაბრუნებაზე. გასულ ზაფხულს მას „ფულჰემში“ როი ჰოჯსონის შემცვლელად განიხილავდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ჰოლანდიელი „ამსტერდამ არენაზე“ დარჩა. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მარტინ იოლმა „ნიუკასლის“ მწვრთნელობაზე უარი თქვა, რასაკვირველია, ის გახლდათ, რომ ჰიუტონი მისი ყოფლილი ასისტენტია - როგორც თავად თქვა, ახლო მეგობარი.

გაგიკვირდებათ, და იოლის შემდეგ გლენ ჰოდლზეც დაიწყეს ლაპარაკი. გეხსომებათ, ჰოდლი 1996-1999 წლებში  ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშეს ინგლისელებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისსა და ლონდონში 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე. ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მან იმუშავა „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ და „ვულვერჰემპტონში“, 2006 წლის მერე კი სამწვრთნელო ასპარეზზე აღარ გამოჩენილა. ჰოდლს „ნიუკასლის“ მწვრთნელობის კანდიდატთა შორის აუტსაიდერად მიიჩნევდნენ.

თუმცა, ამ ისტორიაში ყველაზე საოცარი ჰიუტონის გაშვებაა. ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გამომშვიდობება ფეხბურთელებთან ემოციური გახლდათ. ფეხბურთელებისთვის ეს უბრალოდ შოკი გამოდგა. ხალხი აღაშფოთა იმანაც, რომ ჰიუტონისთვის მინიშნებითაც კი არავის უთქვამს, რომ სამსახურიდან გაშვებას უპირებდნენ. გამომშვიდობების შემდეგ ჰიუტონი ოფისში ბარგის ჩასალაგებლად შევიდა, გუნდს კი წარსულში ცნობილმა პიტერ ბერდსლიმ ჩაუტარა ვარჯიში. გუშინ მოგახსენეთ, რომ ბერდსლის დროებით მწვრთნელად დანიშვნით ეშლი ფეხბურთელებისა და ფანების გულის მოგებას ცდილობდა. ტაბლოიდები წერენ, რომ მოვალეობის შემსრულებელს პირველივე დღე ნავსიანი გამოადგა: ბაზაზე სავარჯიშო მოედნები საშინლად მოყინული იყო და იძულებული შეიქნა გუნდი სტადიონზე წაეყვანა.

ამრიგად, „ნიუკასლ იუნაიტედის“ შეფები საბოლოოდ პერდიუზე აკეთებენ არჩევანს და უნდათ, 49 წლის უიმბლდონელმა მწვრთნელმა შაბათს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ უკვე უხელმძღვანელოს გუნდს. პერდიუ ბოლოს „საუთჰემპტონში“ მუშაობდა, საიდანაც აგვისტოში დაითხოვეს.

„კაჭკაჭთა“ ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი ალან შირერი კი იმ ადამიანებს შეუერთდა, რომლებმაც ჰიუტონის თანამდებობიდან გაშვების გამო ეშლისა და კომპანიას კრიტიკა არ დააკლეს. ყოფილმა ფორვარდმა, რომელსაც „ნიუკასლის“ მეპატრონესთან ცუდი ურთიერთობა აქვს (2009 წელს ეშლიმ მშველელად უხმო, მან კი გუნდის პრემიერლიგაში დატოვება ვერ შეძლო) საკუთარი კანდიდატურა იმთავითვე გამორიცხა, თქვა:

„მწვრთნელის ნამუშევრით უკმაყოფილონი რომ დარჩნენ, ძალიან მაინტერესებს რას ელოდნენ? რომელ ადგილზე ვარაუდობდნენ „ნიუკასლის“ ნახვას? არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ დღევანდელი გუნდი ზედა ექვსეულში ვერაფრით მოხვდება. ამ სეზონში გუნდის წინაშე განსაკუთრებული ამოცანები არც უნდა დასახონ. ამ ეტაპზე მთავარია პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ და ეგ არის. ამ მიმართულებით კი კრისმა ისეთი სამუშაო ჩაატარა, რომ დღეს „ნიუკასლ იუნაიტედს“ გავარდნა არ ემუქრება“.
და ბოლოს, კიდევ ერთი საყურადღებო თემა: მას მერე რაც სამსახურიდან ჯერ კევინ კიგანის, შემდეგ ალან შირერის და ახლა ჰიუტონის გაგდებით სახელგანთქმულმა ეშლიმ და მისმა გარემოცვამ საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ სანდონი არ არიან და კაცმა არ იცის რა კრიტერიუმებით სარგებლობენ, გაჩნდა ეჭვი, რომ მათ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება ხელის მოსათბობად გუნდის ახალი ვარსკვლავი ენდი ქეროლი გაყიდონ. ქეროლის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ გახლავთ დაინტერესებული.


დოსიე

ალან პერდიუ
დაიბადა 1961 წელს (49 წლის) უიმბლდონში
ყოფილი ფეხბურთელი (ნახევარმცველი); თამაშობდა 10-მდე ინგლისურ კლუბში (მათ შორის "კრისტალ პალასი", "ჩარლტონი"). კარიერის ადრეულ წლებში (როცა სამოყვარულო კლუბებში თამაშობდა) მუშაობდა მეშუშედ და ტაქსისტად. 1987 წელს "კრისტალ პალასმა" ის 7,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მწვრთნელობა "რედინგში" დაიწყო 1998 წელს. თავკაცობდა "ვესტ ჰემს", "ჩარლტონსა" და "საუთჰემპტონს" (შარშანდელ სეზონში), საიდანაც წლეულს, 30 აგვისტოს მოხსნეს. მისი უდიდესი მიღწევა ასოციაციის თასის ფინალში გასვლაა (ერთხელ როგორც ფეხბურთელი, მეორედ - მწვრთნელი). ცნობილია უხეში გამონათქვამებით, რის გამოც ბი-ბი-სი-მ მას "საშიში ცხოველი" უწოდა. ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული