ამერიკელმა ჟურნალისტმა „ლივერპულის“ ფანებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა: „ჰილსბოროს“ ტრაგედიას „სტადიონზე მომხდარი არეულობა“ უწოდა. ეს ჟურნალისტი გახლავთ „ბოსტონ გლობის“ მიმომხილველი ალექს ბიმი, ხოლო თავად „ბოსტონ გლობი“ გაზეთი, რომელსაც კვირის განმავლობაში 232 432 ადამიანი კითხულობს. აი, ასეთი ფართო აუდიტორიის გასაგონად ბრძანა უფალმა ბიმმა ეს ლივერპულელები ვინ ყოფილან, 21 წლის წინ მომხდარ ამბავს დღემდე გლოვობენო. უფრო ზუსტად, ჟურნალისტმა ასე ბრძანა: დღემდე აგონიაში არიან იმის გამო, რომ 21 წლის წინ სტადიონზე, არეულობაში, 96 კაცი მოკვდაო“.
თუ ვინმეს ამ ტრაგედიის შესახებ არ სმენია მოკლედ მოვახსენებთ:
ამერიკელი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი სტატიით აღშფოთებულმა ლივერპულელებმა სოციალური ქსელები და თავიანთი ვებ-გვერდები რისხვით აავსეს. ფორუმებზეც ერთი ამბავი ატყდა. „ლივერპულის“ ერთ-ერთ არაოფიციალურ საიტზე დაწერეს: „ალექს, გული რომ გქონოდა აჯობებდა. სანამ 96 ადამიანის ხსოვნას შეურაცხყოფდი, დაფიქრდებოდი მაინც. გარდა ამისა შენ შეურაცხყავი ქალაქისა და კლუბის რეპუტაცია.
იცი, რატომ არის ხალხი დღემდე აგონიაში? იმიტომ, რომ იმ მზიან შუადღეს ბევრმა ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგა. ჯერაც მრავლად დადიან ამქვეყნად ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს შეესწრენ. ისინი „ჰილსბოროზე“ იყვნენ და თავიანთი თვალით უყურებდნენ, როგორ იღუპებოდნენ სხვები. რაც მაშინ მოხდა ორგანიზატორებისა და პოლიციის შეცდომის ბრალია“.
თუმცა, „ბოსტონ გლობის“ ჟურნალისტს, ეტყობა, ლივერპულთან დაკავშირებით ყველაფერი აღიზიანებს. მან, თავად ქალაქს ძაღლური და საზიზღარი უწოდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ „ლივერპულის“ ახალ მეპატრონეს, მის თანამემამულესა და თანაქალაქელს, ჯონ ჰენრის გადაწვდომოდა. მოგეხსენებათ, ჰენრი ბეისბოლის გუნდის „ბოსტონ რედ სოკსის“ მესაკუთრეცაა.