მორიგი თამაშის წაგების შემდეგ „ჩელსის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღიარებს, რომ კვირას, ლონდონურ დერბიში, ფავორიტი მისი გუნდი კი არა, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ იქნება. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს „ლურჯებმა“ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელთან“ სტუმრად 1:0 წააგეს, თუმცა ამან პლეი-ოფის ეტაპზე გასვლაში ხელი ვერ შეუშალა. მატჩის შემდეგ ანჩელოტი გულდამძიმებული ჩანდა:
„მარსელში ნავსიანი პერიოდის დასრულება შეგვეძლო. საამისოდ ზედგამოჭრილი მომენტი გახლდათ, მაგრამ ის ხელიდან გავუშვით, რადგან ვერ მოვიგეთ. მეტიც, ვერ მოვიგეთ არა იმიტომ, რომ იღბალმა ზურგი გვაქცია, არამედ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა რა გზაა, წინ უნდა ვიყუროთ და
ახლა, კვირასაც დიდებული შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენ ტოპ-გუნდს, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ვხვდებით და ყველა დარწმუნებულია, რომ ის დაგვამარცხებს. თუმცა, პირადად მე უიმედოდ არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი პიროვნება თამაშობს. თავადაც კერკეტი კაკალი გახლავართ და პრობლემის რაც შეიძლება მალე გამოსწორებას ვაპირებ. ჩემი ფეხბურთელებიც იმავე ჭკუაზე არიან“.
სტატისტიკა ასეთია: „ჩელსის“ ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული და მეტოქეთა კარში 5 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა. ანჩელოტიმ დასძინა:
„მინდა ჩემმა გუნდმა ამიერიდან ყველაფერი სწრაფად გამოასწოროს. რატომღაც, საკუთარი თავის რწმენა შეგვერყა და ეს გახლავთ დასაძლევი. რაც მთავარია, არ უნდა ავღელდეთ. ყველაზე ცუდი პერიოდი განვლილია. „მარსელთან“ საშინლად მაინც არ გვითამაშია. საშინელება „სანდერლენდის“ წინააღმდეგ და „ევერტონთან“ მეორე ტაიმში გადაგვხდა“.
მარსელში დაშავდა ჟოზე ბოსინგვა, რომელიც „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს. მწვრთნელმა ბრძანა:
„ბოსინგვას ორთავა კუნთის პრობლემა აქვს. მას „ტოტენჰემთან“ დასვენება მოუწევს. სამაგიეროდ გუშუნ ფრენკ ლემპარდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვნახოთ, ვის დავეყრდნობით და ვის არა, უახლოეს ორ დღეში გამოჩნდება“.