მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს და პლეი-ოფში მოხვდნენ, ინგლისური ფეხბურთის დიდი ოთხეულის გუნდები არანაკლებ მძაფრი საშინაო ბრძოლების მოლოდინში არიან: „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არსენალს“ მასპინძლობს ხოლო „ტოტენჰემ ჰოთსპური“ „ჩელსის“.
არსენ ვენგერის ლონდონური კარიერის პირველ ნახევარში პრემიერლიგის ჩემპიონის ბედი მეტწილად „მეთოფეთა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრებში წყდებოდა, მაგრამ მას მერე რაც საქმეში „ჩელსი“ ჩაერია ვენგერმა და მისმა რაზმმა უკან დაიხია. ჩრდილო ლონდონელებმა ჩემპიონის ტიტული ბოლოს 2004 წელს მოიგეს, მეორე ადგილზე კი 2005 წლის მერე აღარ ყოფილან. ამის მიუხედავად „არსენალი“ ორშაბათს „ოლდ
ბოლო პერიოდში „არსენალის“ მთავარი გმირი გახლავთ სამირ ნასრი, ფეხბურთელი, რომელმაც წინა ტურში „ფულჰემს“ ორი ულამაზესი გოლი გაუტანა („მეთოფეებმა“ 2:1 მოიგეს) და კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგაში ბელგრადის „პარტიზანს“ დაამატა. მიმდინარე სეზონში ცრუმოძრაობის ფრანგი ოსტატი ვენგერმა წინ გასწია და შედეგით კმაყოფილი დარჩა.
„ის გაცილებით უკეთ თამაშობს და უწინდელთან შედარებით დაბრძენებულიც არის, მაგრამ მხოლოდ 23 წლისაა და პროგრესი კიდევ წინ აქვს. ნასრი ძალიან გონიერია. თამაშის მსვლელობისას ხვდება სად უჭირს გუნდს ყველაზე მეტად და იქ გადაადგილდება. მას ყველა მონაცემი აქვს რომ ითამაშოს მარცხნივ, მარჯვნივ ან შუაში. დღეს იგი ძალიან კმაყოფილია იმ პოზიციით, რომელზეც მე ვათამაშებ. ყველას შუაში სურს თამაში, ფლანგებზე გამოსვლას კი ცოდნა და სხვა უნარი სჭირდება“.
რობინ ვან პერსის გამოჯანმრთელებამ „არსენალის“ თავდასხმა კიდევ უფრო გააძლიერა, აი, დაცვაში კი პრობლემებია: ტომას ვერმაელენი ახალ წლამდე ტრავმას ვერ მოიშუშებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვენგერი ლორან კოშელნისა და სებასტიან სკილაჩის უნდა დაეყრდნოს – ეს ის წყვილია, რომელიც „ფულჰემთან“ შეხვედრაში ერთმანეთს შეასკდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. დაცვაში არსებულ პრობლემებზე რუსი შემტევი ანდრეი არშავინი ასე ამბობს:
„დაცვაში გვიჭირს, ამიტომ იმაზე მეტი უნდა გავიტანოთ ვიდრე გავუშვებთ. ასეთი რამ, რასაკვირველია, სასურველი არ არის და ვალდებულები ვართ გამოვასწოროთ. ვარჯიშებზე ჩვენს მცველებს იოლად ნამდვიად ვერ ვჯაბნი, მაგრამ თამაშზე დაცვაში შეცდომები მოგვდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მცველები კი არ არიან დამნაშავენი, არამედ მთელი გუნდი ვერ აკეთებს რაღაცას ისე, როგორც საჭიროა“.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ცხრილში „არსენალზე“ ერთი ქულით ნაკლები აქვს, თუმცა ერთი თამაშიც აკლია. მეორე მხრივ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდზე კი ამბობენ, ძველებურად ვეღარ თამაშობსო, მაგრამ დახეთ სტატისტიკას: მიმდინარე სეზონში გუნდმა შინ 7 მოიგო და 1 ფრე ითამაშა...
სხვათა შორის, ორშაბათის თამაშის წინ ფერგიუსონმა მანჩესტერელ ფანებს საგანგებო თხოვნით მიმართა არსენ ვენგერის შეურაცხყოფას თავი დაანებეთო. ამბობენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ სტიუარდებსაც გააფრთხილებენ საგანგებოდ მიხედონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ გუნდს კი არ დაუჭერენ მხარს, არამედ მოწინააღმდეგეს, განსაკუთრებით კი მის მწვრთნელს გალანძღავენ.
„ჩვენ მეტოქის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ფანებისთვის ადრეც მიგვიმართავს, მაგრამ შედეგს ვერა და ვერ მივაღწიეთ“ – თქვა ფერგიუსონმა.
„ჩელსის“ ამბავი მოგეხსენებათ – იმის გამო, რომ პრემიერლიგის ბოლო 6 შეხვედრაში 5 ქულაზე მეტის მოპოვება ვერ მოახერხა, ლიდერობიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ახლა, მდგომარეობის გამოსასწორებლად „ლურჯები“ ლონდონის მეორე უბანში, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მიდიან. ბოლო ტურში „ჩელსის“ ჯონ ტერისა და მიკაელ ესიენის დაბრუნებამაც კი ვერ უშველა – გუნდმა „ევერტონს“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის მიწურულს დიდიე დროგბას გოლით ანგარიშიც გახსნა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუშვა და 3 ქულა კვლავ ხელიდან გაუშვა. დასავლეთ ლონდონელებს უკეთესი დღე არც ჩემპიონთა ლიგაზე მარსელში დაადგათ – ბოლო ტურამდე გუნდი მხოლოდ გამარჯვებებით მიდიოდა, „ველოდრომზე“ კი დამარცხდა.
„ცუდი პერიოდი რომ დაგვიდგებოდა რასაკვირველია ვიცოდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა. ეს ამბავი ძალიან მაწუხებს. ჩვენ გაცილებით უკეთ გვმართებდა თამაში“.
„ჩელსისა“ და „სფურზს“ შორის ცხრილში „მანჩესტერ სიტია“. ისტლენდელები „არსენალს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და იმედოვნებენ, რომ სანამ დანარჩენი ლიდერები ერთმანეთს ქულებს აკარგვინებენ, თავად ბოლოს წინა ადგილზე მყოფ „ვესტ ჰემს“ მოუგებენ და იქნებ კიდევ უფრო ზევით გადაიწიონ.
ამ ტურის შეხვედრებიდან საინტერესოა „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაც - „კაჭკაჭებს“ ხომ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ალან პერდიუ, რომელმაც პირველი გამოცდა უნდა ჩააბაროს – თუმცა ამ თემაზე ბოლო დღეებში იმდენი ვილაპარაკეთ, რომ გამეორება აღარ ღირს.
დღეს
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: რეო-კოკერი, ჰაბიბი, ბეგისი, ელბრაიტონი, სიდველი, დელპი, პეტროვი - ოდემვინგიე (?), ბრანტი
ევერტონი-უიგანი 19:00
დისკვალიფიკაცია: არტეტა (ევე.)
ტრავმა: საა - დი სანტო, ბოისი, მოზესი.
ფულჰემი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: ზამორა, სენდეროსი, სალსიდო, დემბელე - გორდონი, ასამოა გიანი (?), ბრემბლი, ტერნერი, კილგატონი, რედი, კემპბელი
სტოკი-ბლექპული 19:00
ტრავმა: უოლტერსი, შანლი (?) - ჰეერვუდი
ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: ტევესი, კოლაროვი (მანჩ.)
ტრავმა: ბეჰრამი, კოლისონი, და კოშტა, ჰიტცშპერგერი, ნობლი - კ. ტურე, ადებაიორი (?)
ნიუკასლი-ლივერპული 21:30
დისკვალიფიკაცია: კოლოჩინი, ვილიამსონი (ნიუკ.)
ტრავმა: ნოლანი, ტეილორი, ბენ არფა, გოსლინგი - ჯერარდი, აგერი, კარაგერი, სპირინგი
ხვალ
ბოლტონი-ბლექბერნი 17:30
ვულვერჰემპტონი-ბირმინგემი 17:30
ტოტენჰემი-ჩელსი 20:00
ზეგ
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი
1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32
2. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31
3. ჩელსი 16 9 3 4 30:11 30
4. სიტი 16 8 5 3 21:12 29
5. ტოტენჰემი 16 7 5 4 24:21 26
6. ბოლტონი 16 5 8 3 28:23 23
7. სანდერლენდი 16 5 8 3 20:18 23
8. ლივერპული 16 6 4 6 20:19 22
9. ვესტ ბრომვიჩი 16 6 4 6 23:27 22
10. სტოკი 16 6 3 7 21:21 21
11. ბლექბრნი 16 6 3 7 21:25 21
12. ნიუკასლი 16 5 4 7 24:25 19
13. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19
14. ბირმინგემი 16 3 9 4 17:19 18
15. ევერტონი 16 3 8 5 18:20 17
16. ასტონ ვილა 16 4 5 7 17:27 17
17. ფულჰემი 16 2 9 5 16:20 15
18. უიგანი 16 3 6 7 13:28 15
19. ვესტ ჰემი 16 2 6 8 14:27 12
20. ვულვზი 16 3 3 10 17:30 12
ბომბარდირები: 11 – ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 – ტევესი (მანჩესტერ სიტი); 9 - ქეროლი (ნიუკასლი); 8 – კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი); 7 – ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 – დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - ბეილი (ტოტენჰემი), დემპსი (ფულჰემი).