ტევესმა განცხადება დაწერა

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კლუბის ოფისში განცხადება მიიტანა, განთავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ უარით გაისტუმრეს. მიზეზი ძველია და კარგად ნაცნობი: ნოსტალგია. 26 წლის ვარსკვლავს ინგლისში გატარებული ოთხი წლის შემდეგ სამშობლო და საახლობლო ენატრება.

ისტლენდელთა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადა:

„ჩვენ უკმაყოფილონი ვართ შექმნილი სიტუაციით, განსაკუთრებით კი ტევესის აგენტების ქცევით“.
მოგეხსენებათ, არგენტინელმა შაბათს ლონდონის „აპტონ პარკზე“ „ვესტ ჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი გამოსტოვა – “შიდა დისკვლალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი“. ეს შეხვედრა „სიტიმ“ 3:1 მოიგო და ლიდერ „არსენალს“ წამოეწია. ბუნებრივია, როგორც კი ტევესის

განცხადების ამბავი გახმაურდა, ყველას 4 დეკემბრის ამბავი გაახსენდა (რომლის გამოც მან ხსენებული „შიდა დისკვალიფიკაცია“ მიიღო), როდესაც „სიტისა“ და „ბოლტონის“ შეხვედრის ბოლო წუთებზე მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იგი შეცვალა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან ავი რეაქცია მოჰყვა – მანჩინიზე გაიწია. საინტერესოა, რომ მანჩესტერული კლუბის განცხადებით ტევესი და მისი აგენტი კია ჯურაბჩიანი ბოლო დროს ისტლენდელებისგან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს ითხოვდნენ...
„სიტის“ ოფიციალურ განცხადებაში წერია: „მთელი ჩვენი კლუბი და პირადად რობერტო მანჩინი კარლოსის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა და მომავალშიც ასე მოიქცევა, რადგან მას სპეციფიური მდგომარეობა აქვს – ოჯახი მისგან ცალკე, ოკეანის გადაღმა ცხოვრობს. მოგეხსენებათ, ტევესმა „ბოლტონთან“ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო ახლანდელი ტურის მატჩი გამოსტოვა, რითაც მწვრთნელმა ისარგებლა და ის გაანთავისუფლა – არგენტინაში გაუშვა.

რაც შეეხება ოფისში წერილობითი განცხადების მიტანას, ეს გაუგებარია, რადგან სულ ახლახან კარლოს ტევესმა როგორც კლუბს ასევე
ხალხს განუცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიში“ თავს ბედნიერად გრძნობს და არსად აპირებს წასვლას.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კარლოსის წარმომადგენლები ახალ ხელშეკრულებას ითხოვდნენ. ისინი პირობების ფეხბურთელის სასარგებლოდ გადახედვას მიიჩნევდნენ საჭიროდ, სულ ბოლოს კი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება ისურვეს. ამ მოთხოვნებზე „მანჩესტერ სიტიმ“ უარი განაცხადა, რადგან კლუბს თავისი პრინციპები აქვს. კერძოდ, ის სეზონის შუაში ხელშეკრულებას არავის უახლებს. ამასთან, კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტის“ ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელია და მისი ხუთწლიანი ხელშეკრულებიდან სამი წელიწადი და ექვსი თვე ჯერ კიდევ წინ არის.

კარლოსთან დაკავშირებული ამბავი ძალიან არასასიამოვნოა, რადგან ის მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი კარგად ათამაშდა და მიმდინარე სეზონში დიდი წარმატების პერსექტივაც გამოჩნდა. „სიტი“ მომავალში ყურადღების სწორედ ფეხბურთზე გამახვილებას აპირებს და ტევესისთვისაც კარს ღიას სტოვებს“.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტიში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2009 წლის ივლისში გადავიდა. რაც ისტლენდზე თამაშობს, იგი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება. იმაში, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ტევესის დამსახურება დიდია. ინგლისში კი არგენტინელი ფორვარდი 2006 წლიდან თამაშობს. ის და ხავიერ მასკერანო ერთად ჩავიდნენ ბრიტანეთში, სადაც „ვესტ ჰემში“ დაიწყეს თამაში. კარლოს ტევესმა იმ სეზონში ლონდონური კლუბი პრემიერლიგაში დატოვა და „აპტონ პარკზე“ გმირის სახელი დაიგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული