„ჩელსის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ მისი გუნდი შემდეგ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედს“ აუცილებლად დაამარცხებს – მიუხედავად იმისა, რომ მე-17 ტურში, „ტოტენჰემთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე დიდიე დროგბამ პენალტი ვერ გაიტანა, იტალიელი მწვრთნელის აზრით „ლურჯებმა“ კრიზისი უკვე დაძლიეს. „უაით ჰართ ლეინზე“ დროგბა პირველ ტაიმში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მეორეში საქმეში ჩაერთო და ჯერ რომან პავლიუჩენკოს გოლი გაქვითა, ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, ეურელიო გომეშს პენალტის ნიშნულიდან ვერ აჯობა.
დროგბას ეტყობა ძალიან ეწყინა, ანჩელოტიმ რომ სათა
„ჩვენ მოგებას ვიმსახურებდით და ახლოს ვიყავით მიზანთან. გარწმუნებთ, შემდეგ შეხვედრაში გავიმარჯვებთ. თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგად დავიწყეთ, მეტოქე რომ დაწინაურდა არ დავიბენით და მოვლენათა ჩვენს სასარგებლოდ შემოსატრიალებლად ყველა ღონე ვიხმარეთ. მართალია, ბოლოწამს ხელი მოგვეცარა და ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არაფერი. მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ცუდი პერიოდი დავძლიეთ, გამარჯვებები კი მოვა“.
შემდეგი თამაშები დასავლეთ ლონდონელებს რთული ელით. ზემოთ გითხარით, რომ მე-18 ტურში მათ „სტემფორდ ბრიჯზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეწვევა, 27 დეკემბერს კი „ემირეიტზე“ „არსენალს“ უნდა შეხვდნენ.
„ლურჯების“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ თქვა: „ახლა უკვე ჩვეულებრივად ვთამაშობთ, რომ გვჩვევია ისე. ჩვენ გამარჯვების ჟინი და თავდადება გვეტყობოდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს „ჩელსი“. გუნდმა შეიძლება წააგოს, შეიძლება ფრედ ითამაშოს... მთავარია, ჟინი ეტყობოდეს და უნდა ვაღიაროთ - ბოლო შეხვედრებში სწორედ ეს არ იგრძნობოდა. საბედნიეროდ, „ტოტენჰემთან“ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი ყურებს არ ჩამოყრიდნენ“.
კვირა საღამოს „უაით ჰართ ლეინზე“ დიდი ვნებათაღელვა იყო. თამაშის ბოლოს ტერი „ტოტენჰემის“ ფანებს დაუპირისპირდა კიდეც. ფანები აგინებდნენ, ტერიმ კი მათი მიმართულებით გადააფურთხა.
გუშინ, ტურის მიმოხილვაში მოგახსენეთ, რომ დროგბას გოლი მეკარე გომეშის შეცდომის გამო გავიდა. უცნაური გოლი იყო: „ჩელსის“ მეკარე პეტრ ჩეხმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ჩააგდო, სადაც დროგბამ მცველს აჯობა – ერთი შეხებით ბურთი მისთვის ხელსაყრელი ადგილისკენ გადააგდო, შემდეგ გამოედევნა და დაარტყა. დარტყმულს გომეშმა ხელები დაახვედრა – წესითა და რიგით უნდა მოეგერიებინა – მაგრამ, ბურთი რატომღაც თავზე გადაევლო და კარში შევარდა. „ტოტენჰემის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა ამ ეპიზოდში ყურადღება გომეშის უიღბლობაზე კი არ გაამახვილა, არამედ იმაზე თუ როგორ მიიღო ბურთი დროგბამ. რედნაპის აზრით კოტ დ’ივუარელმა ხელით ითამაშა.
„ჩელსის“ ფეხბურთში გარკვეულ გულშემატკივარს შესაძლოა ასეთი კითხვა დაებადოს: რატომ არ დაარტყა თერთმეტმეტრიანი ფრენკ ლემპარდმა? დასავლეთ ლონდონელთა მთავარი პენალტისტი ხომ დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს. ამაზე რედნაპმა (არ გაგიკვირდეთ „სფურზის“ მწვრთნელმა „ჩელსის“ პენალტზე თავისი აზრი რომ გამოთქვა. ის ხომ ლემპარდის დეიდის ქმარია) ასე ბრძანა: „მეგონა ფრენკი დაარტყამდა. როდესაც დავინახე, რომ ის ბურთისკენ არ წავიდა, გამიხარდა. ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დროგბა ვერ გაიტანდა, მაგრამ ფრენკი რომ შეაგდებდა ზუსტად ვიცოდი“.
პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ ფრენკ ლემპარდმა პენალტის დასარტყმელად თავი მზად არ მიიჩნია.