ასეთია ტევესის ვერსია

AutoSharing Option

კარლოს ტევესმა თავისი სიბრაზე „მანჩესტერ სიტის“ აღმასრულებელი თავმჯდომერისკენ გერი კუკისკენ მიმართა – მას მერე, რაც კლუბმა თხოვნაზე უარი უთხრა და წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერა, არგენტინელმა საჯაროდ განაცხადა, თუ რატომ უნდა ისტლენდიდან წასვლა. ტევესი კუნძულ ტენერიფეზეა, „სიტის“ მწვრთნელის რობერტო მანჩინის ნებართვით ისვენებს. სწორედ იქიდან უამბო მან საფეხბურთო სამყაროს თავისი ამბავი, და სხვა მრავალთან ერთად ბევრის გასაკვირად ისიც თქვა, რომ მანჩინისთან სულაც არ აქვს ცუდი ურთიერთობა.

უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ტევესმა სამ მომენტს გაუსვა ხაზი: რატომ მიდის; რატომ ვეღარ გამოსწორდება

მისი ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელებთან, უპირველეს ყოვლისა კუკთან და მესამე – წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
კარლოს ტევესს „მანჩესტერ სიტიში“ კონტრაქტის თანახმად კიდევ სამი წელიწადი და ექვსი თვე აქვს გასატარებელი, მაგრამ ამბობს, რომ თუ კლუბი ჯიბრში ჩაუდგება და არ გაუშვებს, ფეხბურთის თამაშს სულ დაანებებს თავს. ტევესი ყვება, რომ გადაწყვეტილებამდე იოლად არ მისულა, დიდხანს დასჭირდა ფიქრი, თუმცა გონებაში ყველაფერი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაალაგა. ის ამტკიცებს, რომ არანაირი ახალი კონტრაქტი არ უთხოვია და საერთოდაც, ის, რაც ახლა ხდება ფულთან არაფერ შუაშია.

საფეხბურთო სამყაროს კი ნაკლებად სჯერა, რომ ამქვეყნად რამე ფულთან არ არის დაკავშირებული. უკვე დაიწერა, რომ სიტუაციას დიდი ინტერესით აკვირდება „ჩელსი“, „სიტიმ“ კი პირველი რაც იღონა ტევესის ცნობილ აგენტ კია ჯურაბჩიანს შეუტია – ვარსკვლავისთვის სხვა გუნდი შეარჩია და ეს ვნებათაღელვაც მისი დავალებით ატყდაო. ასეთმა ეჭვმა არგენტინელი გააბრაზა:
„გადაწყვეტილება თავად მივიღე, ჩემზე ზეგავლენა არავის მოუხდენია. ის, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა მინდოდა ადრევე ვგრძნობდი და ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდი კიდეც. ზაფხულზევე მინდოდა დამეტოვებინა ისტლენდი, მაგრამ დამარწმუნეს, რომ უნდა დავრჩენილიყავი. სამწუხაროდ, დარჩენის შემდეგ ჩემი გრძნობები არ შეცვლილა, ასე რომ კლუბის ხელმძღვანელთა განცხადება, თითქოს „სიტიდან“ წასვლისკენ ვიღაც მიბიძგებს, ტყუილია და მაღიზიანებს.

აშკარაა, რომ ეს ხალხი ახლა შეეცდება ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინოს. ჩემი ურთიერთობა ოფისის ზოგიერთ წარმომადგენელთან იმდენად არის გაფუჭებული, რომ აღარაფერი ეშველება. მათ ეს ძალიან კარგად იციან, რადგან პირადად ვუთხარი“.
შემდეგ, ტევესმა დიდი მადლობა შეუთვალა ფანებს, რომლებიც მისი ისტლენდზე თამაშის პერიოდში მხარში ედგნენ. კერძოდ, არგენტინელმა თქვა:

„ფანებისთვის თამაში ისტლენდზე გადასვლის დღიდან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მათ „სიტიში“ დიდი სიხარულით მიმიღეს და სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა. ისინი წარმატებულ გუნდს იმსახურებენ – მეტად გულმხურვალენი და მომთმენნი არიან. „მანჩესტერ სიტი“ ბედნიერია ასეთი გულშემატკივარი რომ ჰყავს. ამასთან დავძენ, რომ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს ჩემი თამაში „სიტის“ შემადგენლობაში, შეამჩნევდა თუ როგორი ჟინით და მონდომებით ვიბრძოდი მოედანზე.
ვადასტურებ, გასულ კვირაში კლუბს ოფიციალური წერილით მივმართე და ტრანსფერი ვითხოვე. ერთი სიტყვით, კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიდგას. რასაკვირველია, შემეძლო ახალი კონტრაქტისთვის მომეწერა ხელი – კლუბმა ამ სეზონის წინ მომმართა ასეთი წინადადებით – მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი ფულით არ გახლავთ განპირობებული. ამის შესახებ როგორც დირექტორატს ასევე მწვრთნელებს რამდენჯერმე ველაპარაკე. აქვე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო კლუბის მეპატრონე შეიხ მანსურს, რომელმაც ძალიან უხვი წინადადებით მომმართა. ეს არის ადამიანი, რომელსაც გაგება და მხარდაჭერა შეუძლია“.
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტი“ ტევესის ისტორიას სხვანაირად ყვება. კერძოდ, თავის პირველ განცხადებაში კლუბმა დაწერა, რომ ფეხბურთელი და მისი აგენტები თავად ითხოვდნენ განახლებულ კონტრაქტსა და გასამრჯელოს მომატებას, მაგრამ „სიტის“ თავისი პრინციპები აქვს, სეზონის შუაში ხელშეკრულებებს არ აახლებს და არგენტინელმაც სწორედ ამ უარის გამო გადაწყვიტა ისტლენდის დატოვება. ამ ამბავზე, რასაკვირველია კიდევ ბევრი დაიწერება და ჩვენც მოგახსენებთ, მანამდე კი ტევესის მიერ ტენერიფედან გავრცელებულ განცხადებას დავუბრუნდეთ, სადაც, როგორც გითხარით, ბევრის გასაკვირად მან დაწერა, რომ რობერტო მანჩინისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„მინდა ცხადად ვთქვა, რომ მწვრთნელთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მაქვს“.

ამ დღეებში რობერტო მანჩინი იტალიაშია, სადაც მამამისი მოინახულა და თვალის ექიმთან მივიდა. ტევესთან დაკავშირებული ბოლო ამბები მან სწორედ იქ, სამშობლოში შეიტყო. ზემოთაც მოგახსენეთ, რომ კლუბი ფეხბურთელის ამბავს სხვანაირად აღიქვამს და ის რომ მის იანვარში გაყიდვას არ აპირებს, უკვე განაცხადა. ამბობენ, ახლა მანჩინის წინაშე მორიგი საკითხი დგას, დატოვოს ტევესი კაპიტნად თუ სამკლავური ვინმე სხვას გადასცესო.

უახლოესი თამაში „მანჩესტერ სიტის“ სწორედ იტალიაში აქვს, ხუთშაბათს ევროლიგაზე „იუვენტუსს“ უნდა შეხვდეს. წესითა და რიგით არგენტინელი გუნდს ტურინში უნდა შეუერთდეს, თუმცა რა მოხდება ჯერ გაურკვეველია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული