სახალხო მწვრთნელი

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედიდან" გაგდებული მწვრთნელი კრის ჰიუტონი შესაძლოა სულ მალე ისევ პრემიერლიგაში ვიხილოთ – ამბობენ, "ვესტ ჰემი" დაქირავებას უპირებსო. ეს ცნობა გაზეთმა "სანდი ექსპრესმა" გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ბოლო ტურში "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ სიტისთან" 3:1 წააგო და ცხრილში ბოლო ადგილზეა, რაც გუნდის თავკაც ავრამ გრანტს ავტომატურად ზეწოლის ქვეშ აყენებს. მიმომხილველები წერენ, რომ პრემიერლიგიდან გავარდნა "ჩაქუჩებისთვის" ფინანსური თვალსაზრისით საშინელება იქნება. კლუბი დიდ ვალებშია და მისი მეპატრონეები დევიდ გოლდი და დევიდ სალივანი შეეცდებიან ახლავე იღონონ რამე მდგომარეობიდან გამოსასველად.

შეგახსენებთ, რომ ჰიუტონი ყველას გასაკვირად მოხსნეს "ნიუკასლ
იუნაიტედის" თავკაცის თანამდებობიდან – ამ მწვრთნელმა "კაჭკაჭები" ჯერ პრემიერლიგაში აღაზევა, შემდეგ კი იქ ცხრილის შუაში დაამკვიდრა. ახლა, ამბობენ, რომ გოლდისა და სალივანის სიაში ის პირველ ნომრად წერია.

"ტოტენჰემ ჰოთსპურში" მწვრთნელის ასისტენტად ნამუშევარ ჰიუტონს ფეხბურთელების საყვარელი შეფის სახელი აქვს გავარდნილი. ალბათ, სწორედ ამიტომ ხედავენ "ვესტ ჰემის" მესაკუთრეები ხსნას მის დანიშვნაში. სხვათა შორის, ახალ სამსახურში მის მთავარ კონკურენტად თურმე მისი "სფურზის" დროინდელი უფროსი მარტინ იოლი განიხილება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული