პარასკევს, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი აჯანყებული არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის გუნდში დატოვებას შეეცდება. საქმე ასეა: ტევესმა გასულ კვირაში „სიტის“ ოფისში განცხადება მიიტანა, რომელშიც განთავისუფლებას, უფრო ზუსტად კი ეგრეთწოდებულ „ტრანსფერზე დაყენებას“ ითხოვდა. კლუბმა ფორვარდს უარი უთხრა, მანჩინიმ კი დასაწყნარებლად რამდენიმედღიანი შვებულება აჩუქა – ტევესი ტენერიფეზე გაემგზავრა. არგენტინელი ინგლისში ორშაბათ საღამოს დაბრუნდა და გუშინ წესით ქერინგტონის ბაზაზე უნდა მისულიყო, მაგრამ იქ რეზერვისტებთან თუ ივარჯიშებდა, რადგან ძირითადი შემადგენლობა ტურინს გაემგზავრა ევროლიგაზე „იუვენტუსთან“ შესახვედრად. მანჩინი თავის ფეხბურთელებს იქ, იტალიაში
ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ მანჩინის ტევესისთვის სამკლავურის ჩამორთმევა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ახალ კაპიტანს არგენტინელთან ლაპარაკამდე არ დაასახელებს. ამბობენ, რომ მთავარი კითხვა, რომელსაც იტალიელი თავკაცი თავდამსხმელს დაუსვამს ასეთი იქნება: სინამდვილეში რატომ გადაწყვიტე „სიტიდან“ წასვლა? ადვილი მისახვედრია, მანჩინის ტევესის მიერ პრესაში დასახელებული მიზეზებისა არ სჯერა. ისევე, როგორც „მანჩესტერ სიტის“ ბევრ თანამდებობის პირს მასაც სწამს, რომ ფეხბურთელს რადიკალური ქცევისკენ მისმა აგენტმა და, სავარაუდოდ, მენტორმა კია ჯურაბჩიანმა უბიძგა, თუმცა ეს ტევესმა ოფიციალურად უკვე უარყო.
ისტლენდზე, კარლოს ტევესთან დაკავშირებული ამბავი ამ დღეებში ახალ ფაზაში გადავიდა - „სიტიმ“ განაცხადა, რომ თუ ფორვარდი კლუბიდან მაინც წავა ან უბრალოდ, აღარ ითამაშებს, საქმე სასამართლოს გადაეცემა. მეტიც, „სიტი“ აცხადებს, რომ მას შეუძლია საჯაროდ წარმოადგინოს მეილი, რომელშიც ჯურაბჩიანი კლუბს ტევესის კონტრაქტის გახანგრძლივებას სთხოვს. ტევესის ბანაკი, მოგეხსენებათ, კატეგორიულად აცხადებს, რომ მას ისტლენდელთათვის ხელშეკრულების განახლება და ჯამაგირის გაზრდა არ უთხოვია.
და სანამ ისტლენდზე ფეხბურთელსა და დირექტორატს შორის გაწევ-გამოწევაა, პრემიერლიგის დანარჩენი კლუბები მოვლენებს დიდი გულისყურით აკვირდებიან. „ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ფლორან მალუდამ თქვა:
„ტევესი „სიტისთვის“ იგივეა, რაც ჩვენთვის დიდიე დროგბა. იმისათვის, რომ ტიტული მოიგო ასეთი მოთამაშე აუცილებლად უნდა გყავდეს. ყოველთვის, როდესაც ტევესი ჩვენს წინააღმდეგ გამოდის, ვრწმუნდები, რომ ის საოცარი ფეხბურთელია. რად უნდა ლაპარაკი, რომ თუ ის დარჩება „სიტი“ ძალიან გაიხარებს.
საერთოდ, როდესაც ფეხბურთელის ამა თუ იმ გუნდიდან წასვლის შესახებ ახალ ამბებს იგებ, არ უნდა აჩქარდე. ფეხბურთი ისეთი სფეროა, რომ აქ ყველაფერი ხდება. განა უეინ რუნის ამბავიც ასე არ იყო? ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჯერ მიდიოდა, მერე კი გადაიფიქრა და დარჩა. ახალი კონტრაქტის ხელმოწერამდე ზუსტად ორი დღით ადრე ამბობდა მივდივარო“.
და ბოლოს: „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გუნდს ტურინში არ გაყვა: შეეშინდა, რომ „იუვენტუსის“ ფანები მის მიმართ აგრესიას გამოამჟღავნებდნენ.