ანჩელოტი წასასვლელად ემზადება

AutoSharing Option

„ჩელსის“ ფეხბურთელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კარლო ანჩელოტი წასვლას აპირებს. „ლურჯების“ წამყვანი მოთამაშეები ხედავენ, რომ იტალიელი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში ჩემპიონებიც გახდნენ და ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ ცხოვრებას გემოს ვეღარ ატანს და ეს ჩემპიონატი რომ ჩამთავრდება თავის გზას ეწევა. მიზეზი: ისევ და ისევ მისი ასისტენტის რეი უილკინსის გაშვება სამსახურიდან. იქნებ, ვინმემ თქვას რა კავშირშიაო, მაგრამ ასე ემთხვევა და...

„ლურჯების“ საქმე უკან-უკან მას მერე წავიდა, რაც ანჩელოტის დაუკითხავად სამსახურიდან უილკინსი გაუშვეს. თან, ხომ გახსოვთ როგორ იყო: მწვრთნელის ასისტენტს რეზერვისტების

ერთ-ერთი თამაშის შესვენებისას უთხრეს, რომ თავისუფალი იყო. „ჩელსის“ ფეხბურთელები, აგრეთვე, ხედავენ, რომ ანჩელოტი კლუბში ძალაუფლების გადანაწილებით გახლავთ სასტიკად უკმაყოფილო.
მავანმა რესპოდენტმა შიგნიდან ასეთი ამბავი გამოიტანა: „დღეს კლუბში ცუდი მდგომარეობაა. ფეხბურთელებს კარლო ძალიან უყვართ და უნდათ, რომ მათთან დარჩეს, მაგრამ ხედავენ, რომ მას ყველაფერი მობეზრდა. ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია, ოღონდ როდესაც გუნდში სიმშვიდე არ სუფევს, ეს პირდაპირ აისახება მოედანზე. თავად მოთამაშეებს აერიათ ერთმანეთში ურთიერთობა.“.
საქმე ის არის, რომ „ჩელსის“ ფრანგულენოვანმა ფეხბურთელებმა დანარჩენებს ინდიფერენტულობაში დასდეს ბრალი... ყოველ შემთხვევაში, ჭორი, რომელიც დიდი შანსია სიმართლე იყოს, ასეთია. ფლორენ მალუდა თანაგუნდელების საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს, მაგრამ უილკინსის გაშვებაზე ლაპარაკს არ გაურბის:

„ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, მისი ასე გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო. ასეთი რაღაცის სანახავად მზად არ ვიყავით. რეი ბიჭებთან მეგობრობდა და ვარჯიშებზე სიცოცხლე შემოჰქონდა. ამიტომაც, ერთთადერთი, რაც დღეს ჩვენ და ფანებს გვინდა ახსნა-განმარტებაა: გვითხრან, რატომ გაუშვეს უილკინსი თანამდებობიდან“.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „სტემფორდ ბრიჯზე“ 18 თვის წინ მივიდა და აცხადებდა, რომ ათი წლით აპირებდა დარჩენას. დღეს, ამის აღარავის სჯერა. ბოლო ტურებში, 21 შესაძლებლიდან „ჩელსიმ“ მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა. 
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული