გახეული პარკი

AutoSharing Option
პარკ ჯი-სუნი პრემიერლიგის "ბოქსინგ დეის" ანუ საშობაო-საახალწლო თამაშების შემდეგ ყატარში უნდა გაფრინდეს და კორეის ნაკრების შემადგენლობაში აზიის თასზე იასპარეზოს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ასეთი პერსპექტივა გულზე არ ეხატება. მიზეზი კი ის არის, რომ ნაკრების გამო მას "იუნაიტედის" 7 თამაშის გაცდენა მოუწევს.

რასაკვირველია, თუ კორეელები ცუდად ითამაშებენ და შეჯიბრებას მალე გამოემშვიდობებიან, პარკის პრობლემა მოგვარდება, მაგრამ... ვაგლახ, სამხრეთ კორეის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. ერთი სიტყვით, ფეხბურთელი კლუბსა და ნაკრებს შორის ორად გახლავთ გახეული.

"აზიის თასმა შერეული გრძნობები გამიჩინა. დღეს, კარგ ფორმაში ვარ და
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში წარმატებით ვთამაშობ, ამიტომაც, აქედან აყრა და ყატარში, სულ სხვა შეჯიბრებაში მონაწილეობა, ძალიან არ მინდა. მეორე მხრივ კი ჩემი ქვეყნის გუნდში თამაში მსურს, თუმცა, რა გაეწყობა, უნდა წავიდე. "მანჩესტერ იუნაიტედს" ხომ ჩემს გარეშეც მრავლად ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებას მოუტანენ", - თქვა პარკმა.

მეორე მხრივ კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს, პრემიერლიგის ბევრ მიმომხილველს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ ფიგურად სწორედ კორეელი მიაჩნია. ბოლო ტურში "იუნაიტედმა" ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი, "არსენალიც" პარკის გოლით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული