ტერი გვარზე ხტისო

AutoSharing Option

გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისში „რაშდენ ენდ დეიმონდზის“ 24 წლის მეკარე დეილ რობერტსი გარდაიცვალა. თურმე თავი მოუკლავს. მიზეზი: საცოლის ღალატი. გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ ღალატი კვლავ ტერისთან არის დაკავშირებული - ოღონდ, ამჯერად ჯონ ტერისთან კი არა, მის ძმა პოლ ტერისთან. კვლავ ტერი და კვლავ თანაგუნდელის სატრფო.

დიახ, პოლ ტერიც ფეხბურთელია, ოღონდ თავისი უმცროსი ძმასავით ნიჭიერი არ არის და პრემიერლიგაში კი არა, კონფერენსში, „რაშდენ ენდ დეიმონდზში“ თამაშობს. თუმცა, ლიგას რა მნიშვნელობა აქვს. შენ ტერი იყავი და თანაგუნდელის შეყვარებული ან ცოლი ყველგან მოიძებნება.

ჰოდა, პოლმაც არ შეარცხვინა ოჯახი, დეილ რობერტსის 25 წლის საცოლეს ლინდსი კოუენს „მიუცუცქდა“ და საწადელი აისრულა. თან, ადგილიც შესაშური სიზუსტით შეურჩევია – წყვილის სახლი.

ეს ამბავი მაისში მოხდა და გახმაურდა. მეკარემ უსინდისო ადამიანის თანაგუნდელობაზე უარი თქვა, კლუბიც სამართლიანობის მხარეს დადგა და ტერი გააგდო – აგვისტოში იგი „დარლინგტონში“ გადავიდა. ცნობისათვის: „დარლინგტონიც“კონფერენს ლიგის გუნდია.
და აი, დეილ რობერტსი თავის სახლში ჩამოხრჩობილი იპოვნეს. პოლიციამ ბინაში თითოეული სანტიმეტრი შეამოწმა და დაასკვნა, რომ იქ მოძალადე არავინ ყოფილა. მავანს შეიძლება კითხვა დაებადოს: ქალმა რობერტსს მაისში უღალატა, მან კი თავი დეკემბარში ჩამოიხრჩო – განა შეიძლება ხელაღებით მტკიცება, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირშია? რობერტსის მეგობრები და თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ შეიძლება, რადგან ახალგაზრდა კაცი დღენიადაგ მათ თვალწინ ტრიალებდა და ისინი ხედავდნენ, როგორ განიცდიდა იგი შეყვარებულის ღალატს.

დეილ რობერტსის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა: „ლინდსისა და პოლის ურთიერთობა მაშინ გახმაურდა, როდესაც პოლი ღამით დეილის და ლინდსის სახლში დარჩა – დეილი დაშავებული გახლდათ და ის შინ არ ათენებდა. ეს რომ გავიგეთ, ბიჭებმა ტერის მხარდამხარ თამაშზე უარი განვაცხადეთ და ის გაყიდეს. დეილი კი მას მერე დათრგუნული დადიოდა, ძველებურად ბედნიერი აღარავის უნახავს“.

და ბოლოს, თუკი ვინმემ ვერ გაიგო, რატომ ვახსენეთ ზემოთ პოლ ტერის უმცროსი ძმა, „ჩელსის“ მოქმედი და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი, ორიოდ სიტყვით შევახსენებთ, რომ მანაც ზუსტად იგივე ჩაიდინა: „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელისა და ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელის უეინ ბრიჯის ცოლთან, ვანესა პერონსელთან რომანი გააბა. განსხვავება ის არის, რომ ბრიჯი საბრალო დეილ რობერტსივით ემოციური ადამიანი არ გამოდგა და თავს დატეხილ შეურაცხყოფასა და დრამას არ დანებდა. ბრიჯს პერონსელთან შვილიც კი ჰყავს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული