„ბლექბერნ როვერსში“ რომ უცნაური ამბები ტრიალებს საკუთრივ კლუბის ვებ-საიტიდანაც თვალნათლივ გამოჩნდა: ამ დღეებში აქ გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ერთად იყვნენ გადაღებული რეპერი ეკონი, ყოფილი მოკრივე, მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი ლენოქს ლუისი და კლუბის ახალი მეპატრონე ბალაჯი რაო – ინდოელი კაცი, კორპორაცია „ვენკის“ წარმომადგენელი. ფოტო ინდოეთში სწრაფი კვების რესტორნის პრეზენტაციაზეა გადაღებული. საიდან სადაო?
უცნაური ამბები იმისაა, რომ დაზუსტებით თავადაც ვერაფრი გითხრათ, თუმცა შეგვიძლია ორ წვრილმანს გავუსვათ ხაზი: რესტორანი, რომელიც ასეთი ზარ-ზეიმით გაიხსნა, „ვენკის“ ეკუთვნის და რეპერი ეკონი ერთ-ერთ ფოტოზე „ბლექბერნის“ მაისური უჭირავს. ამას
ამასობაში კი გადის დღეები და პასუხი კითხვაზე, ვინ შეცვლის ინდოელების მიერ სამსახურიდან გაგდებულ მწვრთნელს სემ ელერდაისს უპასუხოდ რჩება. სამაგიეროდ, ირკვევა, რომ ახალ მეპატრონეებსა და მწვრთნელს შორის დაპირისპირება სატრანსფერო საკითხმა, უფრო სწორად კი პოლიტიკამ განაპირობა. ზედმეტ წვრილმანებში ნუ ჩავიძირებით და ზოგადად ვთქვათ, რომ „ვენკის“ ხალხი ელერდაისს ავალდებულებდა ახალი ფეხბურთელები მაინცდამაინც მათთან შეკრული ფირმის დახმარებითა და რეკომენდაციით შეერჩია. „ვენკის“ თავმჯდომარე ქალმა ანურადჰა დესაიმ ელერდაისს გაღმა შეუტია:
„გუნდს უნდა შეეძლოს მეხუთე-მეშვიდე ადგილზე გავიდეს. ხომ არ შეიძლება ყოველ სეზონში გავარდნის საშიშროების წინაშე იდგე და მერე გადარჩენა წარმატებად მიგაჩნდეს. არა მგონია „ბლექბერნ როვერსი“ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებდეს და თუ ასეა, მაშინ სემ ელერდაისი არ გამოგვადგება. ერთხელ, მამაჩემმა მითხრა, რომ ადამიანის ათი გადაწყვეტილებიდან შვიდი მაინც უნდა იყოს სწორი. ორ ან სამ შეცდომას კი ამ ცხოვრებაში ყოველთვის დაუშვებ. ღმერთები არც ჩვენ ვართ, სულ სწორად რომ ვიმოქმედოთ.
სხვა საქმეა, როდესაც ათიდან ცხრა გადაწყვეტილება მცდარია. სწორედ ასე მიდიოდა ელერდაისის ხელსი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა. ამ საქმეში ჩვენი პარტნირი ფირმა გახლავთ „კენტარიო“, თუმცა ბოლო სიტყვა სემისა იყო. ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, ამა თუ იმ მოთამაშის შესახებ მისი აზრის გათვალისწინების გარეშე დაგვეწყო მსჯელობა. ვიმეორებ, გადაწყვეტილების მიღებაზე კი არ ვლაპარაკობ, ელერდაისის გარეშე მსჯელობაც კი არ დაგვიწყია“.
ქალბატონი დესაის თქმით, ორი თვის განმავლობაში გუნდს ერთ-ერთი მწვრთნელთაგანი, სტივი კინი გაუძღვება. „ვენკი“ ეძებს ეროვნებით ინგლისელ სპეციალისტს, რომელსაც პრემიერლიგაში უთამაშია, ოღონდ... თავიდან დესაი ბრძანებდა, რომ ასეთს ათ დღეში მიაგნებდა, შემდეგ კი ეს ათი დღე სამ თვედ გადააკეთა. როგორც ზემოთ გითხარით, ახლა ორ თვეზეა ლაპარაკი.
კიდევ სხვაგან, ერთ-ერთ შეხვედრაზე, დესაიმ თქვა, რომ თუ სტივ კნი ამ ორი თვის განმავლობაში კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს, თანამდებობაც მას დარჩება. ერთი სიტყვით, ერთადერთი, რაც ამწუთას ნამდვილად შეიძლება ითქვას ის არის, რომ „ბლექბერნ როვერსს“ დიეგო მარადონა არ ჩაუდგება სათავეში. ეს სახელი ჰაერიდან არ მოგვიტანია, ხალხში დიდ არგენტინელზეც ლაპარაკობდნენ.
„არა, არა. მარადონას კანდიდატურა ერთი წამითაც კი არ განხილულა. ამ კაცთან საერთო არაფერი გვაქვს“ - თქვა ქალბატონმა თავმჯდომარემ.