კაპელო კაპელოს ზურგს უკან?

AutoSharing Option

ფაბიო კაპელოზე ხმა დაყარეს „ინტერში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ გადადისო, მაგრამ ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა შორს დაიჭირა თავი. არადა, ჭორი შთამბეჭდავი იყო. ისეთი ტონითა და დაჟინებით ამბობდნენ, რომ ძალიან ჰგავდა სინამდვილეს. ირწმუნებოდნენ, რომ კაპელოს ისტლენდელების არაბ შეფებთან საიდუმლო მოლაპარაკებები ჰქონდა და წელიწადში 8 მილიონ ფუნტად (12,48 მილიონი დოლარი) რობერტო მანჩინის შეცვლას დაპირდა. იმავდროულად, კაპელოსა და მანჩინის სამშობლოში ითქვა, რომ „ინტერი“ რაფა ბენიტესს უშვებს და მის ადგილზე სწორედ ინგლისის ნაკრების მიყვანას ფიქრობს.

კაპელომ ჭორებს პასუხი თავისი ვაჟისა და იმავდროულად მენეჯერის, პიერფილიპოს პირით

გასცა: „წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზურგს უკან მან ვინმესთან მოლაპარაკებები წამოიწყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემიძლია სრულიად გულწრფელად მოგახსენოთ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, იყო თუ არა მამაჩემის გადაბირებით დაინტერესებული რომელიმე გუნდი იტალიაში, ინგლისში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. არადა, ფაბიოსთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, ვინმე რომ გამოჩენილიყო, არავითარ შემთხვევაში არ გამომეპარებოდა. რაც შეეხება საიდუმლო მოლაპარაკებებს, ამას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვერაფრით დავიჯერებ.

მამაჩემს კარგად ვიცნობ. ის არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც თავისი ხალხის ზურგს უკან ვინმეს რამეზე გაურიგდება. ამა თუ იმ კლუბს მისთვის წინადადებით რომ მიემართა, აუცილებლად მეტყოდა ამის შესახებ და მოლაპარაკებებში ჩამრთავდა. ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად დამირეკავდა და დამავალებდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ურთიერთობის გარკვევას. მე მომიწევდა ასოციაციის შეფებთან გარკვევა, შეიძლება თუ არა მამაჩემის კონტრაქტის შეჩერება სეზონის ბოლოს, ექვს თვეში თუ ერთი წლის შემდეგ.

ვთქვათ, „ნიუ იორკ რედ ბულზს“ რომ სდომებოდა ფაბიო კაპელოს გადაბირება, ის დამიკავშირდებოდა და მეტყოდა, რომ ეს კლუბი, წელიწადში 50 მილიონს სთავაზობს და მკითხავდა, რა გეგმა შემიძლია შევთავაზო ამ სამსახურში გადასასვლელად. მაგრამ, ეს ყველაფერი ფანტაზიაა. სინამდვილე კი ერთადერთია: ფაბიოს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან აქვს კონტრაქტი, რომელიც 2012 წლამდეა ძალაში. იქ, სიტყვასიტყვით ასე წერია: ევროპის ჩემპიონატის ბოლო თამაშამდე. 2012 წელი და ევროპის ჩემპიონატის ბოლო თამაში კი ჯერ ძალიან შორს არის. დღეს, ნამდვილად ვერ გეტყვით სად წავა მამაჩემი ამის მერე – რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ან თავად იგი აღარ ისურვებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. იქნებ, საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს ან სულ სხვა სამსახური ნახოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ვერაფერს ვიტყვი. ხოლო იმას, რომ ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებიდან არსად მიდის, ალბათ, საკუთრივ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც დაადასტურებს“.

2010 წელი კი ინგლისის ნაკრებმა, „ფიფა-კოკა კოლას“ რეიტინგში მეექვსე ადგილზე დაასრულა. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია, რომლის მერეც მოდის ჰოლანდია – გუნდი, რომელიც ესპანელებმა მუნდიალის ფინალში დაამარცხეს, მათ კი მოჰყვება: გერმანია, ბრაზილია და არგენტინა. რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც ფიფამ ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობა უბოძა: რუსეთი მეცამეტეა, ყატარი კი 114-ე.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული