ინგლისში, ორ ფრანგ ფეხბურთელს, სამირ ნასრისა და უილიამ გალასს შორის კონფლიქტი გრძელდება და ახალ ფაზაში გადადის. „არსენალის“ ვარსკვლავი ამბობს, რომ გალასმა, რომელიც დღეს „ტოტენჰემში“ გამოდის, ადრე კი თავადაც „არსენალის“ წევრი იყო, მის კბენასა და კრიტიკას აღარ დაანება თავი.
ნასრი, მოგეხსენებათ, ოთხშაბათს საფრანგეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამიტომაც გახშირდა ბოლო დროს მისი ინტერვიუები. წარმოშობით ალჟირელმა ვარსკვლავმა თქვა, რომ ის და გალასი ერთმანეთს უკვე მთელი წელიწადია აღარ ელაპარაკებიან. მათ შორის შავმა კატამ მას მერე გაირბინა, რაც ნასრიმ წაიკითხა გალასის ავტობიოგრაფიული
„უკვე წელიწადი შესრულდა, რაც გალასს „არსენალის“ გასახდელშიც კი არ მივსალმებივარ. ამასწინათ ტელეგადაცემაში მიგვიწვიეს ერთად. რატომ უნდა ჩამომერთმია მისთვის ხელი, იმიტომ რომ „ტოტენჰემში“ გადავიდა? არა, ბატონო. მე ერთის ფიქრი და მეორენაირად ქცევა არ მჩვევია. თუ მე ვინმე გულზე არ მეხატება ამას პირში ვეუბნები და ხელს აღარ ვართმევ. მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენ ერთმანეთს რომ ვერ ვიტანთ. მან ამის შესახებ წიგნშიც კი დაწერა. „ტოტენჰემთან“ რომ დავმარცხდით გავიგონე როგორ თქვა, რომ თამაში ასე ჩემს გამო დამთავრდა. ჰოდა, რა, ხელი უნდა ჩამომერთმია?“
ბირმინგემმა ოკეანე გადაცურა
„ბირმინგემ სიტი“ აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელს, ედსონ ბადლს ამოწმებს. თუ მოეწონება, არ არის გამორიცხული იანვარში იგი ქირით დაიმატოს კიდეც. ბადლი „ლოს ენჯელეს გელექსიში“ თამაშობს და თუ გახსოვთ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო – ორჯერ შეცვლაზე შევიდა. ერთხელ ეს ინგლისთან შეხვედრაში მოხდა (1:1), მეორედ კი ალჟირის წინააღმდეგ (1:0). „ბირმინგემის“ მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა თქვა:
„ერთი კვირაა რაც ეს ფეხბურთელი ჩვენთან ვარჯიშობს და ჯერჯერობით დასაწუნებელი არაფერი გაუკეთებია. მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ ჩვენ მას აუცილებლად დავიმატებთ ადრეა“.
მაკლიშს თავდამსხმელები აკლია, მით უფრო მას მერე, რაც გერი ო’კონორი ჩემპიონშიფის კლუბ „ბარნსლიში“ გაუშვა. გარდა ამისა ბირმინგემელებს შოტლანდიელი ჯეიმს მაკფადენიც დაშავებული ჰყავთ და მთელი სეზონი ნიკოლა ჟიგიჩისა და კემერონ ჯერომის კისერზე გადადის.
ბადლი ლოს ენჯელესში დევიდ ბექჰემის მხარდამხარ თამაშობს და გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
ალმუნია ისევ დაშავდა
„არსენალის“ ესპანელი მეკარე მანუელ ალმუნია ისევ დაშავდა და მოედნის ნაცვლად ექიმის კაბინეტში მოუხდა დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ გოლკიპერს იდაყვი ჰქონდა ნატკენი და მკურნალობას კარგა ხანი მოანდომა. ამასობაში „მეთოფეთა“ კარში პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ იგრძნო თავი მოხერხებულად და დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩრდილოლონდონელები ალმუნიას იანვარში გაყიდდნენ. ასეთ ვითარებაში ესპანელის დაბრუნებას შეიძლება ცოტათი მაინც მოეფინა ნათელი, მაგრამ ვაგლახ, მას კოჭი გადაუბრუნდა.