ბოლო დროს კარლოს ტევესთან დაკავშირებით მხოლოდ სენსაციური ამბები ისმის. ბოლო ცნობა ასეთია: „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირდნენ, „სიტისგან“ შენი ყოფილი თავდამსხმელის გამოსყიდვა ხომ არ გინდაო. ინგლისური ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონთან ნიადაგი ტევესის ბანაკში მოტრიალე ადამიანებმა მოსინჯეს.
ფერგიუსონმა ეს ამბავი არ დამალა და არაოფიციალურად თუ ნახევრად ოფიციალურად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა, რომ „სიტი“ რომც შეეხვეწოს, არგენტინელის დამბრუნებელი არ არის. ან კი „სიტი“ რატომ უნდა შეეხვეწოს? ფერგიუსონთან ხალხი ისტლენდელებს არ მიუგზავნიათ და საერთოდ არ იცოდნენ, ვინმეს გონებაში ასეთი „მკრეხელობა“ თუ მწიფდებოდა. შეგახსენებთ,
ტევესს „მანჩესტერ სიტიშიც“ პრობლემა აქვს - ოფისში განცხადება მიიტანა, გამყიდეთო და რამდენიმე დღით, რობერტო მანჩინის ნებართვით, ტენერიფეზე „გაიქცა“, თუმცა შემდეგ ინგლისში დაბრუნდა და დღეს, „ევერტონთან“ შეხვედრა უამინდობის გამო თუ არ გადაიდება, ითამაშებს. ერთი სიტყვით, ისტლენდელები ტევესის „ისტერიკას“ არ აჰყვნენ და მშვიდად განაცხადეს, რომ ყველაფერი მისი აგენტის, კია ჯურაბჩიანის ბრალია - „სიტის“ შეფების განცხადებით ბრაზილიელი ბიზნესმენი ურევს თავდამსხმელს თავგზას. მათ არც იმისა სჯერათ, რომ ტევესი ნოსტალგიური ბუნების ადამიანია, თანაც შვილები ფლორენსია და კეტი ენატრება და ამიტომ არგენტინაში აპირებს დაბრუნებას – თუ ასეა, მანჩინიმ რამდენიმე დღით რომ გაანთავისუფლა რაღა ტენერიფეზე წავიდა, ბუენოს აირესში გადაფრენილიყო. სხვათა შორის, ინგლისურმა ტაბლოიდებმა რამდენიმე დღის წინ იგი ლონდონში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან, 18 წლის ბრენდა ასნიკართან ნახეს. ვარსკვლავს უგუნებობისა არაფერი ეტყობოდა. და ამ ყველაფრის ფონზე ის, რომ კარლოს ტევესს ფეხბურთის თამაში მობეზრდა და საქმისთვის თავის დანებებას აპირებს, მანჩესტერში ზღაპრად ეჩვენებათ.
ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ის, რასაც ფეხბურთელი გასულ კვირაში ამბობდა - თითქოს კლუბის ზოგიერთ თანამშრომელთან ცუდი ურთიერთობა აქვს - პირწმინდა ტყუილია. ეს ყველაფერი ჯურაბჩიანმა იმიტომ გამოიგონა, რომ „სიტის“ ტევესის ხელფასი გააზრდევინოს. მაგრამ, მედალს მეორე მხარეც აქვს – ტევესმა ფეხი რომ დაჰკრას და ისტლენდიდან გაიქცეს, ძნელად თუ იპოვნის კლუბს, რომელიც მის დღევანდელ ჯამაგირზე, კვირაში 200 ათას ფუნტზე მეტს გადაუხდის. როგორც ჩანს „იუნაიტედის“ იმედი ჰქონდა, მაგრამ...
„სიტის“ მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „კარლოსი ვარჯიშებს ჩვეული ენთუზიაზმით დაუბრუნდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის არსად წავა და ყველა ღონეს იხმარს, რათა გუნდმა პრემიერლიგაში რაც შეიძლება მაღალი ადგილი მოიპოვოს“.
„ევერტონთან“ გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ საშობაოდ ცხრილში პირველ ადგილზე გადაახტუნებს, რაც 81 წელიწადია არ მომხდარა.
საწყენად არ მიიღო ძმაო, არ არის ტევესის აგენტი სომეხი, ის არის არა ჯუბრიჩიანი, არამედ ჯუბრიჩანი, ირანელია და ეს რამდენიმე წლის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში ბიძინა ბარათაშვილმა თქვა. ასე რომ სომხებს დამატებით სალაპარაკოს ნუ მივცემთ, თორემ ყველა სომეხიაო, ისედაც ამტკიცებენ:) ეს ჯუბრიჩანი იყო პატარკაციშვილთან ერთად "კორინტიასში", თუ გახსოვთ. თუმცა "ასეთი მაიმუნი" ნაღდარ არის - ამაში გეთანხმები :)