დევიდის სიამაყე და ვიქტორიას ცრემლები [+VIDEO]

AutoSharing Option

დევიდ ბექჰემი BBC-მ ცხოვრებაში მიღწეული შედეგების გამო „წლის ადამიანად“ დაასახელა, რამაც მის პოპ-ვარსკვლავ მეუღლეს, ვიქტორია ადამს-ბექჰემს გული აუჩუყა და ცრემლი ადინა. „სფაის გელზის“ ყოფილი წევრი დარბაზში სამ ვაჟთან, 11 წლის ბრუკლინთან, 8 წლის რომეოსა და 4 წლის კრუზთან ერთად იჯდა. მასთან იყო დევიდის დედა სანდრაც. ემოცია მოეძალა თავად დაჯილდოვებულსაც. სამადლობელო სიტყვაში მან სწორედ მეუღლისა და შვილების მხარდაჭერას და ხელშეწყობას გაუსვა ხაზი. მან თქვა:

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს. მან მხოლოდ სამი არაჩვეულებრივი ბიჭი როდი მაჩუქა. იგი მთელი ამ ხნის

განმავლობაში მხარში მედგა და ყოველ დღე ახალი წარმარტებისკენ მაქეზებდა. ვიქტორია, ბრუკლინ, რომეო და კრუზ - დიდი მადლობა!“ 

და სანამ აღელვებული ბექჰემი სულს ითქვამდა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ სერ ბობი ჩარლტონმა ბრძანა: „დევიდი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ის იმსახურებს ყველა სიტყვასა და ჯილდოს, რომელიც დღეს მიიღო. გარდა ამისა, მას ერთი ძალიან გამორჩეული თვისებაც აქვს - სიმართლის თქმისა არასდროს ეშინია“. 

შემდეგ ისევ ბექჰემმა ილაპარაკა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჯილდო მივიღე იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი პატივია ისიც, რომ იგი სერ ბობიმ გადმომცა.

ფეხბურთი გუნდური თამაშია და შესაბამისად, თანაგუნდელების მხარდაჭერის გარეშე რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. რომ არა ჩემი პარტნიორების ოსტატობა და მაღალი კლასი, მე დღეს ამ სცენაზე არ ვიდგებოდი. ჩემი კარიერის ყველაზე საამაყო პერიოდები ინგლისის ნაკრებთან გახლავთ დაკავშირებული.


ცხოვრებაში რამდენიმე უდიდეს მწვრთნელთანაც მიმუშავია და ჩემთვის მათ შორის, გამორჩეული, რასაკვირველია, სერ ალექს ფერგიუსონია, რომელსაც მეორე მამად მივიჩნევ. და რასაკვირველია, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარში მედგნენ“.

დევიდ ბექჰემს სამადლობელო სიტყვაში არც დები, პაპა-ბებიები, ოჯახის სხვა წევრები, მეგობრები და ყველა ის ხალხი დავიწყებია, ვინც ამა თუ იმ დროს ხელი შეუწყო. ამას დაჯილდოვებულმა ვარსკვლავმა დაამატა სხვებიც, ვინც კიდევ უნდა ეხსენებინა, მაგრამ გამორჩა და ბოლოს ავღანეთში გაგზავნილ ბრიტანელ ჯარისკაცებს შეეხმიანა - შობა მიულოცა.

სპორტსმენთაგან დევიდ ბექჰემამდე იგივე ჯილდო მიიღეს სერ ალექს ფერგიუსონმა, ჯორჯ ბესტმა და ლეგენდარულმა ესპანელმა მეგოლფემ სევერიანო ბალესტეროსმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დევიდ ბექჰემი წარმოშობით ლონდონელია. ინგლისის ნაკრებში პირველად 1996 წლის სექტემბერში მოლდოვას წინააღმდეგ ითამაშა, სულ კი 115-ჯერ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური. საკლუბო ფეხბურთში 10 წელიწადი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 9 დიდი ჯილდო მოიგო. შემდეგ, კარიერა გააგრძელა მადრიდის „რეალში“, რომლის შემადგენლობაშიც ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. ევროპულ გუნდთაგან ბექჰემს „მილანშიც“ აქვს ნათამაშები, დღეს კი აშშ-ს „ლოს ანჯელეს გელექსიში“ გამოდის.

BBC-ს დაჯილდოვება დევიდ ბექჰემისთვის უცხო არ არის. 2001 წელს იგი ამ სამაუწყებლო კომპანიამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული