კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტის“ შეურიგდა და ისტლენდზე დარჩენა გადაწყვიტა. არგენტინელი თავდამსხმელი ხალდუნ ალ მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ მოტყდა. ტევესმა გაიტანა განცხადება განთავისუფლების შესახებ და ორშაბათ საღამოს „ევერტონთან“ შეხვედრაში ძველებურადაც უკაპიტნა გუნდს. ვაგლახ, მოედანზე საქმე ცუდად წავიდა - ლივერპულელმა სტუმრებმა 2:1 მოიგეს „სიტიმ“ ხელიდან გაუშვა შანსი 1929 წლის შემდეგ პირველად შეგებებოდა შობას ცხრილის სათავეში.
კლუბის თავმჯდომარე ხალდუნი, აღმასრულებელი შეფი გერი კუკი და კარლოს ტევესი ერთმანეთს „ევერტონთან“ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე „ქერინგტონის“ საწვრთნელ ბაზაზე შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ არგენტინელმა „სიტის“ დანარჩენ თანამშ
რა მოხდება, ზაფხულში გამოჩნდება, მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგა, რომლის ბოლო ეტაპი ორი კვირის წინ ტევესის განცხადებით დაიწყო, ორშაბათს დასრულდა და „სიტის“ გარკვეული სტაბილურობის შეგრძნება მოუტანა. თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მაინც არ გადაწყვეტილა. ასეთია, მაგალითად, ტევესის ურთიერთობა გერი კუკთან. ეს ორი ადამიანი ნაჩხუბარია და საქმე სამსახურებრივ წაკამათებასთან კი არა, პირად ზიზღთან გვაქვს. შესთავაზებენ თავდამსხმელს ახალ კონტრაქტს თუ არა, ის და „ნაიკის“ ყოფილი აღმასრულებელი შეფი მაინც ვერ დაუტკბებიან ერთმანეთს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ტევესთან ურთიერთობის დალაგების მიუხედავად „მანჩესტერ სიტი“ „ვოლფსბურგისგან“ ედინ ძეკოს ყიდვას მაინც აპირებს.
მოგეხსენებათ, ისტლენდელები კარლოს ტევესის აგენტ კია ჯურაბჩიანზე იყვნენ ნაწყენნი. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ამ ბრაზილიელი ბიზნესმენის ბრალია. „სიტის“ შეფთა რწმენით, სწორედ მან წააქეზა ფორვარდი. მიზანი, რასაკვირველია, კლუბისთვის კიდევ უფრო დიდი ხელფასის გამოძალვა გახლდათ - ეს ძალიან ჰგავდა უეინ რუნისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორიოდ თვის წინანდელ ისტორიას, იმ განსხვავებით, რომ იქ რუნიმ საწადელს მიაღწია. ამიტომაც იყო, ხალდუნთან მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ისტლენდელებმა საგანგებოდ რომ დაწერეს, კარლოს ტევესისთვის პენიც არ მოგვიმატებიაო. ადრეც გვიხსენებია, რომ „სიტის“ პრინციპად აქვს: სეზონის განმავლობაში ჯამაგირს არავის უმატებს და კიდევ, არც ერთ ფეხბურთელს არ ელაპარაკება ხელფასის გაზრდაზე სანამ მას ხელშეკრულების ნახევარი მაინც არ გაუვა. ტევესის შემთხვევაში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ შემდეგი იანვრიდან არის შესაძლებელი. კლუბის განცხადებაში წერია:
„კლუბს შეუძლია თავის ფანებს უთხრას, რომ კარლოს ტევესთან გაიმართა საუბარი, რომელმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ამ საუბრის განმავლობაში კარლოსმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ერთგულია და განცხადება გუნდიდან წასვლის შესახებ, რომლითაც ერთი ხნის წინ მოგვმართა, გაიტანა. ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტში არაფერი შეცვლილა და იგი, ისევე როგორც კლუბი, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას აპირებს“.
ზემოთ რამდენჯერმე ხალდუნ ალ მუბარაქი ვახსენეთ. „სიტის“ თავმჯდომარე ინგლისში, ტევესთან შესახვედრად, წინასწარ დათქმულ დროს ჩავიდა, თუმცა კლუბი აცხადებს, რომ მას სხვა საქმეებიც ჰქონდა. უფრო სწორად, ხალდუნი თავიდან არგენტინელის მორჯულების კამპანიაში მონაწილეობას არ აპირებდა, მაგრამ როდესაც შეატყო, რომ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ წინასწარ მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწია, გადაწყვიტა საქმეში ჩართულიყო. რამდენადაც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, ხალდუნი ტევესთან შეხვედრისას შეუვალი იყო. მას ფეხბურთელისთვის უთქვამს, რომ „სიტი“ არსად გაუშვებს, თუნდაც მან პროტესტის ნიშნად თამაშს თავი დაანებოს. მეორე მხრივ კი მანჩესტერელთა თავმჯდომარე კმაყოფილი დარჩენილა - მართალია, სიმკაცრემ შედეგი მოიტანა, მაგრამ აშკარად დაინახა, რომ სინამდვილეში ტევესს წასვლა არ უნდოდაო.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ კარლოს ტევესის ისტლენდზე დატოვების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი მანჩინიმ ითამაშა, მაგრამ მაინც გასარკვევია, როგორ განვითარდება ამ ორი ადამიანის ურთიერთობა. გაზეთებში წერია, მართალია ტევესმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მწვრთნელთან ჩინებული ურთიერთობა აქვს, მაგრამ იტალიელს კარგად მოეხსენება, რომ სინამდვილეში ფეხბურთელს ის სძულსო.
ერთი სიტყვით, კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტიში“ დარჩა, მაგრამ ბევრი რამ მაინც გაუგებარია და ამიტომაც ფიქრობს საქმეში ჩახედული ხალხი, რომ შერიგება დროებითია - როგორც კი სარფიანი წინადადება გამოჩნდება, „ერთგულების ისტორია“ დასრულდება.