X, Y და ბრიტანია

AutoSharing Option

გვყავს X ფეხბურთელი (ლეო მესი), Y საფეხბურთო ექსპერტი (ენდი გრეი) და გვაქვს კოხტა "ბრიტანია სტედიუმი", სადაც არცთუ გამორჩეული ინგლისური კლუბი, "სტოკ სიტი" თამაშობს. ახლა ვნახოთ, რა გამოგვივა ამ არცთუ მათემატიკურ ცვლადთაგან ჯამში. რა და... საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალი.

გრეი, მოგეხსენებათ, ინგლისურად ნაცრისფერს ნიშნავს და ორნაირად იწერება grey და gray (უმთავრესად, ამერიკაში), როგორც ჩვენი საფეხბურთო ექსპერტის გვარშია. არადა, ეს გრეი არც ფეხბურთელობის ჟამს (70-იან, 80-იან წლებში ინგლისურ და შოტლანდიურ კლუბებში ჯამში 200 გოლი გაიტანა) იყო ურიგო სპორტსმენი და ექპერტადაც აქებენ - ბოლობოლო

"სქაი სპორტსზე" საკუთარი გადაცემაც აქვს: "ენდი გრეის ბოლო სიტყვა".

"სქაი სპორტსი" "მანჩესტერ სიტისა" და "ევერტონის" პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა, თამაშის შემდეგ კი ენდი გრეიმ "ოქროს ბურთის" თემაზე ილაპარაკა. გრეის ჰკითხეს, როგორ გამოიჩენდა თავს ინგლისურ პრემიერლიგაში ლიონელ მესიო.

ფეხბურთელყოფილი ექსპერტის პასუხი შოკისმომგვრელი იყო: "ეს პატარა არგენტინელი ბიჭი "ბრიტანიის" სტადიონზე თავს ვერაფრით გამოიჩენდა და ცივ ინგლისურ საღამოს სულ მთლად გაიყინებოდა. "ბარსელონა" რომ ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობდეს, ვერაფერს გააწყობდა, რადგან ამ გუნდს არასოდეს უწევს "სტოკ სიტის" ნაირ გუნდებთან თამაში".

ერიჰაა! ვინმეს, რომ არ ეგონოს, ამ სიტყვებით ენდი გრეიმ "სტოკ სიტის" ფანების გასახარად იხუმრა, დავწერთ, რომ ის ამ ფრაზაზე არ გაჩერებულა და განაგრძო... 55 წლის ექსპეტმა აღნიშნა, რომ ლა ლიგა ახლოსაც ვერ მივა პრემიერლიგასთან, რადგან ესპანეთში ძალიან ცოტა მაღალი კლასის გუნდი და ფეხბურთელია, ვიდრე ინგლისში. იბერიელებს თურმე "ხარისხობრივი სიღრმე" აკლიათ. ბოლოს ექსპერტს ცოტა აერია კიდეც: "როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მესიმ ან კრიშტიანო რონალდომ სეზონში 20 და 30 გოლი გაიტანონ აქო".

ამას რომ ამბობდა, გრეის უნებურად დაავიწყდა, რომ რონალდო ადრე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და 2007-08 წლების სეზონში 31 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ბოლოს გრეიმ საუბრის ტონი შეარბილა და გაკვირვებით იკითხა, რონალდო "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში როგორ ვერ მოხვდაო. თურმე პორტუგალიელის მთავარი საფეხბურთო ღირსება ის ყოფილა, რომ რონალდო ინგლისში თამაშობდა და იქ "გაკაჟდა".

გრეის ეს გამონათქვამები ყველაზე პოპულარული სადისკუსიო გამოდგა სოციალურ ქსელებში (საფეხბურთო თემატიკაში) და ჩვენმა ექსპერტმაც "ფეისბუქსა" და "თვითერში" ათეულ ათასობით უკმაყოფილო გამოხმაურება დაიმსახურა. ჩათვალეთ, რომ ერთიც ესაა.

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული