თან ფეხბურთელი, თან ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „ლივერპულის“ ვეტერანი მცველი ჯეიმი კარაგერი მომავალში ნაკრების შესაძლო მწვრთნელად წარმოიდგინა და განაცხადა, რომ მას ეროვნული გუნდის ხელმძღვანელთა შტაბში ჩართავს. ამრიგად, 32 წლის კარაგერს სამწვრთნელო კარიერის ახალგაზრდულ ნაკრებში დაწყების შანსი ეძლევა. ასოციაციის წარმომადგენელთა დაკვირვებით, ლივერპულელი, რომელსაც სხვა გუნდში არასდროს უთამაშია და მერსისაიდელთა მისი წითელი მაისურით 450 შეხვედრა აქვს ჩატარებული იმ ელიტარულ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ახალგაზრდებისთვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ და დიდი შანსია მომავალში დიდ ნაკრებსაც გაუძღვნენ.

ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, სერ ტრევორ ბრუკინგმა დაადასტურა, რომ ასოციაციას მიზნად

ახალგაზრდა ინგლისელ მწვრთნელთა აღმოჩენა და წახალისება აქვს დასახული. მან ბრძანა:

„ახალი წლიდან ვაპირებთ რამდენიმე მათგანი მწვრთნელთა შტაბში მივიზიდოთ. ასე აჯობებს, ვიდრე მომავალში რომელიმე მათგანის პირდაპირ დიდი გუნდის თავკაცად დანიშვნა. ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელთაგანის ამოცანა ჩვენი გუნდების დაკვირვება, სტრუქტურის შესწავლა და მოთამაშეების შემჩნევა იქნება. ფეხბურთელებს, რომელთაც მომავალში მწვრთნელობა აქვთ გადაწყვეტილი, შეუძლიათ მოვიდნენ, ჩვენს კურსებსა და შეკრებებს დაესწრონ და დააკვირდნენ, აქვთ თუ არა უნარი და სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ ნაკრების განვითარების საქმეში“.

კარაგერის ზემოთ ნახსენებ შტაბში ჩართვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დღესვე ფაბიო კაპელოს ერთ-ერთი თანაშემწე გახდება, მაგრამ გეგმა აშკარაა: ფეხბურთის ასოციაციას მისი საქმეში ჩათრევა უნდა; ურჩევნია ლივერპულელი მწვრთნელად იხილოს და არა ალან შირერის მსგავსად, BBC-ს წამყვანად. ასეთივე სურვილი აქვს თავად კარაგერსაც, რომელიც ნოემბერში, „ტოტენჰემთან“ შეხვედრის დროს დაშავდა და ჯერჯერობით მოედანზე არ დაბრუნებულა. ფეხბურთელი არ მალავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ლივერპულის“ თავკაცობას აპირებს და ამისათვის სამწვრთნელო საქმის შესწავლა სურს. მართლაც დიდებული წინაპირობაა: უდიდესი გამოცდილების ადამიანი, სწავლას ეშურება. რასაკვირველია, 32 წლისას მოედნიდან მის კიდესთან გადანაცვლება არ ეჩქარება და ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადს კიდევ სიამოვნებით გააგორებდა ბურთს, მაგრამ ეს ბარტონის ეროვნულ საფეხბურთო ცენტრში სიარულში ხელს არ შეუშლის. სწორედ ბარტონის ცენტრს ხსნის ახლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და ნაკრების მწვრთნელთა შტაბის ახალგაზრდა წევრებთან იქ აპირებს მუშაობას.

თუ გახსოვთ, ჯეიმი კარაგერს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა და მარტო „ლივერპულის“ საქმეებით იყო დაკავებული, მაგრამ გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება რომ შესთავაზეს, დაყაბულდა. როგორც ირკვევა ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კაპელოსთან ერთად დიდ ტურნირზე ყოფნა და მის მეთოდებზე დაკვირვება ყოფილა. ახლა, თუკი ის ფეხბურთის ასოციაციის შემოთავაზებას დაყაბულდება, მიეცემა საშუალება მჭიდროდ ითანამშრომლოს 21 წლამდელთა ნაკრების თავკაც სტიუარტ პირსთან, რომელიც ბრუკინგის თქმით ამ დღეებში ასოციაციას თავისი ახალი კონტრაქტის პირობებს უთანხმებს.

და რაკიღა სიტყვამ ახალგაზრდა ინგლისელთა გუნდი მოიტანა, მომავალ წელს ასოციაციასა და „არსენალს“ შორის დიდი ბრდღვნა 18 წლის ჯეკ უილშირის გამო ატყდება. საქმე ის არის, რომ ინგლისელები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობის წაყვანას აპირებენ, რაც „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს არ ეჭაშნიკება. მან ზუსტად იცის, რომ ზაფხულის შემდეგ უილშირს დიდი ნაკრების თავკაცი კაპელოც რეგულარულად გამოიძახებს და ბიჭის გადაწვის ან დაშავების საშიშროებას ხედავს. გარდა ამისა ვენგერი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი ან ერთ ნაკრებში უნდა თამაშობდეს ან მეორეში, თუმცა 21 წლამდელთა წინა ჩემპიონატზე ბრძოლა წააგო და თეო უოლკოტი დათმო.

უილშირის დღეში არიან სხვა გუნდების ახალგაზრდა მოთამაშეებიც: მიკა რიჩარდსი, ჯორდან ჰენდერსონი, კიერან გიბსი და „ძმანი მათნი“, რომელთაც ინგლისის დიდი ნაკრების შვეიცარიელებთან შეხვედრიდან ერთ კვირაში, 11 ინვინიდან, ზემოთ ნახსენები ევროპის ორკვირიანი პირველობა ელით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული