როგორ განწყობაზე უნდა იყოს მეკარე იმ წელიწადს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და პრემიერლიგაში საუკეთესოს უწოდებენ? თითქოს, კარგზე, არა? არადა, რთულ დღეშია „ლივერპულის“ გოლკიპერი პეპე რეინა, თავად შესანიშნავ ფორმაშია, გუნდი კი ცუდად თამაშობს. ესპანელი უკვე ხუთი წელიწადია რაც „ენფილდზეა“, „წითლები“ კი თანდათან აუარესებენ შედეგებს. სამაგიეროდ, გასულ ზაფხულს, მისმა ეროვნულმა გუნდმა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აჯობა ყველას.
„თავს ბედნიერად მაინც არ ვგრძნობ - უთხრა რეინამ „დეილი მეილის“ კორესპონდენტს ¬– საქმე მრავალმხრივ უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო. უკმაყოფილო ვარ, რადგან ადამიანს ყოველთვის წარმატება სურს.
პეპე რეინა ბოლოხანს „ლივერპულის“ ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მეკარე, რომელმაც 200-მდე შეხვედრიდან 100-ში გოლი არ გაუშვა. ეს, რასაკვირველია, საამაყოა, მაგრამ „არსენალთან“ და „სტიაუასთან“ დაშვებულმა შეცდომებმა აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. ღვთის მადლით დახმარება შორს არ არის. მაშინ, როდესაც ბევრი სპორტსმენი ასეთ დროს ფსიქოლოგთან გარბის, პეპე ყურმილს იღებს და ყოველი შეხვედრის შემდეგ მამას,. მიგელ რეინას ურეკავს. მათთვის, ვისაც მიგელ რეინას გვარ-სახელი არაფერს ეუბნება: პეპეს მამა ახალგაზრდობაში მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების კარის მცველი გახლდათ.
„ის მხოლოდ მამა კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარიც არის - ამბობს პეპე – ყოველთვის ვუსმენ და ვუჯერებ. უპირველეს ყოვლისა მას ვურეკავ ხოლმე და ერთად ვიხსენებთ რა მოხდა განვლილ შეხვედრაში. მამაჩემზე უკეთეს რჩევას ვერავინ მომცემს, რადგან ყველაზე კარგად ის მიცნობს“.
მიგელის ხსენება რეინას გუნებას უკეთებს და უკვე შემართებით იწყებს ლაპარაკს ათას თემაზე. ახსენდება გასული ზაფხული, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კიდევ, ახსენდება გოლფი.
„აქ, „ლივერპულში“ გოლფს ნორმალურად სულ შვიდი-რვა კაცი ვთამაშობთ. ყველაზე ძლიერი, ალბათ დენი აგერია, სტივი ჯერარდსაც არა უშავს. დირკ კუიტს კი ჰგონია, რომ იცის თამაში, მაგრამ, სინამდვილეში, აზრზე არ არის“.
შემდეგ, რეინა ლაპარაკობს მის კავშირებზე „ბარსელონას“ ვარსკვლავებთან, ჩავისთან, ინიესტასთან და სხვებთან, რომლებსაც „ლა მასიას“ ბავშვთა აკადემიიდან იცნობს. იხსენებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მადრიდში გამართულ ზეიმს.
„ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. ის დღე, როდესაც ოცნება ახდა, დაუვიწყარი იყო. ასევე შესანიშნავი იყო შემდეგი ოთხი დღე. რაც შეეხება იმ მომენტს, სესკ ფაბრეგასს „ბარსელონას“ მაისური რომ ჩამოაცვეს, ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
თუმცა, გასულ წელიწადს რთული მომენტებიც იყო. მაგალითად, „ლივერპულიდან“ რაფა ბენიტესის წასვლა, თუმცა, ამას რეინაზე ისე ცუდად არ უმოქმედია, როგორც იმ ადგილს მერსისაიდელებმა პრემიერლიგის ცხრილში რომ დაიკავეს. ამას ვინ წარმოიდგენდა... შემდეგ, იყო გაუთავებელი პრობლემები მეპატრონესთან დაკავშირებით.
„მართლა შემაშფოთებელი მდგომარეობა იყო. არავინ იცოდა რა ხდებოდა – იხსენებს რეინა ოქტომბრის ამბებს, როდესაც „ლივერპული“ ამერკულმა კორპორაცია NEW ENGLAND SPORTS VENTURES-მა შეიძინა – შევყურებდით მოვლენებს და ვერც ერთი ჩვენგანი ვერაფერს აკეთებდა. ვიმედოვნებდით, რომ რაც უნდა მომხდარიყო ჩვენი კლუბისთვის სასიკეთო იქნებოდა. საბედნიეროდ, ახალი მეპატრონეები ჩვენს ცხოვრებაში დადებით როლს თამაშობენ. პირადად მათთან ბევრი ნამდვილად არ მილაპარაკია, მაგრამ ვატყობ, რომ სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, ბევრს ფიქრობენ. მგონი ჯობს დრო მივცეთ და მათი მოღვაწეობა მერეღა შევაფასოთ“.
დრო... აქვს კი პეპე რეინას ამდენი დრო? კიდევ დიდხანს დარჩება ესპანელი „ლივერპულში“? მისი შეძენა ხომ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „არსენალს“ სურთ. რეინა ნამდვილად არ არის ის კაცი, ვინც საუკეთესო წლებს ისეთ გუნდში გაატარებს, რომელსაც კონკურენცია არ შეუძლია. ის ამბობს:
„მე „ლივერპულთან“ კიდევ ხუთი წელიწადი და ექვსი თვე მაკავშირებს. მინდა ამ გუნდის შემადგენლობაში ტიტული მოვიპოვო. ამაზე მეტი რა ვქნა? სხვანაირად როგორ დავამტკიცო ჩემი ერთგულება? არადა პრესა სულ ჩემს წასვლაზე ლაპარაკობს. პირადად მე კი მხოლოდ ერთი სალაპარაკო თემა მაქვს - „ლივერპული“ და მისი წინსვლა. მსურს რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.
ეჭვი არ არსებობს, დღეს თუ არა ხვალ ჩვენი გუნდი პრემიერლიგის ცხრილში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისკენ ვცდილობთ წასვლას. სამწუხაროდ, ამწუთას სხვა მდგომარეობაა. მოდი, რეალისტები ვიყოთ - დღეს ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი. ჯერჯერობით გვინდა უძლიერესთა მარაქაში დავბრუნდეთ“.
შობისა და ახალი წლის დღეებში „ლივერპულს“ „ბლექპულთან“, „ვულვზსა“ და „ბოლტონთან“ უწევს თამაში და სამი მოგება აშკარად გაუუმჯობესებდა მდგომარეობას.
„თუ უახლოეს 10-12 დღეში კარგ შედეგებს მივაღწევთ, გუნება ყველას გამოუკეთდება და შემდეგ შესაძლოა უფრო ყოჩაღადაც ვითამაშოთ, თუმცა ძალიან დიდი მატჩი 9 იანვარს ფეხბურთის ასოციაციის თასზე გველის - „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა ვეთამაშოთ. თუ იქ გავიმარჯვებთ, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ისიც ალალად უნდა ვაღიაროთ, რომ კენჭისყრაში არ გაგვიმართლა. თუმცა კენჭისყრაში“ არც „იუნაიტედს“ გაუმართლა“.