ბლეფი

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ტიტულს უმიზნებს და ამისათვის „ვოლფსბურგიდან“ ედინ ჯეკოს გადაბირება სურს, მაგრამ გერმანელებმა ფეხბურთელი 38 მილიონი ფუნტი დააფასეს - 38 მილიონი ფუნტი დღევანდელი კურსით 58,67 მილიონი დოლარია. როგორც ჩანს შეცდა ისტლენდელთა იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჯეკოს შეძენის სურვილი აშკარად რომ გამოხატა - ვოლფსბურგელებმა ფულის შოვნის საშუალება დაინახეს. ცნობილია, რომ მანჩინიმ კლუბის თავმჯდომარეს, ხალდუნ ალ მუბარაქს უთხრა, ჯეკომ შეიძლება ის ძალა შეგვძინოს, რომლის წყალობითაც მეოთხეს კი არა, პირველ ადგილს დავიკავებთო. გადაიხდის „სიტი“ 24 წლის ფორვარდში ასეთ თანხას? - ამ კითხვაზე

პასუხს დაბეჯითებით, რასაკვირველია, ვერ გაგცემთ, მაგრამ გეტყვით, რომ მანჩესტერელები ამ ბოლო დროს „ქამრის შემოჭერაზე“ ფიქრობენ და ამიტომ სამარქაფო ვარიანტსაც ამუშავებენ - „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის გადაბირება უნდათ. ადრე ტორესის „ენფილდიდან“ წაყვანა შეუძლებელი ჩანდა, დღეს კი აშკარად სხვა მდგომარეობაა. ამბობენ, რომ მართალია „ლივერპული“ ესპანელი ფორვარდის გაყიდვაზე ხმამაღლა კატეგორიულ უარს ამბობს, ჩუმად სულ სხვანაირად იქცევაო.

არის მეორე ვარიანტიც: „ვოლფსბურგს“ ფულის შოვნა კი არა, ჯეკოს დატოვება უნდა და ამიტომ აფასებს ასე ძვირად. ბუნდესლიგის გუნდს, რომელმაც თასზე „კოტბუსთან“ 3:1 წააგო (ვოლფსბურგელთა ერთადერთი გოლი სწორედ ჯეკომ შეაგდო) იმედი აქვს, რომ მდგომარეობას შემოატრიალებს, თუმცა ეს შესაძლოა უკვე ინგლისელი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის გარეშე მოხდეს. მაკლარენს წყალი აქვს შეყენებული.

ზოგადად „სიტი“ მხარჯველ გუნდად არის ცნობილი, სატრანსფერო ბაზარზე ჯიბეზე ხელის გაკვრისგან უკან არ იხევს, მაგრამ ყველაზე მეტი, 32,5 მილიონი აქვს გადახდილი. ეს ფული 2008 წელს რობინიოს სანაცვლოდ მადრიდის „რეალს“ გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბურგი“ ავტოგიგანტ „ფოლკსვაგენის“ გუნდია, ასე რომ ფული არ უჭირს. ამიტომაც იმედოვნებს მანჩესტერელთა მთავარი „ვაჭარი“ ბრაიან მერვუდი, რომ გერმანელები ბლეფს (მისი სიტყვებია) თავს დაანებებენ და რეალურ თანხას დაასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯეკოსაც ძალიან უნდა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა. ამასთან დაკავშირებით მან „ვოლფსბურგის“ ოფისს წერილობითაც კი მიმართა. ინგლისურმა გაზეთებმა ბუნდესლიგის კულისებშიც შეყვეს ცხვირი და გამოიკვლიეს, რომ ბოსნიელი ფორვარდი მეტად და მეტად უკმაყოფილოა. სტივ მაკლარენმა კი ასე თქვა:

„იმედი გვაქვს, რომ ჯეკო დარჩება. ის მსოფლიო კლასის ფორვარდია, მაგრამ ჩვენ ფეხბურთში ვტრიალებთ, აქ კი ყველაფერი ხდება“.
თავად ჯეკომ ასე განაცხადა: „არასდროს მიცდია ჩემი ტრანსფერის დაჩქარება. საეჭვოა იანვარში სადმე წავიდე. ვნახოთ, ყველაფერი „ვოლფსბურგის“ გადასაწყვეტია“.

მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ მანჩინის ბოსნიელის ყიდვა კარლოს ტევესის თავიდან მოსაშორებლად უნდა, თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იტალიელს ტევესისთვის აკიდებული დიდი ტვირთისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება და ტაქტიკური ვარიანტების გამრავალფეროვნება სურს.

მანჩინისთვის ცხადია, რომ ემოციურ მარიო ბალოტელის ვერ დაეყრდნობა – აფრო-იტალიელი ინგლისში ცხოვრებას ვერ ეგუება. „ბოქსინგ დღეს“ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ის, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული