როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ რაფა ბენიტესის იტალიიდან წამოსვლა და მერსისაიდში დაბრუნება მას, როგორც „ლივერპულის“ თავკაცს პრობლემას არ უქმნის. ცნობილია, რომ ბენიტესის აგენტი გარსია კუილონი მილანს გაემგზავრა და ესპანელი სპეციალისტის „ინტერიდან“ განთავისუფლების ფინანსურ საკითხებს აგვარებს – ბენიტესმა „სან სიროზე“ უიღბლო ნახევარი წელიწადი გაატარა.
ამგვარად, რაფა ბენიტესი შინ დაბრუნდა, სახლი კი მას ინგლისში, ლივერპულთან მდებარე პატარა ნახევარკუნძულ უირელზე აქვს, მდინარე მერსის პირას. კაცმა რომ თქვას, წამოსვლის წინ მან კარი გამოიჯახუნა – მილანელებს მსოფლიოს საკლუბო თასი მოაგებინა და მერსისაიდზეც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს
მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჰოჯსონი მისი წინამორბედის უმუშევრად დარჩენამ და ქალაქში დაბრუნებამ ვერ შეაშინა. ის არ ფიქრობს, რომ კაცი, რომელმაც „წითლებს“ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა მას სამსახურს წაართმევს.
„რაფა ბენიტესი, ამ ეტაპზე, „ლივერპულისთვის“ შესაფერისი კანდიდატურა რომ ყოფილიყო, პოსტიდან არ მოხსნიდნენ. მოხსნიდან ნახევარ წელიწადში მის დაბრუნებაზე ლაპარაკი სისულელეა. საერთოდ, „წითლების“ თავკაცის თანამდებობა ისეთია, რომ რამდენიმე კანდიდატურას ყოველ დღე განიხილავენ. ეს ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სკამი გახლავთ და ჩემს შემცვლელებზე მუდმივად რომ არ ლაპარაკობდნენ გასაკვირიც იქნებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრს ჩემი უბრალოდ შურს და ადგილის წართმევაზე ოცნებობს“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც როი ჰოჯსონს მისი ამა თუ იმ წინამორბედის აჩრდილი წამოადგა თავს. ოქტომბერში, როდესაც „ლივერპულმა“ შინ, სამარცხვინოდ წააგო „ბლექპულთან“, ანდა ნოემბერში, როდესაც „წითლებმა“ „სტოკთან“ დაყარეს ფარ-ხმალი, „კოპის“ ლეგენდარული ტრიბუნა კენი დალგლიშის დაბრუნებას ითხოვდა. თუმცა, ჰოჯსონის პოზიცია არ შერყეულა. ის კვლავ თანამდებობაზეა და შობის პერიოდს დიდი იმედით შეჰყურებს. ინგლისელი ამბობს, რომ სწორედ ახლა შეიძლება სეზონის მათთვის სასარგებლოდ შემოტრიალება. 26 დეკემბერს ანუ ინგლისურად „ბოქსინგ დღეს“ (ასე ეძახიან ინგლისში შობის მეორე დღეს) „ლივერპულს“ ბლექპულში უწევს თამაში. ამ შეხვედრაში თავიდანვე ითამაშებს გამოჯანმრთელებული სტივენ ჯერარდი, თუმცა ჯო კოულისა რა მოგახსენოთ. „ჩელსის“ გარემარბი გასულ ზაფხულს მერსისაიდში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულით დამშვენებული გადავიდა, მაგრამ საქმე ცუდად წაუვიდა და ახლა ამბობს, რომ კარიერაში ასეთი კოშმარული პერიოდი არ ჰქონია. კოული ამბობს, რომ მისთვის უჩვეულოა იმის კეთება, რასაც ჰოჯსონი სთხოვს – ფერნანდო ტორესის უკან სივრცის შევსება, მწვრთნელი კი ფიქრობს, რომ ამ სიტყვებით ფეხბურთელი თავის ჩავარდნას ამართლებს.
„რასაც ვავალებ, მისი უშუალო საქმეა. ჯო ნახევარმცველია და გთხოვთ, ამიხსნათ, თუ ეს არა, მაშ რა უნდა აკეთოს მოედანზე ამ ამპლუის მოთამაშემ? რასაც ვუყურებ, სტივენ ჯერარდი ნახევარდაცვის ყოველ მონაკვეთზე თამაშობს. რატომ? იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელია და იცის რა უნდა აკეთოს.
სტივენს „ფულჰემთანაც“ შეეძლო ეთამაშა, მაგრამ ის შეხვედრა გადაიდო. ერთი მხრივ ეს ცუდი არ იყო, რადგან მან კიდევ დაისვენა და ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მეორე მხრივ ჯერარდს უკვე პრაქტიკა სჭირდება. რაც შეეხება ჯოს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენთან „ჩელსიში“ გატარებული ცუდი პერიოდის შემდეგ გადმოვიდა. მას რატომღაც ეგონა, რომ „ენფილდ როუდს“ ერთბაშად დაიპყრობდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – რას იზამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ახლა კოულმა საკუთარი შესაძლებლობების განსაკუთრებული რწმენა უნდა გამოამჟღავნოს, რასაც, იმედია მოახერხებს, რადგან კარგი ფეხბურთელი და ნამდვილი პროფესიონალია. მან უნდა დაგვარწმუნოს უპირველეს ყოვლისა მე და შემდეგ სხვა ადამიანები, რომ სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან სჭირდება „ლივერპულს“. ამასთან, გეტყვით, რომ ჯო კოული მონდომებით ვარჯიშობს. ერთი კარგი თამაში და ერთი-ორი გოლი ყველაფერს ყირაზე დააყენებდა. ერთი სიტყვით, ჩვენ დღითი დღე ვძლიერდებით და ერთადერთი, რაც ამწუთას შემიძლია ვთქვა ის არის, რომ სხვებთან ერთად ჯოს იმედიც გვაქვს“.
გასულ ზაფხულს, როდესაც რაფა ბენიტესისგან „ლივერპულის“ მწვრთნელის თანამდებობა გადაიბარა, როი ჰიჯსონმა კოულის გადაბირების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ფეხბურთელისთვის არაფრის გარანტია არ მიუცია.
„როდესაც ჯო კოულს პირველად შევხვდი მე მას ვუთხარი, რომ მოედანზე რომელიმე გარანტირებულ ადგილს ვერ გამოვუყოფდი. ვუთხარი, რომ სტივენ ჯერარდი „ლივერპულიდან“ არსად მიდიოდა, ასე რომ ამპლუა, რომელიც მას უნდოდა მოეგო, ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იქნებოდა. იმედი მაქვს ეს ყველაფერი კარგად ახსოვს“.