ვინაიდან, წინა ტურში „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა, სულ მცირე, გაზაფხულამდე გადაიდო, მომავალი ორშაბათის მატჩმა იმავე „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა. ლონდონური დერბის მასპინძლები „მეთოფეები“ არიან, მაგრამ თუ სტუმრები გაიმარჯვებენ, დიდი შანსია, არსენ ვენგერსა და მის ფეხბურთელებს ტიტულზე ოცნებასთან გამოთხოვება მოუხდეთ. ყოველ შემთხვევაში, „ჩელსის“ მოგება „არსენალისთვის“ დიდი დარტყმა იქნება.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დასავლეთლონდონელები ცუდად თამაშობენ, მაგრამ ჩრდილოეთუბნელებთან დაპირისპირებათა სტატისტიკა მათ სასარგებლოდ მეტყველებს: ბოლო სამ შეხვედრაში „არსენალს“ „ჩელსისთვის“ ერთი გოლიც კი არ გაუტანია. ვენგერის გუნდმა „ლურჯებს“ ბოლოს 2008 წლის
ინგლისში, საფეხბურთო საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია „არსენალის“ კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ნათქვამს, რომ მის თანაგუნდელებს დიდ მატჩებში დამარცხების შიში ეუფლებათ და ეს გუნდის თამაშს თავისებურ ელფერს აძლევს. ისევ სტატისტიკოსებს დავესესხოთ: ვენგერის გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსისთან“ ბოლო 18 შეხვედრიდან 14 წააგო!
თუმცა, ზემოთ „ჩელსის“ ცუდი ფორმაც ვახსენეთ. „ლურჯებმა“ პრემიერლიგაში ბოლო სამი შეხვედრა 1:1 დაასრულეს. უფრო მეტყველი ის არის, რომ ნოემბერსა და დეკემბერში კარლო ანჩელოტის გუნდმა ერთადერთხელ გაიმარჯვა - „ფულჰემთან“ - 1:0.
რასაკვირველია, ორშაბათის დაპირისპირებას თავისი ვარსკვლავებიც ეყოლება. წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „არსენალის“ მხრიდან ეს ბოლო დროს შესანიშნავად ათამაშებული სამირ ნასრი უნდა იყოს, „ჩელსის“ მხრიდან კი დიდიე დროგბა. ნასრის მართლაც შესანიშნავი პერიოდი უდგას, ჩინებულ ფორმაშია და 8 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. რაც შეეხება დროგბას, მას ამ შემოდგომაზე მალარიაც კი შეეყარა, მაგრამ რა გინდა უქნა „მეთოფეთა“ კარში გატანილ იმ 13 გოლს, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ?
მანამდე კი „ბოქსინგ დღეა“, შობის მეორე დღე, როდესაც ინგლისში ტრადიციულად სპორტული შეჯიბრებები და სანახაობები იმართება. ჰოდა, პრემიერლიგის ტურზე მეტი სანახაობა რაღა გინდა: ლიდერი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სანდერლენდს“ მასპინძლობს. მანჩესტერელებს წესით არ უნდა გაუჭირდეთ და განა მარტო იმიტომ რომ ისინი ზოგადად თამაშობენ „სანდერლენდზე“ უკეთ, არამედ იმიტომ რომ სანდერლენდელთა თავკაცს, სტივ ბრუსს შემადგენლობის პრობლემა აქვს - შვიდი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. კაპიტანი ლი კატერმოული დისკვალიფიცირებულია, რადგან ამ სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო. ყველაზე საინტერესო მიზეზი აქვს თავდამსხმელ დენი უილბეკს, რომელიც იურიდიულად „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრებაა და ხელშეკრულებაში უწერია, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ არ უნდა ითამაშოს. „იუნაიტედში“ კი საქმე ასეა: ნემანია ვიდიჩსა და ანდერსონს გრიპი შეეყარათ, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ისინი მაინც შეძლებენ თამაშს.
„მანჩესტერ სიტი“ ნიუკასლში მიდის, სადაც თავის ყოფილ გუნდს ჯოი ბარტონი დახვდება -ალან პერდიუ მას აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. 28 წლის „შერეკილი“ „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ 2007 წელს სწორედ ისტლენდიდან გადავიდა. მაშინ „ნიუკასლმა“ მასში 5,8 მილიონი ფუნტი გადაიხადა. საინტერესოა, რომ დღეს, ალან პერდიუ, ამინდის მიუხედავად თავის ბიჭებს სწორედ „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ ავარჯიშებს, რამაც სტადიონის ავან-ჩავანთა მხრიდან დიდი სიხარული არ გამოიწვია.
„ჩვენი მოედნის მომვლელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. მას არ მოეწონა, რომ ჩვენ შობა საღამოს ვვარჯიშობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოჯახს ვერ შეუერთდება, რადგან გუნდის წასვლის შემდეგ მოედანი ექნება მოსაწესრიგებელი, მაგრამ რას ვიზამთ. ბოდიშს ვუხდით მას“.
„ტოტენჰემი“ ბირმინგემს მიემგზავრება „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ. როგორი განწყობაა ლონდონელთა გუნდში ამ შეხვედრის წინ? - ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი რაფაელ ვან დერ ვაარტმა გასცა: „იმისათვის, რომ ზედა ოთხეულში შევიდეთ უნდა მოვიგოთ. ვიცით, რომ ეს ძნელია, რადგან გარშემო ბევრი კარგი გუნდია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. თავის მარტო დიდ გუნდებთან გამოჩენა საქმეს არ უშველის, საჭიროა შედარებით სუსტებთანაც არ დავკარგოთ ქულები“.
„ასტონ ვილა“ 20 გუნდიან ცხრილში მე-15 ადგილზეა, ასე რომ ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
და „ლივერპული“? ის ცხრილში თავის მეზობელს, „ბლექპულს“ სტუმრობს. რა დრო დაუდგა?
ხვალ
ფულჰემი-ვესტ ჰემი 16:00
ბლექბერნი-სტოკი 19:00
ბლექპული-ლივერპული 19:00
ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ევერტონი-ბირმინგემი 19:00
მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი 19:00
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 19:00
ვულვერჰემპტონი-უიგანი 19:00
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 21:30
ზეგ
არსენალი-ჩელსი 24:00
1. მანჩესტერი 16 9 7 0 36:16 34
2. არსენალი 17 10 2 5 34:19 32
3. სიტი 18 9 5 4 25:15 32
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 17 7 6 4 25:22 27
6. სანდერლენდი 18 6 9 3 21:18 27
7. ბოლტონი 18 6 8 4 30:25 26
8. ნიუკასლი 17 6 4 7 27:26 22
9. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
10. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22
11. ვესტ ბრომვიჩი 17 6 4 7 24:29 22
12. ბლექბერნი 18 6 4 8 23:28 22
13. სტოკ სიტი 17 6 3 8 21:22 21
14. ევერტონი 18 4 9 5 20:21 21
15. ასტონ ვილა 17 5 5 7 19:28 20
16. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18
17. ფელჰემი 17 2 10 5 16:20 16
18. უიგანი 17 3 7 7 13:28 16
19. ვულვზი 17 4 3 10 18:30 15
20. ვესტ ჰემი 18 2 7 9 16:31 13
ბომბარდირები: 11 -ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 -ტევესი (მანჩესტერ სიტი), ქეროლი (ნიუკასლი), კეჰილი (ევერტონი); 8 –ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 -ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი); 6 -დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).