ხუთი წააგე, შეგერგება

AutoSharing Option

შარშან, შარშანწინ ან უფრო ადრე „არსენალს“ შობის დადგომამდე, 5 თამაში რომ წაეგო, ჩემპიონობაზე ფიქრსაც ვეღარ გაბედავდა, მაგრამ დღეს ინგლისში სხვა მდგომარეობაა. მერე რა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯერ ერთხელაც კი არ წაუგია, ხოლო მისი პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი მთავარ ბრძოლას  „ჩელსისთან“ ელის. ჩახედეთ ცხრილს - ლიდერთაგან შანსი ყველას აქვს.

„ყველას თავისი აზრი აქვს, წინასწარმეტყველი კი არავინ არის, - ღიმილით პასუხობს ნანის „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი. - პირადად მე ფეხბურთში ჭიპი მაქვს მოჭრილი, მწვრთნელის რანგში 1600 თამაში ჩამიტარებია და არ ვიცი, ვინ გახდება

ჩემპიონი. იმისათვის, რომ იცოდეს, ნანი ჩემზე 1600-ჯერ ჭკვიანი უნდა იყოს“. 

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ ორი კვირის წინ „ოლდ ტრეფორდზე“ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. გაიმარჯვა მანჩესტერის გუნდმა. ის, რომ „იუნაიტედს“ ერთხელაც არ წაუგია, ხოლო „არსენალმა“ ხუთი მარცხი იწვნია, ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ცხრილში მათ შორის მხოლოდ ორქულიანი განსხვავებაა. აი, ასე ხვდება ჩრდილოლონდონელთა გუნდი „ბოქსინგ დღეს“, უფრო სწორედ კი ორშაბათს, როდესაც „ემირეიტ სთედიუმზე“ ჩემპიონი, „ჩელსი“ ესტუმრება. დაამატეთ ამას, რომ გამოჯანმრთელდა კაპიტანი სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ორთავა კუნთი მოირჩინა, ხოლო რობინ ვან პერსი დაამებული კოჭით თანდათან უკეთ და უკეთ თამაშობს.  

ვენგერი ამბობს: „გაოცებული ვარ 5 თამაში რომ წავაგეთ, აქედან სამჯერ შინ და თან ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩვეულებრივ ჩემპიონობისთვის არ იბრძვიან და ამის მიუხედავად კვლავ ფავორიტთა შორის ვართ. არ დავსჯილვართ. ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ვითამაშებთ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ“. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „არსენალი“ უკვე ეთამაშა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“. ამ შეხვედრებიდან „მეთოფეებმა“ მხოლოდ ერთი მოიგეს - ისტლენდზე „სიტისთან“ 3:0. დაგვეთანხმებით, სახარბიელო შედეგი არ არის, მაგრამ ვენგერს სწამს, რომ მას და მის ბიჭებს მაინც შეუძლიათ 2004 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ჩემპიონები, თუმცა, ამისათვის შინ თამაში მართლაც გასაუმჯობესებელია. „არსენალი“ „ემირეით სთედიუმზე“ „ნიუკასლთან“, „ტოტენჰემთან“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ დამარცხდა. 

„როდესაც „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დავმარცხდით, ვგრძნობდით, რომ მეტოქეს თამაშით არ ჩამოუვარდებოდით. გარდა ამისა, მწამს, რომ პერსპექტივა ჩვენ უფრო დიდი გვაქვს, რადგან ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, საკუთარი თავის რწმენაა. რასაკვირველია, კარგია, როდესაც ხედავ, რომ მეტოქეს თამაშის ხარისხით არ ჩამოუვარდები, მაგრამ უმჯობესია ის დაამარცხო. საამისოდ, ჩვენს ფეხბურთს ცივი, გაწონასწორებული ელემენტი უნდა დავამატოთ. 

ჩვენ დიდი ამოცანის წინაშე ვდგავართ. საკუთარ თავს მიზნად დინამიზმით აღსავსე, ჭკვიანური ფეხბურთის თამაში დავუსახეთ. „ჩელსი“ უძლიერესი გუნდია, რომლისგან სისუსტეს არც ერთ ასპექტში არ ველით. მის წინააღმდეგ ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, რომ შინ ძალიან ძლიერები ვართ.  

დღეს „არსენალისთვის“ უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას. იანვარი გადამწყვეტი თვეა, რადგან უამრავი თამაში გვიწევს როგორც პრემიერლიგაში ასევე „ქარლინგისა“ და ფეხბურთის ასოციაციის თასებზე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ყურადღებითა და მობილიზებით ჩავატარებთ ამ შეხვედრებს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული