საწოვარა და იუბილე

AutoSharing Option

კარლოს ტევესმა „ბოქსინგ დღეს“ რობერტო მანჩინის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. შემორიგებულმა არგენტინელმა ფორვარდმა „ნიუკასლ იუნაიტედის“ კარში გატანილი ორი გოლი საწოვარას პირში ჩადებით აღნიშნა. ასეთი გახლდათ იტალიელი მწვრთნელის ერთი წლისთავი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის თანამდებობაზე. ტევესის გოლებით გახარებული მანჩინი ემოციას ვერ მალავდა:


„მე მიყვარს „ბოქსინგ დეი“. შარშან ამ დღეს „სიტის“ მწვრთნელის რანგში დებიუტი მქონდა და ჩვენ „სტოკს“ მოვუგეთ. როგორც ხედავთ შესანიშნავად გავიმარჯვეთ წლეულსაც. როგორ შევაფასებდი ამ ერთ წელიწადს? ძალიან მოკლედ: ფანტასტიკური იყო. პრემიერლიგის ბადალი ევროპაში არაფერია.

ამჯერად ინგლისში ძალიან უცნაური სეზონი მიმდინარეობს. უკვე

ახალი წელი მოდის და ცხრილში 10 ქულით არავინ დაწინაურებულა. ტიტულისთვის ბრძოლა წინ არის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც გითხარით, ეს „ბოქსინგ დღეც“ ძალიან კარგი იყო, თუმცა გამოსასწორებელი ბევრია. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, პირველ ადგილზეც გადავალთ. მერწმუნეთ, „მანჩესტერ სიტის“ აქვს შანსი ეს სეზონი ტიტულით დაასრულოს“.

შეგახსენებთ, რომ ნიუკასლის „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ ისტლენდელთაგან ანგარიში 73-ე წამზე გარეთ ბერიმ გახსნა, ხუთ წუთში კი ტევესმა მეორეც შეაგდო. მანჩინიმ დასძინა:

„თამაში ჩვენთვის საუცხოოდ დაიწყო. ორი იმთავითვე გავიტანეთ და კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები. ჩვენ ამ შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით. „ნიუკასლი“ ის გუნდია, რომელთანაც ძალიან ძნელია ბრძოლა და გამარჯვება.
ძალიან მიხარია კარლოსმა ამ შეხვედრაში ორი გოლი რომ შეაგდო, თუმცა სხვა ფეხბურთელების წარმატებაც მახარებს. დღეს ჩემმა ბიჭებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს.

ზემოთ გამოსწორება ვახსენე. უპირველეს ყოვლისა შინ თამაშია გამოსასწორებელი. ამ ჩემპიონატში ძალიან ბევრ ქულას სწორედ ისტლენდზე ვკარგავთ“.

კარლოს ტევესმა მეორე გოლი თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გაიტანა.
„ნიუკასლის“ თავკაცმა ალან პერდიუმ, რომელმაც 2006 წელს „ვესტ ჰემის“ მწვრთნელობის პერიოდში ტევესის ინგლისში დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანა, თქვა:

„კარლოსი შეუდარებელი იყო. რასაკვირველია, კარგად ვიცი რა დონის ფეხბურთელიც არის არგენტინელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მესამე გოლის დროს ჩვენმა მცველებმა მას სამოქმედოდ ზედმეტად დიდი ფართობი მისცეს.

„მანჩესტერ სიტი“, რასაკვირველია, ძალიან დიდი გუნდია, თუმცა მარტო ამაზე არ არის. თამაში წარმატებით რომ დაასრულო იღბალიც გჭირდება. დღეს ისტლენდელებს იღბალი ნამდვილად არ აკლდათ. სხვა საქმეა, რომ ჩემპიონობამდე მათ მაინც ბევრი აკლიათ. პირველად ჩემპიონობის მოპოვება ყოველთვის ძნელია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული