კარლო ანჩელოტი დაბეჯითებით ამბობს, რომ იანვარში სატრანსფერო ბაზრისთვის საჭირო ფული ექნება - მან შესაძლოა ცენტრალური მცველი იყიდოს. არ არის გამორიცხული ამ საქმისთვის რომან აბრამოვიჩმა 40 მილიონი ფუნტი მისცეს. საქმე ის არის, რომ ბრაზილიელი ალექსის დაშავებამ „ლურჯებს“ მდგომარეობა გაურთულა. მოგეხსენებათ, მანამდე დასავლეთლონდონელებმა რიკარდო კარვალიო მადრიდის „რეალს“ მიჰყიდეს და ამ ყველაფრის გამო უკანა ხაზი აშკარად შეუსუსტდათ.
„თუკი გვეცოდინება, რომ ალექსი გამოჯანმრთელების გზაზეა, მაშინ ახალი ფეხბურთელის შეძენა არ დაგვჭირდება, - ამბობს ანჩელოტი, რომელიც გამოსავლის ძიებაშია და დაცვის ცენტრში პაულო ფერეირას ათამაშებს, - მანამდე
საინტერესოა რამ გაახსენათ ინგლისელ ჟურნალისტებს: შარშან ამ დროს ანჩელოტი იქადნებოდა, იანვარში მე თუ ფეხბურთელს ვიყიდი, გავშიშვლდები და ყველას წინაშე ვირბენო. მთელი ინგლისის გასახარად ანჩელოტი ჩაცმული დარჩა, მაგრამ გახდის იდეა მოსვენებას არ აძლევს: ახლა აცხადებს, თუ მცველის ყიდვა დამჭირდება აბრამოვიჩი ფულს უეჭველად მომცემს, თუ არა და გავშიშვლდები და ვირბენო.
„კარგად მახსოვს რა ნაძლევსაც ჩამოვდიოდი შარშან ამ დროს. ახლა ასე ვიტყვი: თუ დანაძლევება დამჭირდება, საპირისპიროზე დადვდგები“.
ალექსს ფეხი ნოემბერში, „ნიუკასლთან“ თამაშის დროს ეტკინა და დეკემბერში ოპერაცია გაიკეთა. იტალიელი მწვრთნელი, როგორც მოგახსენეთ, პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს და ვარაუდობს, რომ საუკეთესო გამოსავალი ინგლისელი მცველის შერჩევა იქნება:
„რასაკვირველია, ინგლისელის ყიდვა უმჯობესია, რადგან კულტურულ და ენობრივ ბარიერს აიცილებ თავიდან“.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯერზე „ბენფიკადან“ დავიდ ლუიშის წამოყვანას არ უნდა ველოდოთ. თან, „ჩელსიში“ გრძნობენ, რომ ეს ფეხბურთელი 30 მილიონი ფუნტი არ ღირს. არ არის გამორიცხული ანჩელოტიმ „ბოლტონიდან“ გერი კეჰილის წამოყვანა სცადოს, მაგრამ მწვრთნელი ოუენ კოილი 25 წლის მცველს, სავარაუდოდ, არ გაუშვებს.
თუმცა, ამბობენ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვის იყიდის ანჩელოტი, რადგან მთავარი სხვა რამ არის – ფრენკ ლამპარდი გამოჯანმრთელდა. 32 წლის ცენტრალური ნახევარმცველის დაბრუნება ორი კაცის ყიდვას უდრის, ერთი მცველისა და ერთი შემტევისო.
„როდესაც ის თავდასხმას ეხმარება გუნდი სულ სხვა მუხტს იძენს, – ამბობს ანჩელოტი – მისი დაბრუნება დიდებულია. ძალიან ძნელია იპოვნო ვინმე სხვა, რომელსაც მასავით სეზონში 20 გოლის გატანა შეუძლია. ჩვენთან ყველა ფეხბურთელი თავისი უნიკალური ნიჭით გამოირჩევა. მაგალითად, ჯონ ობი მიკელს, ისევე, როგორც რამირესს, გოლების გატანა არ ეხერხება, მაგრამ დაცვაშია ძლიერი, მიკაელ ესიენს კი საჯარიმოს გარედან შეუძლია კარში სახიფათოდ დარტყმა“.