ხელის უფლება

AutoSharing Option

სერ ალექს ფერგიუსონმა მსაჯი ლი მეისონი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის რწმენით სწორედ რეფერიმ გამოსტაცა მის გუნდს ბირმინგემში ნაღდი სამი ქულა - „იუნაიტედი“ 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლოწამს გაუშვა. მასპინძელთაგან ლი ბოიერმა გაიტანა, თუმცა ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ეს გოლი არ უნდა ჩაეთვალათ.

„იუნაიტედის“ შეფმა თქვა:

„ჯარიმა იყო, მოწინააღმდეგემ ხელით ითამაშა. თუ მსაჯი ასეთ რაღაცებს ვერ ამჩნევს, რასაკვირველია, ვერც გაიმარჯვებ.

არაფრის შანსი არ გექნება. ასეთ უსამართლობასთან შეგუება ძალიან ძნელია. ჩვენ „ბირმინგემს“ ვაჯობეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით. განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ვითამაშეთ. სამ ქულას ვიმსახურებდით.

პირველი

ტაიმი მოსაწყენი იყო, არაფერი ხდებოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბევრს ვუტევდით და კიდევ გვმართებდა გოლების გატანა. მართალია, ჯობდა საქმე ადრევე მოგვემთავრებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსაჯს ჩვენს კარში გოლის უსამართლოდ ჩათვლა ეპატიება“.

ანგარიში დიმიტარ ბერბატოვმა გახსნა, ბოიერმა კი ნიკოლა ჟიგიჩის პასით გაქვითა. ბირმინგემელთა კომბინაცია ასე განვითარდა: მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ჟიგიჩი და მანჩესტერელი მცველები აუხტნენ. 30 წლის სერბმა ყველას აჯობა, ბურთს შეწვდა, ოღონდ მკლავით ჩააგდო ის თავისუფალ ზონაში, სადაც უკვე ბოიერმა იყოჩაღა. ფერგიუსონმა დასძინა:

„დღეს ხუთი-ექვსი გუნდი ლიდერობს, მაგრამ ახალი წლის წინ პირველ ადგილზე ყოფნას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუ საახალწლოდ პირველი ხარ, ესე იგი შანსი გაქვს“.

ბოიერის გოლს „ბირმინგემის“ მწვრთნელმა ალექს მაკლიშმაც იღბლის წყალობით გატანილი უწოდა, თუმცა, ზოგადად თავისი ბიჭების თამაში ძალიან შეაქო. საინტერესოა, რომ მაკლიშის გუნდს ბოლო 16 თვეში შინ მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ნათამაშევმა ფრემ „ბირმიგემ სიტი“ მე-16 ადგილზე გადაიყვანა. მაკლიშმა თქვა:

„ჩვენ დღეს დაჟინება, ყურადღება და ტაქტიკურად სწორი თამაში დაგვიფასდა. ჩემმა ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველაფერი, რაც თამაშის წინ ვთხოვე. „იუნაიტედი“ ბურთს „ბირმინგემზე“ მეტად ფლობდა, მაგრამ მეტწილად მოედნის სიღრმეში, სადაც ხიფათი არ გვემუქრებოდა. ასეთი თამაში ძალიან გვაძლევდა ხელს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა დაცვა გაგვირღვიეს, თუმცა ჩვენ თავი ხელში ავიყვანეთ და საბოლოოდ გავათანაბრეთ კიდეც. კარგად ვაცნობიერებთ, რომ გასავარდნთა ზონას ჯერ დიდად არ გავცდენივართ, მაგრამ დღევანდელმა ქულამ ჩვენი პოზიციის გამოსწორების საქმეში შეიძლება დიდი როლი ითამაშოს“.

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული