ბალოტელი სამსახურში არ იცინის

AutoSharing Option

მარიო ბალოტელიმ „ასტონ ვილას“ სამი გოლი გაუტანა, რამაც, როგორც ჩანს, ისეთ კარგ გუნებაზე დააყენა, რომ ნოსტალგიაც დაავიწყდა და უჟმურობაც – ისტლენდიდან წასვლას არსად ვაპირებო, გამოუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც მანამდე წუწუნით აკლებული ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ „ვილას“ 4:0 მოუგო. ბალოტელიმ თავის წილ ორი პენალტით შეაგდო, მესამე კი ჩვეულებრივ – კომბინაცია დააგვირგვინა. დღეს, ისტლენდელებს პრემიერლიგის ცხრილში თავიანთი პოზიციით თავი მოაქვთ.

„ხშირად რატომ არ ვიღიმი? მთავარია, რომ როდესაც მოღუშული ვარ თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. ფეხბურთის თამაში ჩემი სამსახურია, მუშაობის დროს ღიმილი კი არ მჩვევია. მანჩესტერში

თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი, იტალიაში გაზეთები წერენ, რომ მილანში მინდა დაბრუნება, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არაფერს მივაქციო. ბევრს ვმუშაობ, რათა „სიტის“ შეუცვლელი ფეხბურთელი გავხდე“.

ისტლენდელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის პრობლემები ინგლისში ახალჩასული კრიშტიანო რონალდოს პრობლემებს შეადარა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც მანჩინის ჰკითხეს საახალწლოდ რა საჩუქარს ისურვებდითო, მარიოს ღიმილსო, უპასუხა.

„ბალოტელის ნოსტალგიაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის 20 წლის გახლავთ, ამ ასაკში კი ადამიანს ოჯახი განსაკუთრებით ენატრება. ჩემმა ასისტენტმა ბრაიან კიდმა მითხრა, რომ რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, პირველ პერიოდში ზუსტად ასეთი პრობლემები ჰქონდა. ადაპტაციისთვის მასაც დრო დასჭირვებია.

მარიო ჯერ სწავლობს. იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში აჩვენოს, მან ჯერ უნდა შეიგრძნოს ეს ქვეყანა და მისი ფეხბურთი. ის ამ საკითხებზე მუშაობს და კრაგად იცის, რომ როგორც საკუთარ თავზე, ასევე გუნდისთვის მეტი უნდა გააკეთოს. როგორც კი ის თავისი უმთავრესი თვისებების გამომჟღავნებას დაიწყებს, „მანჩესტერ სიტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება“.

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული