ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტურის წინ: "ლივერპულის" განკითხვის დღე?

AutoSharing Option
ფოტოზე: მარიო ბალოტელის დღეები "ლივერპულში" დათვლილია?

ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურის მთავარი მატჩები კვირას გველის. პირველ რიგში, "ენფილდზე" გასამართი შეხვედრა გამოვარჩიოთ: მართალია, "ლივერპული" ძალიან მძიმედ გამოიყურება და ათეულს მიღმაა და "არსენალიც" ვერ თამაშობს სტაბილურად, მაგრამ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა, გინდა არ გინდა, თვალს ჭრის.

"ენფილდზე" "მეთოფეების" ბოლო სტუმრობა კატასტროფულად დასრულდა - მათ 1:5 წააგეს და ახლა სრულყოფილი შურისძიების მშვენიერი შანსი აქვთ, მათ მერსისაიდელების სუსტი პერიოდით უნდა ისარგებლონ.

თუმცა ხარვეზები "არსენალსაც" აქვს და თავისას შეეცდება ბრენდან როჯერსი, რომლის ბიჭებმაც ხასიათი ლიგის თასის ნახევარფინალში
გასვლით შედარებით გამოისწორეს.

"ლივერპულმა" "ბორნმუთს" 3:1 მოუგო. "წითლებში" საუკეთესო ისევ რაჰიმ სტერლინგი გახლდათ, რომელიც დუბლით გამოირჩა.

როჯერსს თავდასხმაში რომ პრობლემები აქვს, კარგად იცით და ამის ფონზე სხვა ფეხბურთელების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სტერლინგს წინა ხაზზე ვინმე მხარს აუბამს, კიდევ უკეთესი ლივერპულელთათვის.

მწყობრში არიან, მაგრამ ვერ ბრწყინავენ რიკი ლამბერტი და ფაბიო ბორინი, ხოლო მარიო ბალოტელის თამაში კვლავაც სათუოა.

შედარებით შეთხელდა არსენ ვენგერის ლაზარეთი, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს ისევ არაერთი ფეხბურთელი დააკლდება. თუმცა ვენგერი ამას მიჩვეულია და რამეს ამჯერადაც მოიფიქრებს. მას მაინც კარგი შემადგენლობა ჰყავს და რაც მთავარია, ჯანზეა ოლივიე ჟირუ, ვინც დაბრუნებისთანავე ბრწყინვალედ ათამაშდა.

გიჟური დერბი
ამ მართლაც თვალშისაცემ თამაშს არ უნდა დავაჩაგვრინოთ "ნიუკასლისა" და "სანდერლენდის" ტაინ-უირის დერბი. ეს ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" დაპირისპირებაა ინგლისში და საძულველ მეტოქეებს ყოველთვის ერთმანეთის გამწარება უნდათ, სატურნირო მდგომარეობის და საერთოდ, ყველაფრის მიუხედავად.

თუ "კაჭკაჭები" ამ მატჩს მოიგებენ, ალან პარდიუს შესაძლოა, მთელ იმ ბრწყინვალე სერიასა და ზედიზედ მოგებებზე მეტად ეს გამარჯვება დაუფასდეს. ის ნამდვილად ბოლომდე და ხელახლა მოიგებს გულშემატკივრების გულებს, რომლებსაც გამარჯვება ძალიან მონატრებული აქვთ - "სანდერლენდს" ზედიზედ 3 დერბი აქვს მოგებული და იქამდე 2 ფრე იყო, "შავმა კატებმა" ბოლოს მეტოქესთან 2011 წელს წააგეს.

გუსტავო პოიეტმა თქვა, ეს ფრეები და თან ძლიერ მეტოქეებთან, ცუდი არ არის, მაგრამ მოგებები უნდა დავიწყოთ, თორემ ისე არაფერი გამოვაო.

ეს "მოგებების დაწყებისთვის" იდეალური დრო იქნებოდა. "სანდერლენდმა" "სენტ ჯეიმს პარკი" კიდევ ერთხელ თუ დატოვა გამარჯვებულის სტატუსით, ეს მუხტი შესაძლოა, დიდხანს გაჰყვეს და ისედაც რთულად დასამარცხებელი გუნდი, რომელსაც 16 მატჩიდან 10 ფრედ აქვს დასრულებული, რაღაც პერიოდი, სულაც წაუქცეველი გახდება.

ლიდერი ბოლოს ითამაშებს, ჩემპიონი - პირველი
ყველაზე ბოლოს, ორშაბათს, ლიდერი "ჩელსი" ითამაშებს, რომელსაც კონკურენტების შედეგები უკვე ეცოდინება. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ჟოზე მოურინიოს გეგმა გამარჯვება იქნება; აბა, სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ?

თუმცა "ბრიტანიაზე" ლანგრით სამ ქულას არავის ართმევენ ხოლმე და დედაქალაქელებს ადვილი თამაში არ ელოდებათ.

სულ პირველი კი "სიტი" ითამაშებს და ცხრილშიც სულ პირველი რომ გახდეს, ამისთვის მოგებების სერია უნდა გააგრძელოს და "ჩელსის" ფეხის დაცდენას დაელოდოს.

"ქალაქელებს" ქალაქში "კრისტალ პალასი" ეწვევა და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ კარგ ხასიათზე მყოფმა მანჩესტერელებმა არც ისე კარგად მოთამაშე "არწივებს" ვერ სძლიონ, მაგრამ პრემიერლიგაში ყველაფერი ხდება.

ლუის ტალღა
მეორე მანჩესტერული გუნდი ბირმინგემს სტუმრობს და "ვილა პარკზე" ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება. "იუნაიტედი" ამჟამად საუკეთესო სერიით გამოირჩევა - ზედიზედ 6 მოგება. "წითელი ეშმაკები" წინ და წინ მიიწევენ და რა თქმა იმას უნდა, რომ ლუი ვან გაალი ამჯერადაც 3 ქულას დაუმიზნებს.

თუმცა "ასტონ ვილა" შედარებით უკეთ გამოიყურება და მრისხანე მეტოქეს ბრძოლას ნამდვილად გაუმართავს. სანახაობრივი კუთხით, მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გამოვიდეს.

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" სენსაციურად აგრძელებს მე-4 ადგილზე ყოფნას და თეორიულად ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ იქვე დარჩეს, რადგან ბოლოადგილოსან "ლესტერთან", წესით, საკუთარ "ბოლეინ გრაუნდზე" მოგება არ უნდა გაუჭირდეს.

მეორე მხრივ, "მელიები" იმდენი ხანია ელოდებიან გამარჯვებას, რომ ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან და შეეცდებიან, "ჩაქუჩები" გააჩერონ.

აუტსაიდერებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი, "ექვსქულიანი მატჩი" იქნება "ქუინზ პარკსა" და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" შორის. "ჰალი", რომელსაც დაავიწყდა, თუ როდის მოიგო ბოლოს, "სუონსისთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება გამარჯვების გემოს გახსენებას.

"ბარნლი" კი "ტოტენჰემს" სტუმრობს და იქ ძალიან რთული თამაში ელოდება. "დეზებმა" ლიგის თასის ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე "ნიუკასლი" გაანადგურეს (4:0) და ამ ტალღაზე დარჩენას მაურისიო პოჩეტინო მაქსიმალურად შეეცდება.

"სენტ მერიზე" კი, სათასო თამაშის ჩათვლით მიჯრით 5 წაგების მერე, ფანებისთვის ბოდიშის მოხდას "საუთჰემპტონი" "ევერტონთან" მატჩში შეეცდება, მაგრამ თავისი საბოდიშოები და გეგმები აქვთ რობერტო მარტინესის "კანფეტებს", რომლებიც აქეთ შეეცდებიან მოგებას. თვალსასეირო თამაში იქნება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური
შაბათი. 20 დეკემბერი
სიტი-კრ. პალასი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაგუერო - დოილი, მარიაპა
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12 =7 -7 (36-25)

ასტონ ვილა-მანჩესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, კოზაკი, სენდეროსი, ვესტვუდი - თორპი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +6 =0 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 158 თამაში: +41 =37 -80 (205-291)

ჰალი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სნოდგრასი -
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1 =1 -0 (2-1)

ქპრ-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო - ანიჩებე, ოლსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6 =4 -8 (18-24)

საუთჰემპტონი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეი როდრიგესი, კორკი - მაკარტი, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +21 =16 -37 (83-129)

ტოტენჰემი-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - უარდი, ვოუკსი, მ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +24 =17 -29 (126-122)

ვესტ ჰემი-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - შმეიხელი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 თამაში: +30 =17 -25 (119-111)

კვირა. 21 დეკემბერი
ნიუკასლი-სანდერლენდი17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აარონსი, ობერტანი, გუტიერესი, რ. ტეილორი, ელიოტი, კრული, ს. დე იონგი, სანტონი - ვან აანჰოლტი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +0 =5 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 122 თამაში: +46 =36 -40 (194-187)

ლივერპული-არსენალი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფლენეგანი, სუსო, სტარიჯი - რემზი, როსიცკი, გნაბრი, არტეტა, იოზილი, უოლკოტი, უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 176 თამაში: +66 =47 -63 (244-231)

ორშაბათი. 22 დეკემბერი
სტოკი-ჩელსი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიესა, დიონატანი, სიდველი, მოზესი, ოდემვინგი - კურტუა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +20 =15 -31 (91-102)

ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ჩარლი ოსტინი (ქპრ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული