„რასაკვირველია, ატმოსფეროს შესაცვლელად ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა“.
როგორც მოგახსენეთ, „ჩელსიმ“ მოგების მიუხედავად ცუდად ითამაშა. განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება პირველმა ტაიმმა დატოვა, როდესაც „ლურჯებმა“ კარში დარტყმა ვერ მოახერხეს. შესვენების შემდეგ ანჩელოტის შეგირდების მოქმედება უფრო დაემსგავსა იმას, რასაც „სტემფორდ ბრიჯზე“ ფანები მიეჩვიენ და ფეხბურთს ეძახიან, მაგრამ არც მეორე მხარე უნდა დავივიწყოთ – თავისი წილი მომენტები „ბოლტონსაც“ ჰქონდა. და მაინც, როგორც მოგახსენეთ, ანჩელოტისთვის ამ ეტაპზე ყველაფერზე მნიშვნელოვანი შედეგი გახლდათ.
„როგორც მოგახსენეთ, დღევანდელ შეხვედრაში უმთავრესი გამარჯვება იყო. ახლა უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა მოწინააღმდეგე შევაქო. „ბოლტონმა“ ძალიან კარგად ითამაშა, დიდი ძალით უტევდა და სახიფათო მომენტებს ქმნიდა. ერთი სიტყვით, სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, დანარჩენს კი შემდეგ შეხვედრაში ვნახავთ.
ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ამიერიდან ყველაფერი იდეალურად იქნება. აშკარაა, რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ ისევ ისე უნდა ავთამაშდეთ, სეზონის დასაწყისში რომ ვთამაშობდით“.
შემდეგ ანჩელოტის ჰკითხეს, თუ რა უთხრა მან ფეხბურთელებს შესვენების დროს. ხომ არ იყო ის პანიკაში?
„არა, ჩვენ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და შესაბამისად ვიყავით განწყობილი. იმთავითვე აშკარა იყო, რომ გრძელი პასების ჩაჭრა დაგვჭირდებოდა და თუ თამაშს დაცვად და შეტევად დავყოფთ, ვფიქრობ, რომ დაცვაში ცუდად არ ვმოქმედებდით - ელმანდერისა და დევისის განეიტრალება შევძელით. ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ის არ მომეწონა, რომ ცოტა შეშინებულები ვიყავით და უხარისხო პასებს ვაწვდიდით ერთმანეთს. მეორე მხრივ კი ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „ბოლტონთან“ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და დაძაბულობამ მას თავისი დაღი დაასვა“.
„ჩელსის“ გამარჯვების გოლი ფლორენ მალუდამ გაიტანა. მას საგოლე პასი ეპიზოდში დიდიე დროგბამ ჩააწოდა, თუმცა მავანთ გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავად დროგბამ მიიღო ბურთი ოფსაიდში.
„ამ გოლმა ზურგიდან უზარმაზარი სიმძიმე მომხსნა და იყო თუ არა დროგბა ოფსაიდში, არ მაინტერესებს“.
სავარაუდოდ, დროგბა ოფსაიდში არ იყო.
.