„არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი მსაჯ ლი პობერტზეა გაბრაზებული - „უიგანთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნაო. ეპიზოდი ასეთი იყო: სამირ ნასრიმ ჯარიმა დაარტყა და ბურთი კედელში მდგომ უფრო სწორედ კი ამხტარ ჯეიმს მაკარტურს აღმართულ ხელზე მოხვდა. ეს, ძალიან თვალსაჩინო გახლდათ.
ესპანელი ვარსკვლავი განრისხდა: „რა განსხვავებაა ამ და იმ ეპიზოდს შორის, „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში რომ იყო? მაშინ, მეც კედელში ვიდექი, ბურთი შემთხვევით მომხვდა ხელზე და ჩვენს კარში მსაჯმა პენალტი დანიშნა. არბიტრებს ძალიან არ უყვართ მათზე რომ ლაპარაკობენ, მაგრამ თავად
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელიც ფაბრეგასმა გაიხსენა „ტოტენჰემის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მომენტი, როდესაც მაშინდელი შეხვედრის არბიტრმა ფილ დოდმა პენალტი დანიშნა ნასრისა და მაკარტურის ახლანდელი ეპიზოდის ზუსტი ასლი იყო. ფაბრეგასმა „თვითერში“ თავის გვერდზე დაწერა: „ვეღარ გავიგე, წესი წესია თუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ გუნებაზე არიან მსაჯები?“
„არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა: „პირადად მე კარგად ვერ დავინახე რა მოხდა, მაგრამ ნასრი იფიცებს, რომ აშკარა პენალტი იყო.“
თუმცა, „მეთოფეთა“ პრობლემა ერთ ეპიზოდში არ უნდა იყოს. საქმე ბოლო წუთამდე არ უნდა მისულიყო და გუნდი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ჯობს გაცილებით სტაბილური იყოს. თან, „არსენალი“ 2:1-ს იგებდა და „უიგანს“ კაცი გაგდებული ჰყავდა – შარლ ნ’ზოგბიას არბიტრმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა – 24 წლის ფრანგი ჯეკ უილშერს გაექაჩა.
მასპინძლებმა ანგარიში სებასტიან სკილაჩის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით გაათანაბრეს.
„მაისში გამოჩნდება, ძვირად დაგვიჯდება თუ არა დღევანდელი ორი ქულა“, - თქვა ვენგერმა.
„უიგანის“ მწვრთნელმა, ესპანელმა რობერტო მარტინესმა კი თავისი ბიჭები შეაქო:
„ჩვენ კაცი გაგვიგდეს, მაგრამ წარბი არ შევიხარეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ამით ძალიან ვამაყობ“.
.