უილფრიდ ბონის გადასვლა "მანჩესტერ სიტიში" თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
უილფრიდ ბონის ტრანსფერი იმაზე ადრე და მარტივად შედგება, ვიდრე ბევრს გვეგონა. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს.

"მანჩესტერ სიტი" 25 მილიონ გირვანქას იხდიდა, "სუონსი" 30-ს ითხოვდა და, როგორც ირკვევა, მხარეებს შუალედური ვარიანტი უპოვიათ, ცოტა უფრო "სუონსისკენ" - 28 მილიონი. 25-ს "ქალაქელები" თავიდანვე გადაიხდიან, ხოლო 3 მილიონის ბედი ბონის თამაშის მიხედვით გადაწყდება და უელსელები მას ბონუსის სახით მიიღებენ.

კოტდივუარელი ისეთ ფორმაშია და ისე სწრაფად აუღო ალღო პრემიერლიგას, რომ დიდი ალბათობით, "სიტის" ამ 3 მილიონსაც გადაახდევინებს და რეალურად, ეს თავად მანჩესტერელების ინტერესებშიც
შედის, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბონი კარგად თამაშობს.

ის, რომ ტრანსფერი შედგება, თითქმის დაადასტურა "თეთრი გედების" თავკაცმა გარი მონკმა, რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარებისას სხვადასხვა მინიშნებით გაჯერებული აქცენტები დასვა.

თქვა ისიც, ასტრონომიულ თანხას გვიხდიანო და ეს ფული "სუონსისთვის" მართლაც ასტრონომიულია, რადგან გუნდის სარეკორდო ტრანსფერი ამ წუთისთვის ჯო ალენის "ლივერპულისთვის" მიყიდვაა 15 მილიონ გირვანქად. თავად ბონი კი უელსელებმა 2013 წელს 12 მილიონად იყიდეს არნემის "ვიტესიდან" და ის კლუბის ისტორიაში სარეკორდო შენაძენია.

კითხვაზე, ემზადება თუ არა ბონის გარეშე სათამაშოდ, მონკმა ასე უპასუხა: "რასაკვირველია. მე ამისთვის ისედაც ვემზადებოდი, რადგან ასეც და ისეც ვიცოდით, რომ ბონი ამ პერიოდში დაგვაკლდებოდა, იგი აფრიკის ერთა თასზე კოტ დ'ივუარის ნაკრებს უნდა დაეხმაროს. ასე რომ, აქ ტრანსფერი არაფერ შუაშია, მე ისედაც ვემზადებოდი. რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერს, მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი, ალბათ, მალე გაირკვევა".

მიუხედავად იმისა, რომ მონკი ძალიან კარგი აზრისაა ბაფეტიმბი გომისზე და მისი ეიმედება, ბონის გაშვების შემთხვევაში "სუონსის", მინიმუმ, ერთი თავდამსხმელი მაინც დასჭირდება და ალბათ, კანდიდატებზეც დაწყებულია ფიქრი. ბონის ტრანსფერის ამბავი კი, შესაძლოა, უკვე უახლოეს საათებში გადაწყდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული