გადაწყდა, უილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
კოტდივუარელი უილფრიდ ბონი უკვე "ქალაქელების" ფეხბურთელად შეგვიძლია მოვიხსენიოთ - 26 წლის თავდამსხმელმა თავის ახალ გუნდთან 4,5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ხოლო "სუონსი" მის სანაცვლოდ 28 მილიონ გირვანქას მიიღებს, აქედან 25-ს ახლავე და 3-ს ბონუსების სახით. უელსური გუნდის ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერია და ბონიც უძვირესი აფრიკელი ფეხბურთელი ხდება.

"მოთამაშეს ყოველთვის სურს, რომ დიდი გუნდების წევრი იყოს. ეს ჩემთვის კარგი შანსია, რომელსაც დიდხანს ველოდი და მეამაყება, რომ "მანჩესტერ სიტის" წევრი გავხდი. აღელვებული და ბედნიერი ვარ, რადგან ამაზე ვოცნებობდი და ახლა ეს რეალობაა, ფანტასტიკურია.

"სიტი"
ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის. თავად მოტივაცია ნამდვილად არ მაკლია. შევეცდები, მაქსიმუმი გავიღო, რომ შემადგენლობაში ჩემი ადგილი დავიმსახურო" - თქვა ბონიმ, რომელიც ამჟამად კოტდივუარის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასისთვის ემზადება და ახალ კლუბს ტურნირის მერე შეუერთდება. იქამდე კი, მანჩესტერელებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას იგი თავისი თანამემამულისგან და ახლა უკვე თანაკლუბელისგან, იაია ტურესგან შეიტყობს.

ვიცით ისიც, რომ ბონი "სიტიში" მე-14 ნომრით ითამაშებს. ეს მაისურა ხავი გარსიას წასვლის მერე გახდა ვაკანტური.

"სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი: "ის ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს მონაცემები და სიმძლავრე. ინგლისში გადმოსვლის მერე მშვენიერი შედეგები აქვს და ბევრი გოლი გააქვს. ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა. ახლა უკვე ოთხი ტოპ-ფორვარდი გვყავს და უკვე იმაზე ვფიქრობ, როგორ გამოვიყენო ისინი ერთად".

სხვათა შორის, პირველად ოფიციალური ინფორმაცია კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, რისთვისაც "სუონსისგან" საყვედური მიიღო, ჯერ ჩვენ არ გვქონდა დადასტურებული ტრანსფერი და ამაზე საუბარი არასწორი იყოო. "თეთრმა გედებმა" თავის ექსთავდამსხმელს მადლობაც გადაუხადეს, დიდებულად გაწეული სამსახურისთვის.

წინა სეზონში "სუონსის" მაისურით სადებიუტო სეზონში ბონიმ ყველა ტურნირზე 25 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე პრემიერლიგაში კი უილფრიდის აქტივში 9 ბურთია. ვთქვათ ისიც, რომ ნაკრებში მან 32 თამაში გამართა და 11-ჯერ იხეირა.

ყველაზე ძვირად ღირებული აფრიკელი ფეხბურთელები
უილფრიდ ბონი სუონსი სიტი 2015 25 მლნ. ფ. (28)
ემანუელ ადებაიორი არსენალი სიტი 2009 25 მლნ
მიკაელ ესიენი ლიონი ჩელსი 2005 24,4 მლნ
იაია ტურე ბარსელონა სიტი 2010 24 მლნ
დიდიე დროგბა მარსელი ჩელსი 2004 24 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული