"იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენის აზრით, ძველ გუნდთან შედარებები არასწორია და ჰოლანდიელი სპეციალისტის ახლებური სტილი მოსაწონი. 59,7 მილიონ გირვანქად ნაყიდ დი მარიას მიაჩნია, რომ მალე გუნდში სიტუაცია დალაგდება.
"ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ისე არ ვთამაშობთ, როგორც საჭიროა ანდა, ეს ძველი "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ არის. დიახ, ასეა. ეს ახალი გუნდია და ჩვენ საკუთარი სტილი გვაქვს. გვყავს ახალი მწვრთნელი და ყველაფერს ვაკეთებთ
ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "პალერმოდან" 21 წლის არგენტინელი შემტევის, პაბლო დიბალას წაყვანა სცადა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სიცილიური გუნდისგან უარი მიიღო. "როზანეროს" განცხადებით, დიბალა 30 მილიონ გირვანქაზე მეტი ღირს.
პარალელურად, "წითელი ეშმაკები" სერიოზულად განიხილავენ ადნან იანუზაის სხვა გუნდში განათხოვრების ვარიანტს. როგორც ამბობენ, ამ წუთისთვის, 19 წლის ტალანტის მსურველები "პორტუ", "პარი სენ-ჟერმენი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან. პარიზელების ინტერესი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა, შესაძლოა, იმ კუთხით გამოიყენონ, რომ პსჟ-ის ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის ხელში ჩაგდება გაიადვილონ. 20 წლის მარკინიოსი 30 მილიონ გირვანქად ფასდება.
შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დარენ ფლეტჩერიც წავიდეს, თანაც, ეს შესაძლოა, იანვარშივე მოხდეს. შოტლანდიელი სეზონის სტარტზე ასე თუ ისე თამაშობდა, მაგრამ მას მერე, რაც ტრავმირებულებმა დაბრუნება დაიწყეს, 30 წლის ფლეტჩერს, ფაქტობრივად, აღარ დარჩა სათამაშო დრო და იგი მზად არის, შემოთავაზებები განიხილოს. პირველი მსურველიც გამოჩნდა - ტონი პულისი თავის "ვესტ ბრომვიჩთან" ერთად.
ბარემ ვთქვათ ისიც, რომ მანჩესტერელებმა დანიაში მომუშავე სკაუტი ტორბენ აიკიაერი დაითხოვეს, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ამ ადამიანმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე შეურაცხმყოფელი და უხამსი კომენტარები გამოამზეურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"