ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური: "ჩელსი" 5 გოლით და 5 ქულით გაიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
* სესკ ფაბრეგასი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის ორ სეზონში შეძლო სულ მცირე, 15 საგოლე პასის გაკეთება.

* "ლივერპულის" ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

* სანტი კასორლას გოლი "არსენალისთვის" 650-ე საგარეო გოლი იყო პრემიერლიგაში.

პრემიერლიგის ლიდერი 5 ქულით წინ გაიქცა, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ტურის მთავარ მატჩში "სიტიმ" ხმაურიანი მარცხი იგემა "არსენალთან" დუელში.

მანუელ პელეგრინის საბრძოლო შემადგენლობა ჰყავდა, ნაკრებში წასულ იაია ტურეს არყოფნას თუ არ ჩავთვლით. სწორედ დაბრუნებულმა ვენსან კომპანიმ წააქცია ნაჩო მონრეალი და სანტი კასორლამ პენალტი გარდასახა.
მეორე ნახევარში კი ესპანელმა ოლივიე ჟირუს გაატანინა. ასე მოიგო არსენ ვენგერმა 2010 წლის მერე პირველად "ქალაქელებთან" სტუმრად. "სიტის" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. "მეთოფეები" კი ოთხეულთან ერთ ნაბიჯში რჩებიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იქამდე "ჩელსიმ" "სუონსის" გადაურბინა. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, რომ "თეთრი გედები" სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ ამ შეხვედრას.

პლუს, ყველაფერი დაამძიმა იმან, რომ სტუმრებმა დასაწყისშივე გაიტანეს, რაშიც მათ მასპინძლები დაეხმარნენ. გილფი სიგურდსონი ამ სეზონში საგოლე პასებით გამოირჩევა და მხოლოდ "ჩელსის" სესკ ფაბრეგასს ჩამორჩება, მაგრამ ამჯერად "საგოლე გადაცემა" მეტოქეს გაუკეთა. ამ ეპიზოდში ვერც თომას კეროლი იყო დამაჯერებელი. ოსკარმა ეს საჩუქარი შეირგო, ისევე, როგორც ტაიმის მიწურულს უელსელების მორიგი შეცდომისას დააგვირგვინა კონტრშეტევა ეფექტური დარტყმით.

შუალედში დუბლი გაახერხა დიეგო კოშტამ, რომელმაც "ლურჯების" საუცხოო კომბინაცია და ფაბრეგასის პასი დააგვირგვინა და ასევე, ფედერიკო ფერნანდესის უპატიებელი შეცდომა გამოიყენა. მან პლუს ერთი საგოლე პასიც მიითვალა. საინტერესოა, რომ ერთზე მეტი გოლი დიეგო კოშტას სწორედ "სუონსისთან" პირველი წრის მატჩის მერე არ გაეტანა (მაშინ ჰეთ-თრიქი გაახერხა).

პირველივე ტაიმში სტუმრებს კიდევ ერთი ამდენის დამატება შეეძლოთ, ხოლო მეორე ნახევარში დაისვენეს და ოდენ ანდრე შურლემ შეაგდო ერთი ბურთი, ბრანისლავ ივანოვიჩის სოლო-რეიდის შემდეგ. გარი მონკმა თავისი გუნდის თამაშს "საშინელი" უწოდა და ძნელია შეეწინააღმდეგო, "სუონსის" ამ სეზონში ასე ცუდად არ უთამაშია. ჟოზე მოურინიო კი, ცხადია, ძალიან კმაყოფილი გახლდათ და თავისიანებისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სენსაცია: ლივერპულის ფორვარდებმა გაიტანეს
"ლივერპულს" არნახული რამ ეღირსა - მისმა ორმა ფორვარდმა ერთ მატჩში გაიტანა. ფაბიო ბორინისთვის ეს სულაც პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში, იტალიელი ნელ-ნელა უკეთ გამოიყურება. მეორე კი მინდორზე მის ნაცვლად სულ რამდენიმე წუთის შემოსულმა რიკი ლამბერტმა შემოგვთავაზა.

ბრენდან როჯერსის კლუბმა ბოლო 5 მატჩიდან მეოთხეში იმარჯვა და წინსვლას აგრძელებს. "ასტონ ვილას" კი კვლავ კრიზისი აქვს, უკვე 7 ტურია, მოუგებლადაა და ისევ უგოლოდ ჩაატარა შეხვედრა. ახალწვეული კარლეს ხილი პოლ ლამბერტმა ცვლილებაზე შეუშვა. შოტლანდიელი სპეციალისტი გამოუყენებელ შანსებზე წუწუნებდა, მაგრამ ბირმინგემელთა პრობლემა მარტო ეს არ არის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პატარა სასწაულები, მანჩესტერის სათადარიგო გეგმა და სხვა
ერთადერთი, რასაც "ტოტენჰემს" ვერ წავართმევთ, ისაა, რომ "დეზები" ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და მაურისიო პოჩეტინომ ამ მხრივ გუნდი კარგად დაქოქა. "სანდერლენდის" რიგებში "უაით ჰართ ლეინზე" დაბრუნდა და "შავ კატებში" თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჯერმინ დეფომ. სწორედ მისი წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოდან გაათანაბრა სებასტიან ლარსონმა.

გადამწყვეტი გოლი კი კრისტიან ერიკსენმა შეაგდო 88-ე წუთზე. მართალია, ეს მისი პირველი ბურთი იყო 26 დეკემბრის შემდეგ, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერიკსენმა "ჰალთან" მატჩში 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა თავისიანებს 3 ქულა, ხოლო "სუონსისთან" თავისიანებს 89-ეზე მოაგებინა...

"ჩვენ ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "სანდერლენდმა". ერიკსენი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ეს კი საჭირო გამარჯვება გახლავთ. უგო ლორისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რაც დღესაც დაამტკიცა თავისი "სეივებით". სათქმელია ისიც, რომ ვერტონგენმა მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ტყუილად გაუუქმეს. საბედნიეროდ, მაინც მოვიგეთ, რაც სამართლიანია" - თქვა პოჩეტინომ.

პატარა სასწაული მოახდინა ელჯერო ელიამაც. "წმინდანების" ახალი სახე სადებიუტო შეხვედრაში უფერული გახლდათ, მაგრამ "სენტ ჯეიმს პარკზე" ორი მშვენიერი გოლი შეაგდო, ჯერ ჯეიმს უორდ-პრუასის, მერე კი გრაციანო პელეს პასით. შუალედში ერთი ბურთი მასპინძელმა გუფრანმა გაიტანა, რომელმაც 13-თვიანი პაუზის მერე პირველად იხეირა. ბოლოს კი, ემანუელ რივიერის დარტყმისას ბურთი ჟოზე ფონტეს ხელზე მოხვდა, მაგრამ რობერტ მედლიმ პენალტი არ დანიშნა. "საუთჰემპტონს" 16 დეკემბრის მერე არ წაუგია.

"სეზონის სტარტზე ვინმეს რომ ეთქვა, 22-ე ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე იქნებითო, ძალიან გამეცინებოდა, მაგრამ ეს ფაქტია და ფაქტია ისიც, რომ ჩვენი კარგი თამაშით ეს დავიმსახურეთ. რასაკვირველია, ზოგიერთ შეხვედრაში შედარებით გაგიმართლებს და იღბალიც საჭიროა, მაგრამ თან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ" - თქვა რონალდ კუმანმა.

"ნიუკასლის" დროებითი თავკაცი ჯონ კარვერი: "წაგებას არ ვიმსახურებდით, პენალტიც აშკარა იყო. ასეთი გადაწყვეტილებები და შეცდომები ადამიანებს ხასიათს უფუჭებს, სამსახურს და რაც მთავარია, ქულებს აკარგვინებს".

"ლოფტუს როუდზე" ჩარლი ოსტინს რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომ პირველ ტაიმში "ქუინზ პარკ რეინჯერსი" წინ გაეყვანა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. საკუთარი შანსები ვერც რადამელ ფალკაომ გამოიყენა, რომელიც წინა შეხვედრაში ლუი ვან გაალს საერთოდ განაცხადში არ ჰყავდა, ახლა კი პირდაპირ ძირითადში გაამწესა.

"წითელმა ეშმაკებმა" გოლები ისევ იმ ფეხბურთელების წყალობით გაიტანეს, რომლებისგანაც ნაკლებად იყო თავის გამოჩენა მოსალოდნელი. ვან გაალის სათადარიგო გეგმამ ამჯერად მაინც გაამართლა და შეცვლაზე შესულმა მარუან ფელაინიმ იხეირა. ბოლოს კი ასევე ცვლილებაზე გაყვანილმა ახალგაზრდა ფორვარდმა ჯეიმს უილსონმა გაიტანა. "მანჩესტერმა" მოიგო, მაგრამ დამაჯერებლად ისევ ვერ გამოიყურებოდა. ჰარი რედნაპმა კი აღნიშნა, რომ მისი აზრით, ქპრ-დან გაშვება არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საოცრება მოახდინა ალან პარდიუს "კრისტალ პალასმა", რომელიც "ტარფ მურზე" 16 წუთში 0:2-ს აგებდა, მაგრამ "ბარნლიმ" საბოლოოდ ქულაც კი ვერ აიღო. დუაით გეილმა ორჯერ იხეირა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ჯეისონ პანჩონი გახლდათ, რომელიც ბრწყინავდა.

გამოღვიძებული "ლესტერისგან" ფანები გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ "მელიები" შინ დამარცხდნენ "სტოკთან", რომელიც ამ სეზონში გასვლაზე ჩინებულად თამაშობს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბოიან კრკიჩმა გაიტანა.

"ჰალმა" პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა, ვიდრე "ვესტ ჰემმა", მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარი კი "ვეფხვებმა" პირწმინდად დათმეს და საბოლოოდ, "ჩაქუჩებმა" აბსოლუტურად სამართლიანად იმარჯვეს, რითაც 6-შეხვედრიანი უიღბლო სერია შეწყვიტეს და ბოლო 9 თამაშში პირველად შეინახეს კარი მშრალად, ხოლო "ჰალს" უკანასკნელი 15 მატჩიდან 10-ში გოლი არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXII ტური
17 იანვარი
ასტონ ვილა-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ბორინი (24), 0:2 ლამბერტი (79)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ეიკერი, სისოხო - კ. სანჩესი, ვესტვუდი (59. ხილი), კლევერლი (59. ვაიმანი) - დელფი, აგბონლაჰორი, ბენტეკე
ლივერპული (3-4-3): მინოლე - ჯანი, შკრეტლი, მ. სახო - ლ. მარკოვიჩი, ჰენდერსონი, ლუკასი, ალბერტო მორენო (71. ხოსე ენრიკე) - სტერლინგი (85. იბე), კოუტინიო, ბორინი (71. ლამბერტი)
გაფრთხილება: ოკორე - ლამბერტი
კუთხური: 9-5 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 15(4)-12(5) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 39 758

ბარნლი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 1:0 მი (12), 2:0 ინგსი (16), 2:1 გეილი (28), 2:2 პანჩონი (48), 2:3 გეილი (87)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი (90+1. სორდელი), მარნი, ჯოუნსი (90+2. უოლასი), არფილდი - ბარნსი (73. ვოუკსი), ინგსი
კრ. პალასი (4-4-2): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, კელი (83. მარიაპა) - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, ზაჰა (70. გედიურა) - გეილი, იაია სანოგო (79. მარეი)
გაფრთხილება: შეკელი - დანი, იაია სანოგო, უარდი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 10-20 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 7(4)-11(4) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 17 782

ლესტერი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 ბოიანი (63)
ლესტერი (4-4-2): ჰამერი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი - ნოკერტი, დრინკვოტერი, კინგი, შლუპი (71. ლოურენსი) - ვარდი (65. კრამარიჩი), ნიუჯენტი (71. ულოა)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, ვოლშაიდი, მუნიესა, უილსონი - უელანი, ნზონზი - არნაუტოვიჩი (81. კრაუჩი), ბოიანი, მოზესი (86. კამერონი) - უოლტერსი
გაფრთხილება: ვასილევსკი -
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 9-6 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 7(3)-13(3) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 31 772

ქპრ-მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 ფელაინი (58), 0:2 უილსონი (90+4)
ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა, დანი (46. კოლკერი), ონუოჰა, ჰილი - ვარგასი, ბარტონი, ჰენრი, ფერი (70. ტაარაბტი) - ზამორა (80. კრანჩარი), ოსტინი
მანჩესტერი (3-1-4-2): დე ხეა - ჯოუნსი, ევანსი (57. უილსონი), როხო - კერიკი - ვალენსია, მატა (46. ფელაინი), რუნი, ბლინდი - დი მარია (90+5. ერერა), ფალკაო
გაფრთხილება: ბარტონი, ისლა, ჰილი - მატა, როხო
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 18(4)-12(7) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 18 098

სუონსი-ჩელსი 0:5
გოლები: 0:1 ოსკარი (1), 0:2 დიეგო კოშტა (20), 0:3 დიეგო კოშტა (34), 0:4 ოსკარი (36), 0:5 შურლე (79)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ტიენდალი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ. ტეილორი - სიგურდსონი, ტ. კეროლი - დაიერი (75. ბეროუ), ნელსონ ოლივეირა (66. ფულტონი), რუტლეჯი (32. ემნესი) - გომისი
ჩელსი (4-2-3--1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ფილიპე ლუისი - ფაბრეგსი (74. რამირესი), მატიჩი - ვილიანი (76. შურლე), ოსკარი, აზარი - დიეგო კოშტა (75. რემი)
გაფრთხილება: -
კუთხური: 1-2 ჯარიმა: 9-13 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 11(0)-21(11) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 785

ტოტენჰემი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ვერტონგენი (3), 1:1 ლარსონი (31), 2:1 ერიკსენი (88)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - სტამბული, დემბელე (75. თაუნსენდი) - ერიკსენი, შადლი (88. პაულინიო), კეინი - სოლდადო (61. ადებაიორი)
სანდერლენდი (3-4-1-2): პანტილიმონი - ვერხინი, ოში, ბრაუნი - ჯოუნსი (90+2. ბაკლი), ლარსონი, როდუელი, ვან აანჰოლტი - ჯონსონი - ს. ფლეტჩერი (65. ვიკჰემი), დეფო (75. გრემი)
გაფრთხილება: ვერტონგენი - როდუელი, ჯოუნსი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 14-8 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 25(8)-8(4) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 35 973

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 ელია (14), 1:1 გუფრანი (29), 1:2 ელია (62)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, კოლოჩინი, დამეტი (80. უილიამსონი), ჰაიდარა - ანიტა (68. რივიერი), კოლბეკი - კაბელია, სისოკო, გუფრანი (69. ამეობი) - ა. პერესი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, გარდოში, ბერტრანი - დევისი, რიდი - ტადიჩი (60. ლონგი), უორდ-პრაუსი (60. კორკი), ელია (82. ტარგეტი) - პელე
გაფრთხილება: - დევისი, ლონგი
კუთხური: 9-0 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 16(3)-5(3) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 49 307

18 იანვარი
ვესტ ჰემი-ჰალი 3:0
გოლები: 1:0 კეროლი (49), 2:0 ამალფიტანო (69), 3:0 დაუნინგი (72)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი (49. რიდი), ტომკინსი (76. ო’ბრაიენი), კრისუელი - ნოუბლი (66. ამალფიტანო), სონგი - დაუნინგი, ნოლანი, ვალენსია - კეროლი
ქპრ (4-4-2): მაკგრეგორი - ბრიუსი (46. მაგირი), დოუსონი, დეივისი (72. იაია საგბო), ჩესტერი (45+4. ფიგეროა) - ლივერმორი, მეილერი, ელმოჰამადი, ჰადლსტოუნი - ქუინი, ალუკო
გაფრთხილება: ნოუბლი - ელმოჰამადი, ქუინი, მეილერი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 5-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 17(6)-9(3) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 34 914

სიტი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 კასორლა (24-პენ.), 0:2 ჟირუ (67)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ფერნანდინიო (63. ლამპარდი), ფერნანდო - ნავასი (76. ჯეკო), სილვა, მილნერი (46. იოვეტიჩი) - აგუერო
არსენალი (4-1-4-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66. როსიცკი), რემზი (84. ფლამინი), კასორლა, სანჩესი (84. გიბსი) - ჟირუ
გაფრთხილება: კომპანი, ფერნანდინიო, აგუერო - კოშელნი, რემზი, ბელერინი
კუთხური: 16-3 ჯარიმა: 12-5 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 12(4)-9(3) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 45 596

19 იანვარი
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 00:00

ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი);

მომდევნო ტური
31 იანვარი:
ჰალი-ნიუკასლი, კრ. პალასი-ევერტონი, ლივერპული-ვესტ ჰემი, მანჩესტერი-ლესტერი, სტოკი-ქპრ, სანდერლენდი-ბარნლი, ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი, ჩელსი-სიტი

1-ლი თებერვალი:
არსენალი-ასტონ ვილა, საუთჰემპტონი-სუონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული