"ევერტონს" როკი ბალბოაც ვერ შველის

AutoSharing Option
"ევერტონის" მოუგებელი სერია "ვესტ ბრომვიჩთან" უგოლო ფრის მერე 8 მატჩამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ კევინ მირალასმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "კანფეტების" შტატიანი პენალტისტი ლეიტონ ბეინსია, მაგრამ მან მოკლე გასაუბრების მერე დაუთმო დარტყმის უფლება თავდაჯერებულ მირალასს, რომელმაც ძელს გაარტყა. საქმე ის არის, რომ ბელგიელი წასვლაზე ფიქრობს და "ევერტონის" ბანაკში ყველა ცდილობს, მირალასის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომ ის დარჩეს.

თუმცა შესვენებაზე რობერტო მარტინესმა მისი შეცვლა გადაწყვიტა და ბუნებრივი ეჭვები გაჩნდა, რომ ეს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო მოხდა,
მაგრამ ოფიციალური ვერსია სხვაგვარია.

"კევინი ძველმა ტრავმამ შეაწუხა და ცვლილებაც ამას უკავშირდება, გაფუჭებული პენალტი არაფერ შუაშია. უბრალოდ, არ გვსურდა, მირალასს დაზიანება გამიზეზებოდა.

თერთმეტმეტრიანი კი იმიტომ დაარტყა, რომ ძალიან თავდაჯერებული ჩანდა და ბეინსმაც გადაწყვიტა, დარტყმის უფლება დაეთმო. ლეიტონი ჩვენი მთავარი პენალტისტია, მაგრამ სხვა კარგი შემსრულებლებიც გვყავს. ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ, არადა, დიდ უპირატესობას ვფლობდით" - განაცხადა მარტინესმა.

სხვათა შორის, ესპანელი მწვრთნელი ბელგიელის პოზიციას იზიარებს და მასაც მიაჩნია, რომ გუნდი უფრო ამბიციური უნდა გახდეს, რისთვისაც კარგი ტრანსფერებია საჭირო, მაგრამ რამდენად გამოჰყოფს "ევერტონის" "ძუნწი" უფროსობა სერიოზულ თანხებს, ეს ძნელი სათქმელია და მომავალი გვიჩვენებს.

"კანფეტებს" ვერც სილვესტერ სტალონეს გამხნევებამ უშველა. შესვენებაზე დიდ ეკრანზე ჩაირთო ამერიკელი მსახიობის მიმართვა. "ევერტონის" გულშემატკივარი სტალონე კლუბის მაისურით აკეთებდა განცხადებას. საქმე ისაა, რომ მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ "ევერტონის" გულშემატკივარია, მას მერე, რაც მერსისაიდელებისა და "რედინგის" შეხვედრას დაესწრო 2007 წელს და "გუდისონ პარკის" ატმოსფეროთი მოიხიბლა.

ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ახალი ფილმის, "როკის" ერთგვარი გაგრძელების, "კრიდის" ეპიზოდი სწორედ იქ გადაიღოს და ქომაგები დაპატიჟა.

ალბათ, გახსოვთ, რომ ლეგენდარულ "როკიში" თავიდან როკი ბალბოას პერსონაჟი აპოლო კრიდს ეჩხუბება, ხოლო შემდეგ ისინი მეგობრები ხდებიან. ახალ ფილმში კი აპოლო კრიდის ვაჟი ადონისი ცდილობს, რომ ჩემპიონი გახდეს. მისი მოწინააღმდეგის როლს ნამდვილი მოკრივე და ჩემპიონი, "ევერტონის" ფანი ტონი ბელიუ ასრულებს.

ფანები 68 წლის სტალონეს ეკრანზე გამოჩენამ აღაფრთოვანა და გაახარა, მათი უმეტესობა დიდი ინტერესით უსმენდა მსახიობისა და რეჟისორის სიტყვებს და შესვენებაზე თავიანთი ადგილი არ დაუტოვებიათ.

ბოლოს კი ვთქვათ, რომ ლივერპულელებმა 19 წლის კრის ლონგი, რომელსაც დებიუტი ევროპის ლიგაზე ჰქონდა, "ბრენტფორდში" გაანათხოვრეს. იქამდე იგი იჯარის წესით "დონსში" ბურთაობდა.

მომავალ სეზონში კი, შესაძლოა, ძირითადი გუნდის სტაბილური წევრიც გახდეს. ლონგი 5 წლის ასაკიდან "ევერტონშია" და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ. აი, მარტინესს კი ახალი ასისტენტი ჰყავს, რომელიც მას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. 44 წლის გარი ბრაბინმა "საუთპორტის" თავკაცის პოსტი დატოვა იმისთვის, რომ "ევერტონის" სამწვრთნელო შტაბში ჩარიცხულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული