ინგლისის ასოციაციის თასი. 1/16-ფინალი. IV რაუნდი: რა დამართა პარკინსონმა მოურინიოს?

AutoSharing Option
ინგლისის ასოციაციის თასი ყოველთვის დრამატული და დაძაბული მატჩებით გამოირჩეოდა. ისედაც ვიცოდით, რომ მსოფლიოს ისტორიაში პირველ საფეხბურთო ტურნირში გამორიცხული არასდროს არაფერია, მაგრამ ამდენი სენსაცია ერთად იშვიათად თუ გვინახავს.

"სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერლიგის ლიდერ "ჩელსისა" და ლიგა ერთის, ანუ რანგით მესამე დივიზიონის, მე-7 ადგილზე მყოფ "ბრედფორდს" შორის გამართული დუელი ბევრმა, მათ შორის, რობი ფაულერმაც, უკვე შერაცხა ყველა დროის ყველაზე მოულოდნელ მატჩად. ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ასეთი ეს დაპირისპირება მართლაც გახდა და ასოციაციის თასის მდიდარი ისტორია კიდევ უფრო შეავსო.

მართლაც წარმოუდგენელია, "ჩელსი" საკუთარ მინდორზე
2:0-ს იგებდეს და ეს უპირატესობა ხელიდან გაუშვას, თანაც ისე, რომ ოთხი უპასუხო ბურთი მიიღოს საკუთარ კარში. სტუმართა მხრიდან დიდებული მატჩი ჩაატარა ჯონათან სტიდმა, რომელმაც შეამცირა კიდეც სხვაობა.

75-ე წუთზე, თავის დროზე, ჟოზე მოურინიოს "პირველად ყოფნის" დროს სწორედ "ჩელსის" აკადემიიდან გაშვებულმა ფილიპე მორაიშმა წონასწორობა აღადგინა. "ლურჯები" აშკარად შოკში იყვნენ და გათამამებულმა "ბრედფორდმა" ამით ძალიან კარგად ისარგებლა, წინაც გავიდა და ბოლოს მეოთხეც დაამატა.

მოურინიოს მეტოქეთა მწვრთნელებთან ნაადრევად დამშვიდობება უყვარს ხოლმე და ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ასტონ ვილას" თავკაცმა პოლ ლამბერტმა და მისმა მაშინდელმა ასისტენტმა როი კინმა მისთვის დროზე ადრე ხელის ჩამორთმევა იუარეს.

ასე მოიქცა "ბრედფორდის" მთავარი მწვრთნელი ფილ პარკინსონიც, როდესაც "განსაკუთრებული" მასთან მატჩის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე მივიდა და ხელის ჩამორთმევა სცადა. სამაგიეროდ, მოუ თამაშის მერე მეტოქის გასახდელში შესულა და ყველასთვის სათითაოდ ჩამოურთმევია ხელი და მიულოცავს გამარჯვება. ეს ინფორმაცია აღფრთოვანებით გაავრცელა "ბრედფორდმა" ერთ-ერთი საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე.

"ასეთი მეტოქის დამარცხება სიურეალისტურია. "ჩელსი" უმაღლესი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მადლობა ჩემს ბიჭებს გმირული თამაშისთვის. მოურინიო ჩემთან მოვიდა, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე ჯერ სამწუთნახევარი იყო და მე თამაშში ვიყავი ჩართული, ხელის ჩამორთმევის დრო არ იყო, ჯერ ადრე გახლდათ. მატჩის შემდგომ იგი ჩვენს გასახდელში შევიდა და ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი და გამარჯვება მიულოცა. ეს მაღალი კლასის გამოვლინება გახლდათ" - აღნიშნა პარკინსონმა.

"პრემიერლიგის ბინადარი ქვედალიგელთან არ უნდა აგებდეს, თანაც 2:0-ის მერე. ჩემს ფეხბურთელებს უნდა რცხვენოდეთ" - თქვა მოურინიომ.

ეს კომენტარი კი პეტრ ჩეხმა საკუთარ "თვითერზე" გააკეთა: "ასოციაციის თასი განსაკუთრებული ტურნირია და თავისი მაგიური მომენტები აქვს. სამწუხაროდ, 10 წლის განმავლობაში პირველად, ამ მაგიური მომენტისას არასწორ მხარეს აღმოვჩნდი".

"ჩელსის" კარში მესამე, გამარჯვების გოლის ავტორი 23 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი ენდი ჰოლიდეი: "ეს ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში საუკეთესო დღეა. ბევრს ნამდვილად არ შეუძლია "სტემფროდ ბრიჯზე" 0:2-ის მერე მოგება და ბევრმა, ალბათ, წინასწარ ჩამოგვწერა კიდეც. ეს ასოციაციის თასია, ტურნირი, რომელსაც მსოფლიოში ცოტა შეჯიბრება თუ შეედრება. წინა დღით სასტუმროში "კემბრიჯისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებას ვუყურეთ და ამან თავდაჯერება შეგვმატა".

გრძელდება "წითელი ეშმაკების" პრობლემებიც, ლუი ვან გაალის გუნდმა რიგით მეოთხე დივიზიონის, ანუ ლიგა ორის მკვიდრ "კემბრიჯ იუნაიტედს" ვერ სძლია, მაგრამ არც წააგო (0:0) და "ოლდ ტრაფორდზე" ელის გადათამაშება.

შეგვიძლია ერთი სახალისო შედარებაც გავაკეთოთ - "კემბრიჯის" სარეკორდო შენაძენი 1992 წელს 190 ათას გირვანქად ნაყიდი სტივ კლარიჯია, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედისა" - 59,7 მილიონად შეძენილი ანხელ დი მარია. არგენტინელის ფასად კემბრიჯელებს 314 სტივ კლარიჯი მოუვიდოდათ და 28 გუნდს დააკომპლექტებდნენ... დი მარია ამ შეხვედრაში იმით გამოირჩა, რომ მისი ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ ბურთი ტრიბუნებს გადასცდა და ქუჩაში გადავარდა.

უგოლოდ დასრულდა "ლივერპული"-"ბოლტონისა" და "სანდერლენდი"-"ფულემის" დუელებიც, რაც ასევე ძალიან მოულოდნელი გახლდათ და გადათამაშებებს უნდა დაველოდოთ, ისევე, როგორც "პრესტონი"-"შეფილდ უნაიტედის" წყვილში (1:1).

ზოგადად, შაბათის მატჩებში ერთადერთი გუნდი, რომელმაც ფავორიტის სტატუსი გაამართლა, ჩემპიონშიპის ერთ-ერთი ლიდერი "დერბია", სტივ მაკლარენის გუნდმა "ჩესტერფილდს" ადვილად სძლია. "ცხვრების" მხრიდან თავისი პირველი ბურთი "ასტონ ვილადან" ნათხოვარმა დარენ ბენტმა შეაგდო.

პრემიერლიგის ბინადრებიდან 50% უკვე გამოეთიშა ასპარეზობას, ზოგსაც გადათამაშება ელოდება. თანაც, ცხრილის ზედა ნახევარში მყოფი კლუბები გამორჩეულად "აქტიურობენ".

დავემშვიდობეთ "სიტისაც", რომელმაც საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა "მიდლსბროსთან", მაგრამ მიუხედავად საგოლე შანსებისა, ბურთის ფლობის, დარტყმებისა და კუთხურების მხრივ უპირატესობისა, მეტოქეს ერთი ბურთიც ვერ გაუტანა და დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ რივერსაიდელთა დამრიგებელი აიტორ კარანკაა, ადამიანი, რომელიც მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში იყო "რეალში". სწორედ მათ ნაცვლად მივიდა მადრიდელთა თავკაცის რანგში მანუელ პელეგრინი.

აღსანიშნავია, რომ "ქალაქელებს" პირველი ბურთი ნიკ ბამფორდმა გაუტანა, რომელიც "ბოროში" "ჩელსიდანაა" განათხოვრებული, მან ბოლოს საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჩილელი, ცხადია, გამოუყენებელ შანსებზე წუწუნებდა: "სანამ მეტოქე გაიტანდა, 5-6 აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა. გოლიც მარტივად გავუშვით. უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და შესაბამისად, მოწინააღმდეგემ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა".

"ვამაყობ ფეხბურთელებით., ფანებით, შტაბით, მთელი გუნდით... "სიტის" პირველ ნახევარში ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ გავძელით. ხოლო შესვენებაზე ჩემს ბიჭებს, რომლებმაც შეიძლება ჩათვალეს, რომ გავგიჟდი, ვუთხარი - "მანჩესტერ სიტი" ჩვენს ხელშია, რადგან მომენტები, რომლებიც შექმნა, ჩვენს შეცდომებს მოჰყვა, რომლებიც აღარ უნდა დავუშვათ" - გვითხრა კარანკამ.

მართლაც სასწაულებრივი მატჩი იყო "სენტ მერიზე", სადაც "წმინდანები" ორჯერ იგებდნენ, მაგრამ "კრისტალ პალასში" ახლად მისული ალან პარდიუ საოცრებების მოხდენას აგრძელებს. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ხუთივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა, უფრო კონკრეტულად კი, 30-წუთიან მონაკვეთში. დუბლით გამოირჩა მარუან შამახი, ხოლო "არწივების" ახალწვეული იაია სანოგო - გოლით და საგოლე პასით.

"დეზები" ანდროს თაუნსენდის მორიგი პენალტით კი იგებდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე ლეონარდო ულოამ ჯეფრი შლუპის პასით გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამებზე თავად შლუპმა შეაგდო გამარჯვებისა, ძალიან ეფექტური დარტყმით. "მელიებმა" აშკარად გამოიღვიძეს.

გილფი სიგურდსონის ძალიან ლამაზი გოლით "სუონსი" იგებდა, მაგრამ მე-7 წუთზე კაილ ბარტლი გააძევეს, ხოლო ბოლოს თავად ისლანდიელი. შუალედში "ბლექბერნმა" სამი მშვენიერი ბურთი გაიტანა და აქედან ერთი რუდი ჟესტიდის ანგარიშზეა, რომელიც პრემიერლიგის რამდენიმე ბინადრის სამიზნეა.

"არსენალმა" თითქოს, პირველივე ტაიმში მოაგვარა საქმე და "ბრაიტონს" 2:0-ს უგებდა. მერე და, ვინ გაიტანეს გოლები - თეო უოლკოტმა და მესუთ იოზილმა, ტრავმების მერე, არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნებულმა წყვილმა. შემდეგ "მეთოფეებმა" მაინც ანერვიულეს თავიანთი ქომაგები და ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათთვის მაინც კარგი დღე გამოვიდა.

1/16-ფინალი. IV რაუნდი
კემბრიჯი-მანჩესტერი 0:0

ბლექბერნი-სუონსი 3:1
გოლები: 0:1 სიგურდსონი (21), 1:1 ტეილორი (23), 2:1 ჟესტიდი (78), 3:1 კონვეი (89)
გაძევება: ბარტლი (7. სუონსი), სიგურდსონი (90. სუონსი)

საუთჰემპტონი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 1:0 პელე (9), 1:1 შამახი (11), 2:1 ს. დანი (16-ს.კ-ში), 2:2 იაია სანოგო (21), 2:3 შამახი (39)

ჩელსი-ბრედფორდი 2:4
გოლები: 1:0 კეჰილი (21), 2:0 რამირესი (38), 2:1 სტიდი (41), 2:2 ფილიპე მორაიში (75), 2:3 ჰოლიდეი (82), 2:4 იატესი (90+4)

დერბი-ჩესტერფილდი 2:0
გოლები: 1:0 ბენტი (20), 2:0 ჰიუზი (82)

პრესტონი-შეფილდ იუნ. 1:1
გოლები: 1:0 გალაჰერი (19), 1:1 დე ჯიროლამო (68)

ბირმინგემი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
გოლები: 0:1 ანიჩებე (25), 0:2 ანიჩებე (35)

კარდიფი-რედინგი 1:2
გოლები: 1:0 ჯოუნსი (25), 1:1 ნორვუდი (64), 1:2 რობსონ-კანუ (88)

სანდერლენდი-ფულემი 0:0
გაძევება: როდუელი (66. სანდერლენდი)

სიტი-მიდლსბრო 0:2
გოლები: 0:1 ბამფორდი (53), 0:2 კიკე (90+3)

ტოტენჰემი-ლესტერი 1:2
გოლები: 1:0 თაუნსენდი (19-პენ.), 1:1 ულოა (83), 1:2 შლუპი (90+2)

ლივერპული-ბოლტონი 0:0

ბრისტოლი-ვესტ ჰემი 0:1
გოლი: 0:1 სახო (81)

ასტონ ვილა-ბორნმუთი 2:1
გოლები: 1:0 ხილი (50), 2:0 ვაიმანი (50), 2:1 კ. უილსონი (90+3)

ბრაიტონი-არსენალი 2:3
გოლები: 0:1 უოლკოტი (2), 0:2 იოზილი (24), 1:2 ო’გრადი (50), 1:3 როსიცკი (59), 2:3 ბელდოკი (76)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
my name is......
პატრიკ ბამფორდი
23:39 26-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული