როგორ მივა ჩელსი მარტამდე?

AutoSharing Option

„ჩელსის“ საჩემპიონო ამბიციამ „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. რასაკვირველია, სეირის თვალსაზრისით ეს გახლდათ ბრწყინვალე მატჩი, მაგრამ ინგლისის ჩემპიონისთვის ბოლოწამს გოლის გაშვება და ორი ქულის დაკარგვა მძიმე იყო. არადა, ოთხი დღის წინ „ბოლტონთან“ გამარჯვებამ „ლურჯების“ თავკაც კარლო ანჩელოტის შეღავათი მისცა, მაგრამ, ვაგლახ - „სტემფორდ ბრიჯზე“ ბირმინგემელებთან ნათამაშები 3:3-ის შემდეგ მის მხრებს კვლავ დააწვა აუტანელი სიმძიმე.

 

ახლა, პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ჩელსი“ მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩება, რიცხვებს მიღმა კი იგრძნობა, რომ თუ გუნდმა თამაში არ

გააუმჯობესა, შესაძლოა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც ვერ მოხვდეს.

თვალშისაცემი იყო, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ „ლურჯების“ წამყვანი ფეხბურთელები ერთმანეთს უღრენდნენ. დაცვის უსუსურობამ განსაკუთრებით მეკარე პეტრ ჩეხზე იმოქმედა. შემდეგ, ჯონ ტერიმ და დიდიე დროგბამ გააბეს ცხარე კამათი.

 

პრეს-კონფერენციაზე ანჩელოტიმ თქვა:

„ჩვენ თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამას უკვე ვაკეთებთ“.

გაზეთები კი წერენ, რომ თუ ჩემპიონი ახლავე მოგებებს არ დაიწყებს, მისთვის ტიტულის ამბავი 1 მარტამდე გადაწყდება - 1 მარტს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. ეს დეკემბრიდან გადადებული თამაშია. თეორიულად, ინგლისის ჩემპიონის ბედი სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მანჩესტერელთა და ლონდონელთა შეხვედრებმა შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგონ. თუმცა, ანჩელოტი „იუნაიტედთან“ ჯერ კიდევ შორეულ შეხვედრაზე ლაპარაკს ამთავითვე არ ერიდება:

„ჩვენ მანჩესტერელები უნდა დავამარცხოთ და ეს შედეგი საჩემპიონო რბოლაში თავის სიტყვას იტყვის. გარწმუნებთ, ჯერ კიდევ არ გარკვეულა ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი.

 

ტიტულისთვის დავაში ჩვენ კიდევ სერიოზულად ჩავერევით. ბოლო წამებში დაშვებული შეცდომის გამო დღეს ორი ქულა დავკარგეთ და ეს ძალიან საწყენი იყო. ყურადღება მსაჯის სასტვენამდე არ უნდა მოგვედუნებინა. განსაკუთრებით იმიტომ მწყდება გული, რომ შესვენების შემდეგ ძალიან დიდი ძალა დავხარჯეთ და თამაშის ბედი მართლაც შემოვატრიალეთ, გვეგონა თავი ქუდში გვქონდა, მაგრამ ერთმა წამმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“.

„ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრაში ანგარიში ფრენკ ლამპარდმა პენალტით გახსნა.

 

ეშლი იანგმა პენალტითვე გაქვითა, რასაც ემილ ჰესკის გოლი მოჰყვა და სტუმრები დაწინაურდნენ. თამაშის ბოლო წუთებში კი დრამა დატრიალდა: ჯერ დიდიე დროგბამ გაათანაბრა, მერე ჯონ ტერიმ „ჩელსი“ დააწინაურა. აქ, უკვე ყველას ყველაფერი გარკვეული ეგონა, მაგრამ კიერან კლარკმა შეხვედრას სულ სხვანაირი წერტილი დაუსვა.

ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კლარკი უმეთვალყურეოდ ლონდონელთა გადაჭარბებული ზეიმის გამო დარჩა. ანჩელოტის ამის შესახებაც ჰკითხეს.

„არა, ტერის გოლი გადაჭარბებულად არ გვიზეიმია. ეს იყო ჯანსაღი რეაქცია მნიშვნელოვან ამბავზე - უპასუხა ანჩელოტიმ - სამწუხაროდ, მას მერე შეცდომა მოგვივიდა“.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო. ამ შეხვედრებში „ლურჯებმა“ არც მეტი, არც ნაკლები 20 ქულა დაკარგეს. „ჩელსის“ მწვრთნელმა განაგრძო: „დღეს, მოწინააღმდეგეს ბურთის საჯარიმოში იოლად ჩამოწოდების საშუალებას ვაძლევდით. ცუდადაც ვმეურვეობდით, თუმცა, მეორე ტაიმი მაინც კარგი გამოვიდა.

 

მოკლედ, პრობლემები ძირითადად დაცვაში გვაქვს. ჯეფრი ბრუმამ ცუდად სულაც არ ითამაშა, მაგრამ ალექსის და ივანოვიჩის გარეშე მაღალ ბურთებს უღონოდ ვხვდებოდით.

 

სწორედ ასე გავუშვით მეორე გოლი. მესამე კი სხვანაირი იყო, ის ყურადღებას მოითხოვდა“.

ალექსმა, მოგეხსენებათ, ბრაზილიაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციიდან ერთი თვეა გასული და ის უკვე ლონდონში ბრუნდება. თავიდან ამბობდნენ, თითქოს 28 წლის მცველს რვაკვირიანი მკურნალობა დასჭირდებოდა, მაგრამ, არ არის გამორიცხული, საქმე უკეთ წავიდეს.

„ჩვენ მას დავაკვირდებით - თქვა ანჩელოტიმ - საერთოდ, არ მიყვარს ლაპარაკი კერძოდ რომელი ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ რამდენიმე ძალიან რომ გვაკლია, ამას ვადასტურებ“.

და, რაკიღა „ჩელსის“ შესახებ ამდენი ვილაპარაკეთ, ორი სიტყვით „ასტონ ვილასაც“ შევეხოთ. ჟერარ ულიეს გუნდისთვის ასეთი ფრე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ქულა მოიტანა და სახიფათო ზონას მაინცდამაინც ვერ მოაშორა. ულიემაც ეს თქვა:

„არ არის გამორიცხული, დღევანდელი ამბავი ახალი ცხოვრების ათვლის წერტილად იქცეს.

 

ამ სეზონში ბევრი ქულა ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო დავკარგეთ. ამჯერად ბოლო წუთზე ჩვენ გავიტანეთ და ამან გამახარა“.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული