„მანჩესტერ სიტი“ „ვოლფსბურგის“ ვარსკვლავ ედინ ჯეკოში 27 მილიონი ფუნტის გადახდას დაყაბულდა. ცნობისთვის: 27 მილიონი ფუნტი 31,48 მილიონი ევროა. ისტლენდელები იმედოვნებენ, რომ 24 წლის ბოსნიელი კვირის ბოლოსთვის უკვე მათი ფეხბურთელი იქნება. როგორც ირკვევა „სიტის“ წარმომადგენლებმა ინგლისელი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის გერმანული გუნდის შეფებთან გასულ უქმეებზე დაწვრილებით განიხილეს ყველა წვრილმანი. ამბობენ, რომ ლაპარაკია ხუთწლიან ხელშეკრულებაზე რომელიც თავდამსხმელს კვირაში 100 ათას ფუნტს მოუტანს.
თუმცა, ბრიტანული პრესა წერს, რომ ტრანსფერი ხორცს უფრო სწრაფადაც შეისხამდა ორშაბათს ქვეყანაში ეგრეთ წოდებული „ბანკის უქმე“ რომ არ გამოეცხადებინათ და „მანჩესტერ
და თუ ტრანსფერი განხორციელდება, როდის შეძლებს ბოსნიელი პირველი შეხვედრის ჩატარებას პრემიერლიგაში? სავარაუდოდ, ეს 15 იანვარს, „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“, „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ თავიდან „ვოლფსბურგსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ვაჭრობა რთულად მიმდინარეობდა. გერმანული კლუბი თავდამსხმელში 38 მილიონ ფუნტს ითხოვდა, რასაც „სიტი“ ცოცხალი თავით არ იხდიდა. საბოლოოდ, 27 მილიონზე შეთანხმება მანჩესტერელთა კომერციულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, უნდა დავძინოთ, რომ ჯეკოს შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, რომელთა შორის ყველაზე მეტად „იუვენტუსი“ აქტიურობდა. „ტეპლიცედან“ „ვოლფსბურგში“ გადასვლის შემდეგ ბოსნიელმა თავდამსხმელმა 111 შეხვედრაში 66 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 10 გოლი შეაგდო.
ედინ ჯეკოს ისტლენდზე გადასვლა როკე სანტა კრუსისა და ემანუელ ადებაიორის გასხვისებას გაამართლებს.
ბოსნიელის ყიდვას დიდი სიხარულით ეგებება გერმანიის ნაკრების მცველი ჯერომ ბოატენგი, რომელიც მას ბუნდესლიგიდან იცნობს და ასე ამბობს:
„ჯეკო ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. გუნდში ასეთი ფეხბურთელის დამატება ყველას უხარია. ის „მანჩესტერ სიტის“ გააძლიერებს. მე ბუნდესლიგაში ჯეკოს წინააღმდეგ თამაში რამდენჯერმე მომიწია. თავად „ჰამბურგში“ გახლდით, ის „ვოლფსბურგში“ იყო და მისი ძალა და ოსტატობა საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი. ჯეკომ გაგვიტანა. სხვათა შორის, მის პერსონალურ მეურვეობას მე მავალებდნენ. ჩემი და მისი დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო ფიზიკურ ორთაბრძოლაში მიდიოდა. მას ბურთის ფლობის უბადლო უნარი აქვს და ჯან-ღონით აღსავსე სხეულსაც შესანიშნავად ფლობს. ვერ ვიტყვი, რომ ედინ ჯეკო სწრაფი ფორვარდია, მაგრამ მეტოქის კართან ძალიან სახიფათოა და პარტნიორებს შესანიშნავად უგებს“.
.